Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-მუქარა ზაზა კოშკაძეს - რატომ ეშინია და რას ითხოვს პოეტი სამართალდამცავებისგან


მუქარის შინაარსის შემცველი გზავნილი პოეტმა ზაზა კოშკაძემ* მესენჯერით პირველად შარშან, დეკემბერში მიიღო. გზავნილის ავტორი ზაზას შვილს, არასრულწლოვანს, პედოფილური შინაარსის ტექსტით ემუქრებოდა. გზავნილი კიდევ უფრო შორს მიდიოდა - ბავშვის „ნაწლავებით ნაძვის ხეს მოვრთავ“, - იმუქრებოდა გზავნილის ავტორი.

ზაზა კოშკაძე
ზაზა კოშკაძე

„გახსოვთ ალბათ, მარტში, თბილისში, 12 წლის ანა რომ იპოვეს გარდაცვლილი. დილით ვიღვიძებ, ვხსნი სოციალური ქსელს და ეს ამბავი მხვდება. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ჩემი შვილის მოსახელე, ზუსტად ჩემი შვილის ასაკის ბავშვი. სანამ გავარკვიე, რა ხდებოდა, ათასი რამ წარმოვიდგინე. ამ ადამიანმა თავისი მუქარით მოახერხა, რომ ჯოჯოხეთში მაცხოვრებს“, - ყვება ზაზა კოშკაძე.

იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, გუგა ბაგალიშვილისგან მიღებული მესიჯები მან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის IV სამმართველოში თებერვალში მიიტანა:

„მითხრეს, რომ ეს არის მუქარა, სისხლის სამართლის დანაშაული და კანონით დასჯადი ქმედება. ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ უკვე დამდგარ ფაქტზე, დანაშაულზე იწყება ხოლმე გამოძიება და რეაგირება. ამიტომ მინდა, რომ ამ ადამიანს სათანადო, კანონის შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს. შედგეს სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მე მეტი არაფერი მინდა“.

ზაზა კოშკაძის ადვოკატი, გვანცა ცატავა ყვება, რომ სამართალდამცავებმა მუქარის შინაარსის შემცველი გზავნილები თავდაპირველად მხოლოდ უხამსობად მიიჩნიეს და მუქარის მუხლით გამოძიების დაწყების აუცილებლობა ვერ დაინახეს: „დეკემბერში თუ მოგწერათ მესიჯი, ახლა თებერვალია და აქამდე რამის გაკეთება თუ უნდოდა, ხომ გააკეთებდა, ეს უხამსი წერილებია და გაფრთხილებით შემოვიფარგლებითო“.

თუმცა, მარტში, როდესაც უკვე ამერიკაში მყოფმა ზაზა კოშკაძემ გუგა ბაგალიშვილისგან ერთდღიანი ინტერვალით კვლავ მიიღო ანალოგიური, მუქარის შემცველი გზავნილები, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო:

„რა თქმა უნდა, ეს მესიჯები მაშინვე წარვადგინე პოლიციაში და უკვე ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება“, - ამბობს გვანცა ცატავა.

ადვოკატის ინფორმაციით, გუგა ბაგალიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, თუმცა, მისივე თქმით, საქმე მას შემდეგ ადგილიდან აღარ დაძრულა:

„ეს მუქარა მიმართულია არასრულწლოვნისკენ. რაც მთავარია, ადამიანი იმუქრება იმის გამო, რაც რეალობაში არ არსებობს, რაც არის მისი ფანტაზიის ნაყოფი და რაც მეტყველებს მის არამდგრად ფსიქიკაზე. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მან ეს მუქარა სისრულეში მოიყვანოს. ჩვენ შედეგს ხომ ვერ დაველოდებით? მუქარა, უკვე დანაშაულია. სამივე ტექსტში, რომელიც ლევანმა ამ ადამიანისგან მიიღო, არის ღია და პირდაპირი მუქარა, რომ შვილს გაუუპატიურებს, ნაწლავებით მორთავს ნაძვის ხეს. ეს რომ მხოლოდ ზაზას ეხებოდეს, შესაძლოა, მას არც კი მიემართა სამართალდამცავებისთვის, მაგრამ საქმე ეხება მის არასრულწლოვან შვილს, ბავშვს, რომლის მიმართაც არაერთხელ დააფიქსირა ამ ადამიანმა მუქარა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ კვლევის დეტალები არ გაამხილეს. მათ შორის, მაგალითად, ამ მომენტისთვის, დადასტურებულია თუ არა უკვე ზაზა კოშკაძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნამდვილობა.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა გუგა ბაგალიშვილის ადვოკატს, ტარიელ მურმანიშვილს. ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა და ის უსამართლოდ გახდა ბულინგის მსხვერპლი:

