Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ რას ვაპირებთ? - „სოლიდარობის“ კვლევა COVID-პაციენტებში „პლაქვენილის“ გამოყენებას აჩერებს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID19-ის წინააღმდეგ წამოწყებული „სოლიდარობის“ გამოკვლევიდან, რომლის მიზანიცაა ვირუსის მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტური პრეპარატის მოძიება, მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენებას დროებით აჩერებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, პაციენტებში, რომელთაც ჰიდროქსიქლოროქინი/ქლოროქინით („პლაქვენილით“) მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა:

„ორი თვის წინ დავიწყეთ „სოლიდარობის“ კვლევა, რომლის თანახმადაც, COVID19-ის წინააღმდეგ ეფექტური პრეპარატის მოსაძიებლად ოთხი ტიპის პრეპარატისა და პრეპარატების კომბინაციის გამოცდა დაიწყო. გამოკვლევაში ჩაერთო 17 ქვეყნის დაახლოებით 3500 პაციენტი. გასულ პარასკევს, სამედიცინო ჟურნალში „ლანცეტი“, გამოქვეყნდა გამოკვლევა ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჰიდროქსიქლოროქინი/ქლოროქინით მკურნალობის შედეგების თაობაზე. გამოკვლევის ავტორები წერენ, რომ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ და გარდა ამისა, იღებდნენ მას სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა“, - განაცხადა 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანო ღებრეიესუსმა.

„სოლიდარობის“ კვლების აღმასრულებელი ჯგუფი, რომელიც გამოკვლევაში მონაწილე 10 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება, 23 მაისს შეთანხმდა, რომ კვლევის ფარგლებში, დროებით შეჩერდეს ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება, სანამ მონაცემთა მონიტორინგის ბორდი არ გამოაქვეყნებს ზუსტ შედეგებს პრეპარატის შესახებ.

ამოიღებს თუ არა საქართველო "პლაქვენილს" COVID19-ის მკურნალობის პროტოკოლიდან?

საქართველოში პრეპარატი „პლაქვენილი“ კორონავირუსით ინფიცირებულ პირველივე პაციენტთან იქნა დანიშნული. ერთი თვის თავზე, მარტის ბოლოს კი ქვეყანამ შეიმუშავა COVID19-ის მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც დაეყრდნო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და სხვათა რეკომენდაციებს და პრეპარატი „პლაქვენილი“ მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვის პროცესში ერთ-ერთ მთავარ მედიკამენტად დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში, „პლაქვენილის“ გამოყენების ნეგატიურ ასპექტებზე არაერთი სტატია თუ გამოკვლევა გამოქვეყნდა, საქართველოში ეს პრეპარატი პაციენტების მკურნალობის პროცესში დღესაც აქტიურად გამოიყენება. პაციენტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება რამდენიმე ხნის წინ ესაუბრა, ამტკიცებდნენ, რომ მიუხედავად მსუბუქი სიმპტომებისა, მათი მკურნალობის პროცესში ჩართული იყო პრეპარატი „პლაქვენილი“.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადაიხედა საქართველოში „პლაქვენილის“ მიღების სტანდარტი, მისი გვერდითი ეფექტები და მიღებულმა სურათმა აჩვენა, რომ არცერთ შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობას არანაირი მძიმე გართულება და გვერდითი ეფექტი არ გამოუღია. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების შემდეგ, პრეპარატის გამოყენებასა და გვერდით მოვლენებზე, კონტროლი გამკაცრდება, თუმცა, მისი გამოყენება მკურნალობის პროცესში კვლავ გაგრძელდება:

