Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობდა ევროკავშირის ეტაპობრივი მოგვარების გეგმა და რატომ თქვა უარი ოსურმა მხარემ?


დე ფაქტო რესპუბლიკის მედია იუწყება, რომ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაძაბული ვითარების განსახილველად ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ჩასვლა იგეგმება. ეს მომავალ კვირაში მოხდება. სააგენტო „რესს“ ევროკავშირიდან დისკუსიის თანათავმჯდომარის, ტოივი კლაარის, სიტყვებიც მოჰყავს. კლაარის თქმით, რეგიონში ისეთი ვითარებაა, როგორoც მრავალი წლის განმავლობაში არ ყოფილა:

„ჩვენ უნდა შევძლოთ, ამ სპეციფიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მივაღწიოთ პროგრესს. დაგეგმილ შეხვედრაზე ჩემი მთავარი გზავნილი იქნება შემდეგი: ეს არის არასასურველი სიტუაცია და ჩვენ უნდა ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის გზა. ეს ნიშნავს დეესკალაციას და ინციდენტების პრევენციას. ეს არის მოკლევადიანი მთავარი მიზანი“.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალის გარდა შეხვედრებს თბილისსა და მოსკოვშიც გამართავენ და ყველგან მთავარი საკითხი ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოებთან არსებული რთული ვითარება იქნება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მხარეებს ამ პრობლემის ეტაპობრივი გეგმა უკვე შესთავაზა ერგნეთის ბოლო ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართა. მართალია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალურად არ უსაუბრიათ ამ გეგმის შესახებ, მაგრამ მაინც ცნობილი ხდება, რომ ამ გეგმის პირველ ეტაპზე მხარეებს წნელის-ჩორჩანის მონაკვეთზე მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის განთავსებაზე უარი უნდა ეთქვათ. ეს უფრო ოსურ მხარეს ეხება, რომელსაც წნელისთან ახლოს მძიმე ტექნიკა აქვს თავმოყრილი. გარდა ამისა,ამ გეგმით უნდა შემცირებულიყო საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობის რაოდენობა და ევროკავშირის მისიას ამ ტერიტორიაზე დაუბრკოლებელი მუშაობის საშუალება უნდა მისცემოდა. შეხვედრიდან გამოსულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისუფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, მხოლოდ ამ ბოლო პუნქტზე ილაპარაკა, თუმცა თქვა, რომ ოსურ მხარეს დეესკალაციისკენ მიმართული კონკრეტული გეგმა შესთავაზეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალში ჩასულმა ეგორ კოჩიევმა, რომელიც ამ ტექნიკურ შეხვედრებზე ოსური მხარის მთავარი მომლაპარაკებელია, თქვა, რომ ეს გეგმა მისთვის მიუღებელია და ჩორჩანის საგუშაგოზე მყოფი ერთი ქართველი პოლიციელიც კი წნელისის მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კოჩიევის თქმით, ქართული პოლიციური საგუშაგოს აღება გააჯანსაღებდა ადგილზე ვითარებას.

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩორჩანის ტყიდან პოლიციური საგუშაგოს მოხსნას და იქით მოითხოვს დე ფაქტო ხელისუფლებისგან ამავე ტყეში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, განთავსებული ოსური ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოების აღებას. ორ თვეზე მეტია, მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, სადამკვირვებლო მისია კი მხარეებს პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების გეგმას სთავაზობს,თუმცა უშედეგოდ.

ამასობაში სულ უფრო მძიმდება ვითარება ახალგორის მიმართულებით, სადაც, ორ თვეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს და ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნებია.ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მოსწავლეების მშობლებს, რომლებსაც შვილები წეროვნიდან ახალგორის სკოლაში გადმოჰყავთ, ადგილობრივ განათლების განყოფილებაში ხელწერილი უნდა დატოვონ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მათი შვილები სასწავლებლად თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში არ წავლენ. ეს ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა და მას გარკვეული რეზონანსი ცხინვალის რეგიონში უკვე მოჰყვა. წეროვნის დასახლებიდან დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების ახალგორის სკოლებში გადაყვანა ძველი პრაქტიკაა და ამას ცხინვალიდან აქამდე არავინ ეწინააღმდეგებოდა.როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება ახალგორელ სტუდენტებს სრულად აფინანსებს და ამის გამო მშობლები ცდილობდნენ, რომ მათ შვილებს სკოლა დაბაში დაემთავრებინათ, თუმცა ახლა, რაც ახალგორის განათლების განყოფილებაში ხელმძღვანელად ყოფილი მილიციელი,გაბრიელ ელოევი, დაინიშნა, ვითარება შეიცვალა. მან ჯერ დირექტორებს მოსთხოვა მშობლებისთვისხელწერილების ჩამორთმევა, მაგრამ როცა მათგან წინააღმდეგობას წააწყდა, თავად დაიწყო ხელწერილთა შეგროვება. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, განცხადებით, წელს ხუთი მოსწავლე გადავიდა დაბაში სასწავლებლად, ოთხი მათგანის მშობელმა ელოევთან ხელწერილი დაწერა, ერთმა კი უარი განაცხადა. მეარაყიშვილი ამბობს, რომ დაბაში ადამიანის უფლებები ყოველ წამს ირღვევა.

ცხინვალში კვლავ პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ე.წ. საზღვრის გამიზნულ დარღვევაში ადანაშაულებენ და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით და დაკავებულის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით,გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ცხინვალში 15 ნოემბერს გაიმართა და მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზის გარდა, პეტიციაც შეიქმნა. „მანიფესტ.გე“-ზე უკვე 2000-მა კაცმა მოაწერა ხელი მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გადამჭრელი ზომები მიიღოს ექიმის გასათავისუფლებლად. გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის ოჯახმა საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დასახმარებლად უკვე მიმართა.

XS
SM
MD
LG