Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჭამენ ბავშვები საბავშვო ბაღებში?


საბავშვო ბაღებში საკვების ხარისხს რამდენიმე დამოუკიდებელი უწყება ერთდროულად ამოწმებს და მიუხედავად ამისა, მაინც არ არის გამორიცხული, რომ ბაღებში ვადაგასული ან არასათანადო პირობებში დამზადებული პროდუქტი მოხვდეს.

“არაჟანი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმებს - მათ შორის მცენარეულ ცხიმებს, ხოლო ყველში დადასტურებულია რძის ფხვნილის შემცველობა....რეკომენდაციას გიწევთ მოახდინოთ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების დროებით შეჩერება და მენიუ ფაქტურის ცვლილება” - წერს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი 26 მარტს 111-ე ბაღს, რომელიც სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში მდებარეობს.

111-ე საბავშვო ბაღთან ერთად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 12 სხვა ბაღიც შეამოწმა. დარღვევა მხოლოდ ამ ერთ ბაღში აღმოჩინა, სხვაგან პროდუქცია უნაკლო იყო. მომწოდებელმა კომპანიამ საკონტროლო სინჯების აღება ითხოვა და მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაახლოებით 1 კვირაში იქნება ცნობილი.

ბაღებისთვის პროდუქტების მიმწოდებელი კომპანია “ნილი” 2019 წლის დასაწყისში,30 000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ერთ-ერთი საბავშვო ბაღის საკვების სინჯებში 4 გადაცდომა დაფიქსირდა. ერთ-ერთი დარღვევა მაშინაც ყველის ნიმუშში რძის ნაცვლად რძის ფხვნილის არსებობა იყო, დანარჩენი სამი კი თევზის ფილესა და ხაჭოს ნაკლებ ცხიმიანობას, ასევე ტომატის პასტის ხარისხს ეხებოდა.

ამ ჯარიმის დაკისრების შეფასებისას თბილისის ვიცე-მერმა ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი დარღვევები საგანგაშო, სიცოცხლისათვის საშიში არ იყო, თუმცა კონტრაქტორი ვალდებული იყო სახელმწიფოს დაწესებული სტანდარტები ზედმიწევნით დაეცვა, განსაკუთრებით როცა საქმე საბავშვო ბაღების მომარაგებას ეხება.

“მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მოულოდნელ შემოწმებებს, მიუხედავად იმ ათასობით შემოწმებისა, რომლებიც ბაღებში ისედაც ტარდება. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი შვილები კარგად და ჯანსაღად იკვებებიან და მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება” - თქვა მაშინ თბილისის ვიცე-მერმა.

საბავშო მენიუში არსებულ ყველში რძის მაგივრად რძის ფხვნილის და კარაქში მცენარეული ცხიმების არსებობას დღესაც ბავშვებისთვის უვნებელ, მაგრამ ხელშეკრულების პირობებთან შეუთავსებელ დარღვევად აფასებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

“ ბაღებში პროდუქტი რომ შედის, შესაძლოა ბევრი რამის გამო არ მიიღონ, მაგალითად, ხორცი, რომელიც განკუთვნილი იყო გუფთისთვის, თუ მეტად ძვლიანი იქნება, ან ყველი ზედმეტად მარილიანი, მომწოდებელ კომპანიას ეძლევა გაფრთხილება და ამ ტიპის წერილები ხშირად იწერება, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.” - აცხადებენ უწყებაში.

ბაღებში საკვების ხარისხს გარდა ბაღის წარმომადგენლებისა და თავად მომწოდებელი კომპანიისა, რომელიც ვალდებულია თვეში ერთხელ პროდუქციასთან ერთად ლაბორატორიული კვლევის ოქმი წარადგინოს, სურსათის ეროვნული სააგენტოც ამოწმებს.

2018 წელს სააგენტომ 1300-მდე ბაღი შემოწმება და დარღვევა 160 მათგანში იპოვა. ტიპური დარღვევები ასეთია:

  • მწერები იმ სათავსში, სადაც სურსათის წარმოება-გადამუშავება ხდება;
  • ნაწილაკების ცვენა დაკიდული კონსტრუქციიდან, სადაც სურსათის წარმოება და გადამუშავება მიმდინარეობს;
  • ხორცის შენახვა ტემპერატურული სტანდარტის დარღვევით;
  • შენობა, რომელიც არ იძლევა სურსათის სუფთად შენახვის შესაძლებლობას;
  • საწარმოს ისეთი კედლები, ჭერი ან იატაკი, რომელიც არ ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას;
  • მზარეული, რომელიც არ გადის სწავლებას სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით სათანადო სიხშირით;
  • ვადაგასული პროდუქტების მიწოდება;
  • არასათანადო ეტიკეტები პროდუქტზე.

ბაღებში საკვების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების შედეგად სხვადასხვა ბიზნესოპერატორებს სახელმწიფომ ჯამში 57 000 ლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა. რამდენიმე საწარმოს შეუჩერდა საქმიანობის ლიცენზიაც. სანიტარული და საკვების უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა ბევრად დრამატულია რეგიონებში, ვიდრე თბილისში. ჩამოთვლილი დარღვევების უმეტესობა სწორედ რეგიონებშია აღმოჩენილი.

XS
SM
MD
LG