საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ზუგდიდის ცხრა საუბნო საარჩევნო კომისია თითო წევრმა დატოვა. მათ ოფიციალურ წერილობით განცხადებებში, რომლითაც საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს, მიზეზად დასახელებულია ოჯახური მდგომარეობა და ჯანმრთელობის პრობლემები. 51-ე და 61-ე საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებმა კი სამსახურიდან წასვლა საზღვარგარეთ გამგზავრებით ახსნეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლა და მათი დაშინება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ხდებოდა.პაატა ლაგვილავა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის მტკიცებით, ოფიციალურად დასახელებული მიზეზები ფორმალურია, რადგან საარჩევნო კომისიებიდან წასული წევრები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ არ სურდათ „ქართული ოცნებისგან“ მიღებული უკანონო დავალებების შესრულება. „ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია და ძალიან კარგი პოზიტივი, რაც აჩვენებს იმას, რომ ქართულ ოცნებას ეს არჩევნები წაგებული აქვს“ - განაცხადა ანა წითლიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად არ მიაწოდეს ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის შესახებ, სადაც საუბნო კომისიებიდან წასული წევრების განცხადებები უნდა განეხილათ. ამას უარყოფს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მისი განმარტებით, სხდომის დღის წესრიგი წინასწარ იყო ცნობილი და კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელს შეეძლო წითლიძისთვის ეს ეცნობებინა. მირანდა მესხის განცხადებითვე, საოლქო კომისიაში არ ფლობენ ინფორმაციას, საუბნო კომისიის წევრებზე რაიმე ზეწოლის შესახებ.
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდება უარყო სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლა და მათი დაშინება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ხდებოდა. ლაგვილავას შეფასებით, ეს პარტია აგონიაშია, რადგან კარგად იცის, რომ მეორე ტურში მარცხდება.
ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიებში ვაკანტური ადგილების დაკავების მსურველებს საოლქო კომისიისთვის მიმართვის ვადა უკვე ამოეწურათ. ახალ წევრებს საოლქო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს.