21 თებერვალს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა, გერგეთის ქუჩაზე, თამილა ქიმუცაძის სახლი სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლებთან ერთად დაანგრიეს. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, სოციალურად დაუცველმა რამდენიმე ოჯახმა, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე სახლების მშენებლობა უკანონოდ დაიწყო, არაერთი გაფრთხილების შემდეგ კი ინსპექციამ მათი სახლები დაანგრია.
თამილა 25 წელია ქირით ცხოვრობს. ჰყავს 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მისი ქმარი მძღოლია. ოჯახი ამჟამად ნაძალადევის რაიონში, ნაქირავებ ბინაში, 12 კვადრატულ მეტრ ფართში ცხოვრობს.
თამილა ქიმუცაძემ და მისმა ქმარმა მთაწმინდის რაიონში, გერგეთის ქუჩაზე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, 48 კვადრატული სახლის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყეს. ახლობლების დახმარებით, ბანკიდან 13 ათასლარიანი სესხი აიღეს. სახლის მშენებლობას სწორედ ამ ფულით შეუდგნენ. თებერვლისთვის სახლი გადახურეს, კარ-ფანჯრები ჩასვეს და მალე ახალ სახლში გადასვლას გეგმავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, მიწა, რომელზეც სახლს აშენებდნენ, მათ არ ეკუთვნოდათ, ამბობენ, რომ მათ არც წერილობითი და არც ზეპირი გაფრთხილება არ მიუღიათ, რომ სახლების მშენებლობა შეეწყვიტათ:
„წლებია ნაქირავებში ვცხოვრობ. გამგეობამაც იცის ჩვენი გასაჭირის შესახებ, უსახლკაროს სტატუსიც მაქვს მონიჭებული, მითხრეს, ახლა ვერ დაგეხმარებით და სადმე შეიჭერითო, აი, პირდაპირ ასე მითხრეს. ახლა კი მოვიდნენ და სახლი დამინგრიეს. არავის გავუფრთხილებივართ. ამ დილით დამირეკეს აქ მცხოვრებმა სხვა სოციალურად დაუცველებმა, მოდი, შენი სახლი დაანგრიესო. სახლი გადახურული იყო, ფანჯრებით და კარით გამართული. იმის საშუალება მაინც მოეცათ, რომ დაგვეშალა სახლები. კარ-ფანჯრები ჩამოგვეხსნა. ათი წელია მერიაში განცხადება მაქვს დაწერილი, მაგრამ არაფერი შედეგი. ვნახეთ, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე, სოციალურად დაუცველები სახლებს აშენებდნენ, ჩვენც ავიღეთ სესხი და დავიწყეთ სახლის შენება“.
თამილა ქიმუცაძესთან ერთად, სახელმწიფოს კუთვნილ 3000 კვადრატულ მეტრ ფართზე, სახლებს სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახები აშენებდნენ.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, ლევან ჯღარკავა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვერ აკონკრეტებს, რამდენი სახლის დემონტაჟი განხორციელდა გერგეთის ქუჩაზე. ამბობს, რომ ერთი სახლი გადახურული იყო, რამდენიმე ნახევრად აშენებული, ზოგის საძირკველი იყო ჩაყრილი. უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლები გაუფრთხილებლად დაანგრიეს.
რატომ არ შეუშალა ხელი მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების მშენებლობას ჯერ კიდევ დასაწყისშივე და რატომ მიიღო სახლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილმა სახლები გადახურა, ამ კითხვაზე, ლევან ჯღარკავა რადიო თავისუფლებას პასუხობს, რომ უწყებამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა მშენებლობის მწარმოებელი პირების იდენტიფიცირება. მისი მტკიცებით, უკანონო მშენებლობა ინსპექციამ ერთი თვის წინ აღმოაჩინა. და სწორედ ამ ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა ინსპექცია სახლების მეპატრონეების მოძიებას. თუმცა, როგორც თამილა ქიმუცაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გერგეთის ქუჩაზე სახლის მშენებლობა მათ ოთხი თვის წინ, ოქტომბერში დაიწყეს. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველმა სხვა ოჯახებმა სახლების მშენებლობები კიდევ უფრო ადრე დაიწყო.
გერგეთის ქუჩაზე მცხოვრები, ასევე სოციალურად დაუცველი თამარ მატიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მუნიციპალური ინსპექციის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების წარმომადგენელი, მიხეილ ოკუჯავა, საქმის კურსში იყო გერგეთის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ. თამარ მატიაშვილის მტკიცებით, ორი-სამი თვის წინ, მიხეილ ოკუჯავამ სწორედ მას სთხოვა, რომ მოეგროვებინა იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების დოკუმენტები, რომლებიც გერგეთის ქუჩაზე სახლებს აშენებდნენ, რათა მუნიციპალური ინსპექცია დარწმუნებულიყო, რომ ტერიტორიაზე მშენებლობას მართლაც სოციალურად დაუცველი ოჯახები ახორციელებდნენ.
თამარ მატიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, ის მიხეილ ოკუჯავას ტელეფონით ელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს, ანუ 24 თებერვალს, მიაწვდიდა ყველა იმ სოციალურად დაუცველი ოჯახის ვინაობას, რომლებიც სახლებს აშენებდნენ:
„ვილაპარაკეთ, ვუთხარი, რომ ორშაბათს ყველა საბუთს მივუტანდი, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მშენებლობას მართლაც სოციალურად დაუცველები ახორციელებდნენ. მითხრა, კარგი, მე არ ვწყვეტ ამ საკითხებს, უფროსობას შევატყობინებ და დაგირეკავთ და შევთანხმდეთ ორშაბათს შეხვედრაზეო და მოვიხედეთ და დღეს ეს მოხდა. ამ დრომდე, ოფიციალურად არავინ გაუფრთხილებიათ, არავინ დაუჯარიმებიათ“.
მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, ლევან ჯღარკავა სიცრუეს უწოდებს თამარ მატიაშვილის ინფორმაციას მიხეილ ოკუჯავასთან საუბრის შესახებ:
„პირდაპირ გეუბნებით, ეს არის სრული სიცრუე, იქიდან გამომდინარე, რომ რაც არ უნდა საბუთი წარედგინათ, მათ იქ მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავინ მისცემდა. ჩვენ ვითხოვდით ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, რათა დაგვედგინა, ვინ არღვევდა კანონს. ამ ადამიანებმა არ დაასახელეს მათი ვინაობა. სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა სახლების დემონტაჟი, რადგან ეს არავის ეპატიება“.
ამასვე ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ოკუჯავა: „აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ხდებოდა თვითნებურად უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება. სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული სამართალდამრღვევი პირი. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ“.
გერგეთის ქუჩაზე, იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ათამდე სოციალურად დაუცველი ოჯახი სახლებს აშენებდა, ჯამში სულ 50-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.