„დიახ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც აწარმოებს „სოლიდარობის“ კვლევას, გამოაცხადა, რომ კვლევიდან დროებით ამოიღო „პლაქვენილი“. ხაზგასმულია, რომ დროებით და არა საბოლოოდ. გამოქვეყნდა კვლევა, სადაც გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ „პლაქვენილი“ საკმაოდ ხშირად იწევს გვერდით მოვლენებს, ძირითადად გულის რითმის დარღვევის მხრივ. სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც შეისწავლის, რამდენად სერიოზული და წონიანია ეს გამოკვლევა, რადგან მსოფლიოში უამრავი კვლევა ტარდება და უამრავი შედეგი ქვეყნდება, სადაც ზოგი დადებითად ახასიათებს „პლაქვენილს“ და ზოგი უარყოფითად. რაც შეეხება საქართველოს სინამდვილეს, ჩვენთან არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა „პლაქვენილის“ მიღების შედეგად რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენებისა. ამის მიუხედავად, ვინაიდან არსებობს კვლევები, სადაც ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს და მეტი ყურადღებით მოვეპყრობით „პლაქვენილის“ დანიშვნას. არაფერი არაორდინარული არ ხდება. ყველა მედიკამენტზე არსებობს პოზიტიური და ნეგატიური აზრი, ჩვენ ძალიან მოქნილები ვართ, თვალყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს და ვახდენთ მყისიერ რეაგირებას. როგორც კი გამოჩნდება საკმარისი არგუმენტები იმისთვის, რომ „პლაქვენილი“ მართლაც იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს და შესაძლოა, მიღებულ სარგებელს აჭარბებდეს მისგან მიყენებული ზიანი, ჩვენ მაშინვე შევწყვეტთ „პლაქვენილის“ გამოყენებას და ამოვიღებთ ჩვენი პროტოკოლიდან“.

რა წერია ყველაზე მასშტაბურ გამოკვლევაში „პლაქვენილის“ შესახებ

გამოკვლევა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში „ლანცეტი“ 22 მაისს გამოქვეყნდა, ყველაზე მასშტაბურია მათ შორის, რაც კი ამ დრომდე პრეპარატ „პლაქვენილის“, იგივე ჰიდროქსიქლოროქინი/ქლოროქინის შესახებ გამოქვეყნებულა.

გამოკვლევამ მოიცვა ექვსი კონტინენტის 671 ჰოსპიტალი და 96 032 პაციენტი. ამ გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი კი ისაა, რომ გამოკვლევაში ჩართულ შესადარებელ ჯგუფებსა და „პლაქვენილის“ მიმღებ ჯგუფებში, ერთნაირი სიმძიმის (მძიმე და კრიტიკული) პაციენტები იყვნენ. გარდა კვლევის მასშტაბურობისა, სწორედ ეს ფაქტორი მიაჩნია იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ამ გამოკვლევის მთავარ ღირებულებად:

„ამ კვლევაში მნიშვნელოვანია, რომ ჰეტეროგენობა არ არის ძალიან მაღალი. ანუ, მარტივად, რომ ავხსნათ, თუკი, მაგალითად, საკონტროლო ჯგუფში გვყავს მსუბუქი პაციენტები და „პლაქვენილს“ ვაძლევთ მძიმე პაციენტებს, როდესაც საქმე სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მიდგება, გაჩნდება კითხვა, იქნებ ზოგიერთი პაციენტის სიკვდილი არა „პლაქვენილის“ ნეგატიურმა ეფექტმა, არამედ თავად დაავადების სირთულემ გამოიწვია? 22 მაისს გამოქვეყნებული კვლევის დამსახურება სწორედ კარგი ჰეტეროგენობაა, ანუ, შესადარებელ ჯგუფებსა და წამლის მიმღებ ჯგუფებში ერთნაირი სიმძიმის პაციენტები იყვნენ. აქედან გამოვლინდა, რომ საკონტროლო ჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ, მაგალითად, გადასხმული პლაზმით თუ უბრალო სიცხის დამწევებით, მათგან გარდაიცვალა, 9.3%, ხოლო იმ ჯგუფში, სადაც პაციენტები იღებდნენ „პლაქვენილს“, გარდაიცვალა 18%. იმ პაციენტებში კი, რომლებსაც „პლაქვენილსა“ და პლიუს „აზიტრომიცინს“ აძლევდნენ, სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 23,8%. ძალიან მაღალი იყო სასიკვდილო არითმიების რიცხვი“.

