პაველ დუროვი კვირაში ორჯერ პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეს, 5-მილიონევროიანი გირაო გადაიხადოს და არ დატოვოს საფრანგეთი სასამართლოს დასრულებამდე.
80-საათიანი წინასწარი პატიმრობიდან ის 28 აგვისტოს გაათავისუფლეს. დუროვის წინააღმდეგ გამოძიება ახლა 12 მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა:
- ორგანიზებული ბანდების მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული ხასიათის სურათების გავრცელებაში, ნარკოტრეფიკინგში, თაღლითობასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში თანამონაწილეობა
- „ტელეგრამზე“ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის უკანონო ტრანზაქციების დაშვება
- უარი სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე
დუროვის დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს.
„აბსურდია, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელი ჩართული იყოს იმ დანაშაულებში, რასაც ამ პლატფორმაზე სჩადიან“, - განაცხადა დანიელ-ოლივიე კამინსკიმ, პაველ დუროვის ადვოკატმა საფრანგეთში და დასძინა, რომ „ტელეგრამი“ „ყველა თვალსაზრისით ემორჩილება ევროპული ციფრული ტექნოლოგიის წესებს“.
ამასობაში საქმემ გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა - ჯერ კიდევ 24 აგვისტოს, პაველ დუროვის დაკავების დღეს, განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სადაც უარყო, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.
მას არ დაეთანხმა კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი:
„ჩვენ კომუნიკაციის თავისუფლების შეზღუდვის პირდაპირი მცდელობის მომსწრენი ვართ და შეიძლება ითქვას, დიდი კომპანიის ხელმძღვანელის პირდაპირი დაშინების“, - თქვა 27 აგვისტოს, დუროვის წინასწარი პატიმრობისას, დმიტრი პესკოვმაც.
იმავე აზრზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და სოციალურ ქსელ X-ის (წარსულში „ტვიტერი“) მფლობელი ილონ მასკიც. Მასკმა ასეთი ეჭვიც გამოთქვა - ცოტა ხანში ევროპაში „მიმის“ მოწონებისთვისაც დასჯიანო.
„ტელეგრამი“ და გამოხატვის თავისუფლება
„ტელეგრამი“ იქ განთავსებული მასალის კონტროლით არასდროს გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი, მის კონკურენტ სოციალურ ქსელებსა თუ მესიჯების აპლიკაციებს შევადარებთ.
მაგალითად, მარკ ზაკერბერგის „მეტას“, რომელიც „ფეისბუკს“, „ვოთსაფსა“ და „ინსტაგრამს“ ფლობს, მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰყავს 40 ათასი თანამშრომელი, „ტელეგრამს“ კი სულ 50 თანამშრომელი ჰყავს. დუროვი ამით თავს იწონებს.
11 წლის წინ დაარსებულ „ტელეგრამს“ ამჟამად 900 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, სადაც მას მოსახლეობის სამი მეოთხედი იყენებს, და მის სხვა მეზობელ ქვეყნებში. „ტელეგრამი“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა ირანშიც, სადაც მას 40 მილიონი ადამიანი იყენებს.
აპლიკაციას ორი მთავარი დანიშნულება აქვს - ერთი უბრალოდ მომხმარებლებს შორის პირად ან ჯგუფურ მიმოწერას გულისხმობს, მეორე კი - დიდ ჯგუფებში ინფორმაციის გავრცელებას.
სწორედ ამ ფუქნციამ აქცია „ტელეგრამი“, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ უამრავი ადამიანისთვის, მეორე მხრივ კი - არალეგალური მასალის გავრცელების პლატფორმად.
„ტელეგრამის“ მიერ მსგავსი მასალის უკონტროლობა აქამდეც ყოფილა განსჯის საგანი. გასულ წლებში არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლებმაც ეს პრობლემა გამოავლინა.
BBC-ის 2019 წლის გამოძიების თანახმად, „ტელეგრამი“ ერთ-ერთი იყო იმ აპლიკაციებიდან, რომლის მოხმარებაც გაიზარდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებში მას შემდეგ, რაც ე.წ. ბნელ ქსელზე (dark web) წვდომა შეიზღუდა.