ტარიელ მურმანიშვილი
ტარიელ მურმანიშვილი

„გუგა როგორც ამბობს, არ ახსოვს, რომ მას ასეთი რამ გაეკეთებინა. არ გაუკეთებია, გამოძიებას ჯერ არაფერი დაუდგენია. საიდან აქვს გუგას მიწერილი სქრინები ამ ადამიანს? რა იცის, რომ გუგამ მისწერა? გუგა ამბობს, რომ ასეთი რაღაცები არ იცის, გამოძიებას არაფერი აქვს ჯერ დადგენილი. უდანაშაულოა. მას ეს არ გაუკეთებია … ამ დეზინფორმაციის გამო გუგა თვითონ დაზარალდა მორალურად და ასევე, სამსახურში შეექმნა პრობლემები“.

მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში, ზაზა კოშკაძემ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა ინფორმაცია მუქარის შესახებ, გუგა ბაგალიშვილს, რომელიც მუსიკოსია, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორებმა უარი უთხრეს კონცერტებში მონაწილეობაზე: „გუგამ ამის გამო განცხადებით მიმართა პოლიციას, რომ აქეთ მაბულინგებენო“, - გვეუბნება ადვოკატი.

ბოლო პერიოდში, ონლაინ მუქარის საქმეზე მოქალაქისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დამნაშავედ ცნობის ყველაზე გახმაურებული ფაქტი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უკავშირდება.

„არაა, ეს ... თეა წულუკიანი უნდა დავმარხო... საფლავსაც ვერავინ ნახავს შენსას, სიტყვას გაძლევ“, - ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკში ქეთევან გაბიანმა გასული წლის თებერვალში.

მალევე, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ქეთევან გაბიანის წინააღმდეგ მუქარის, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, გამოძიება დაიწყო და საბოლოოდ, 2023 წლის თებერვალში, მოსამართლემ ის დამნაშავედაც ცნო.

გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც მან მალევე წაშალა, ქეთევან გაბიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 2000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი მშვენიერაძე, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან განმარტავს ონლაინ სივრცეში, სოციალური ქსელების გამოყენებით შეურაცხყოფისა და მუქარის განმასხვავებელ ნიშნებს და ხსნის, რა შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ რეაგირება სამართალდამცავებს:

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

„თუკი შეურაცხყოფა, უხამსი გზავნილები ონლაინ, სოციალური ქსელების გამოყენებით ხდება, ამ შემთხვევაში, აქ ვერ იმოქმედებს ის სამართლებრივი სტანდარტი, რაც რეალურ სიტუაციაში მოქმედებს, რადგან ძალადობის პირდაპირი და აშკარა საფრთხე არ არსებობს. თუკი ადამიანი გაყენებს შეურაცხყოფას ჩატში, გათიშე, დაბლოკე. ამიტომ ვთვლი, რომ კანონმდებელს ნაკლები საშუალება უნდა ჰქონდეს ამ ტიპის ურთიერთობებში ჩარევის.

მაგრამ სხვა შემთხვევაა, როდესაც საქმე ეხება მუქარას, მაგალითად, დაგიწვავ ქონებას, მოგკლავ, გცემ. თუკი ეს გზავნილები ადამიანში წარმოშობს შიშს, ეს შეიძლება იყოს სამართალდარღვევა, რასაც მუქარა ჰქვია კანონის ენაზე და არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - გვიხსნის გიორგი მშვენიერაძე.

მუქარა, რომელიც სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.

* ზაზა კოშკაძე პოეტის ფსევდონიმია. ზაზა კოშკაძის სახელი და გვარია ლევან ცერცვაძე.

XS
SM
MD
LG