სწორედ „ტელეგრამზე“ ვრცელდებოდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი სურათები და მოპარული საკრედიტო ბარათების მონაცემები.
კვლევის ავტორების თანახმად, შექმნილი იყო დახურული ჯგუფები, რომელთა პოვნაც ამა თუ იმ საძიებო სიტყვით იყო შესაძლებელი. ჯგუფებში კი „ბავშვების ასობით უღირსი სურათი ვრცელდებოდა“. იმავე კვლევაში წარმოდგენილი იყო „ტელეგრამის“ პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ამგვარი მასალა პლატფორმაზე აღმოჩენიდან ერთი საათის ვადაში იშლებოდა.
„აქტიურად ვაკონტროლებთ მავნე მასალას ჩვენს ინტერნეტპლატფორმაზე, მოდერატორები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის საშუალებებს და ყოველდღიურად იღებენ მომხმარებლის მესიჯებს, რათა წაშალონ მილიონობით მესიჯი, რომლებიც არღვევს “ტელეგრამის” მოხმარების წესებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ტელეგრამის“ წამომადგენელმა, რემო ვონგმა.
თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩება. ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა „ტელეგრამზე“ აღმოაჩინა შარშან ჩატარებულმა სტენფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ობსერვატორიის ანგარიშმაც.
თანაც, საფრანგეთი პირველი ქვეყანა არაა, რომელიც „ტელეგრამის“ მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობაზე ჩივის.
2019 წელს, როცა ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ BBC-ის გამოძიება გამოქვეყნდა, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის სამსახურში ამბობდნენ, რომ „ტელეგრამმა“ მათ შეკითხვებს სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით ამომწურავი პასუხები არ გასცა.
უწყება „ტელეგრამს“ და მის კონკურენტებს დეზინფორმაციისა და მემარჯვენე ექსტრემიზმის შესახებ ჩატარებული გამოძიებისას დაუკავშირდა. 2022 წელს გერმანიამ „ტელეგრამი“ გერმანული კანონების დაუმორჩილებლობის გამო 5,1 მილიონი ევროთი დააჯარიმა, 2023 წელს კი საგამოძიებო პლატფორმა VSquare-მა „ტელეგრამი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ წყაროდ დაასახელა.
„ტელეგრამი“ აქტიურად გამოიყენებოდა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვისაც, მათ შორის, საქართველოში.
სადილი მაკრონთან და „უცხოელი ემერიტუსი“
პაველ დუროვს, რომლის ქონებაც 15 მილიარდ ევროდაა შეფასებული, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა.
მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ფრანგული გაზეთი Le Monde-ი იუწყება, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ემანუელ მაკრონი რუს ბიზნესმენს რამდენჯერმე შეხვდა.
ეს ფაქტი ნახსენები იყო პაველ დუროვის განაცხადში, რომლითაც მან საფრანგეთის მოქალაქეობა მოითხოვა და 2021 წელს მიიღო კიდეც გამარტივებული პროცედურის, „მოქალაქე ემერიტუსის“ საშუალებით.
„უცხოელი ემერიტუსის“ სტატუსს საფრანგეთი ანიჭებს ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ ფრანგულად და „წვლილი შეაქვთ საფრანგეთის გავლენის გაძლიერებაში“.
პაველ დუროვი ფრანგულად ნამდვილად საუბრობს, თუმცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც ჩანს, ვერ დაადგინა, როგორ უწყობდა ხელს რუსი წარმოშობის ბიზნესმენი საფრანგეთის გავლენის გაძლიერებას - სამინისტრომ მიიჩნია, რომ დუროვი არ აკმაყოფილებდა „უცხოელი ემერიტუსის“ კრიტერიუმებს.
ემანუელ მაკრონის გუნდი ადასტურებს, რომ 2018 წელს გამართული ლანჩისას დუროვმა საფრანგეთის პრეზიდენტს მართლაც ჰკითხა მოქალაქეობის შესახებ. საუბარია იმავე ლანჩზე, რომელზეც, გაზეთ Wall Street Journal-ის თანახმად, მაკრონმა დუროვს შესთავაზა „ტელეგრამის“ მთავარი ოფისის საფრანგეთში გადატანა.
ბელგრადში მყოფმა მაკრონმა 29 აგვისტოს თქვა, რომ დუროვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას არ ნანობს.
„მე მივანიჭე მოქალაქეობა დუროვს, რომელმაც ფრანგული ისწავლა, ზუსტად ისე, როგორც სპორტსმენებისა და ხელოვანების შემთხვევაში მოვიქეცი და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს კარგია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სერბ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფრანგული მედიის თანახმად, 2010-იანების შუაში ემანუელ მაკრონი „ტელეგრამის“ აქტიური მომხმარებელი იყო და სწორედ ამ პლატფორმას იყენებდა მხარდამჭერებთან კომუნიკაციისთვის. თუმცა 2023 წელს მიღებული კანონით, ფრანგ მაღალჩინოსნებს მხოლოდ დაცული ფრანგული აპლიკაციის, Olvid-ის გამოყენების უფლება აქვთ.
პაველ დუროვი, საფრანგეთის და რუსეთის გარდა, სენტ კიტსისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეცაა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ის ძირითადად დუბაიში ცხოვრობდა, თუმცა საფრანგეთშიც ხშირად ატარებდა დროს. დაკავების დღეს ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა, რის შემდეგაც აეროპორტშივე დააპატიმრეს.
რუსეთიდან წამოსული დუროვი სამშობლოს მაინც სტუმრობდა
ოფიციალური ვერსიით, პაველ დუროვი რუსეთიდან 2014 წელს წავიდა, როცა სოციალურ ქსელ VKontakte-ში თავისი წილი გაყიდა.
დუროვმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთში დამბრუნებელი აღარ იყო და გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „შვიდი მიზეზი, რატომ არ უნდა დაბრუნდე რუსეთში“, სადაც რუსეთის სასამართლო, განათლების და საგადასახადო სისტემას აკრიტიკებდა.
ბიზნესმენი იმასაც ამტკიცებდა, რომ წასვლამდე FSB სთხოვდა „ევრომაიდნის“ მონაწილეების პირადი მონაცემების გადაცემას.
მას შემდეგ ცნობილი იყო, რომ პაველ დუროვი რუსეთში მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის შემოდგომაზე ჩავიდა რამდენიმე დღით, რათა თავისი მონაცემთა ცენტრი გაეყიდა.
ახლა კი დამოუკიდებელი რუსული საგამოძიებო პლატფორმა, „მნიშვნელოვანი ამბები“ FSB-ს გამოჟონილ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დუროვი რუსეთში ბოლო ათ წელიწადში 50-ზე მეტჯერ ჩასულა.
თანაც დუროვს არ უცდია საკუთარი კვალის დამალვა - სანქტ-პეტერბურგიდან ევროპისკენ რუსეთის სახელმწიფო ავიახაზების, „აეროფლოტის“ კომერციული რეისებით დაფრინავდა.
პაველ დუროვს კრემლთან მაინც რთული ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წელს რუსეთში მიღებული კანონი „ტელეგრამს“ ავალდებულებდა მთავრობისთვის მომხმარებლების პირადი მონაცემების გადაცემას. კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელი იყო. საბოლოოდ, სახელმწიფო უწყებებმა „ტელეგრამის“ გათიშვა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
„მნიშვნელოვანი ამბების“ გამოძიების თანახმად, ამ კონფლიქტის შემდეგ დუროვი რუსეთში სამი წელი არ ჩასულა, 2020-2021 წლებში კი კვლავ აქტიურად სტუმრობდა სამშობლოს.
სწორედ 2021 წელს დაბლოკა „ტელეგრამმა“ ალექსეი ნავალნის გუნდის გაკეთებული ბოტი, რომელიც რუსებს იმ წლის დუმას არჩევნებში ხმის მისაცემად რჩევებს აძლევდა.
ამ დროს დუროვიც რუსეთში იყო, თუმცა 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ იქ აღარ დაბრუნებულა.
რა ბედი ეწევა მილიარდერს? დანაშაულები, რომლებსაც ახლა საფრანგეთის პროკურატურა იძიებს, ზოგ შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს, თუმცა, თუ დუროვს ბრალი დაუმტკიცდება, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, როგორი იყო მისი თანამონაწილეობის ხარისხი.
ფორუმი