როდესაც საქმე პრეპარატ „პლაქვენილის“ შესახებ წარმოებულ გამოკვლევებს ეხება, ბიძინა კულუმბეგოვი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. PrEP (Pre-Exposure Prophylaxis, პროფილაქტიკისათვის) კლინიკურ გამოკვლევაზე, რომელიც მაისში დაიწყო და სავარაუდოდ მომავალი წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

გამოკვლევაში უნდა ჩაერთოს 55 ათასი ჯანმრთელი ადამიანი, მათ შორის, სამედიცინო მუშაკები, პოლიციელები, ასევე, მაგალითად, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები. ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამ კვლევამ აჩვენოს, რომ პლაქვენილი სწორედ მძიმე და კრიტიკულ პაციენტებშია სიკვდილის განმაპირობებელი, მაგრამ თუკი პრეპარატი ადრეულ ეტაპზე იქნება დანიშნული, მათ შორის, საპროფილაქტიკოდაც კი, ის არ გამორიცხავს, რომ მას უფრო პოზიტიური ეფექტი ჰქონდეს: „თუკი „პლაქვენილს“ ექნება რაიმე დადებით შედეგი, მე ველოდები, რომ სწორედ ამ ტიპის კვლევებში ექნება მას პოზიტიური შედეგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

„სოლიდარობის“ გამოკვლევა და საქართველო

„სოლიდარობის“ გამოკვლევაში საქართველო, წესით, უახლოეს მომავალში უნდა ჩაერთოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ გამოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველომ მაისის დასაწყისში გაგზავნა საბოლოო დოკუმენტები. ახლა ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან კვლევის დაწყების საბოლოო თარიღს ელის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკვლევ პრეპარატებად და მეთოდებად შეარჩია „რემდესივირი“; „პლაქვენილი“; ლოპინავირ/რიტონავირი; ლოპინავირ/რიტონავირი ინტერფერონ ბეტა 1ა-სთან ერთად. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პლაქვენილის“ დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

პროტოკოლის თანახმად, გამოკვლევაში უნდა ჩაერთონ 18 წელს ზევით, საშუალო და მძიმე პაციენტები. პაციენტების რაოდენობა შეზღუდული არ არის. არ არის შეზღუდული არც გამოკვლევის ჩატარების ვადები.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სულ უფრო იკლებს ახალი ინფიცირების შემთხვევები და მატულობს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და, მაგალითად, 26 მაისის მონაცემებით, საქართველოს სულ 6 კრიტიკული პაციენტი ჰყავს, არ არის გამორიცხული, რომ „სოლიდარობის“ კვლევაში საქართველომ მონაწილეობა პაციენტების სიმცირის გამო ვერც მიიღოს.

რა აჩვენა ერთ-ერთმა ბოლო გამოკვლევამ „რემდესივირის“ შესახებ?

კიდევ ერთი პრეპარატი, რომელიც „სოლიდარობის“ გამოკვლევის ერთ-ერთ მთავარ მედიკამენტად სახელდება და მასზე მეცნიერები იმედებს ამყარებენ, როგორც COVID19-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატზე, ეს „რემდესივირია“.

22 მაისს, გავლენიან სამედიცინო ჟურნალში „The New England Journal of Medicine“, გამოქვეყნდა წინასწარი ანგარიში, პრეპარატ „რემდესივირის“ სამკურნალო ეფექტის შესახებ.

გამოკვლევაში 1063 პაციენტი იყო ჩართული. პაციენტთა ნაწილთან, მკურნალობის პროცესში გამოიყენეს პრეპარატი „რემდესივირი“, ნაწილში კი - პლაცებო. გამოკვლევის ერთ-ერთ მთავარ მიგნებად სახელდება გამოჯანმრთელების ვადების შემცირება 15 დღიდან 11 დღემდე, თუმცა, ამ გამოკვლევის კიდევ ერთ მთავარ მიგნებად, ბიძინა კულუმბეგოვი პრეპარატ „რემდესივირის“ ადრეულ ეტაპზე გამოყენების ეფექტს ასახელებს:

„ეს სწორედ ის კვლევაა, რომლის შესახებაც ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ენტონი ფაუჩი რამდენიმე ხნის წინ ლაპარაკობდა თეთრ სახლში. ამჯერად კვლევის შედეგები წერილობით გამოქვეყნდა. მთავარი, რაც ამ კვლევასა და ავტორების დასკვნაში იკითხება, არის ის, რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე და მსუბუქი პაციენტი იღებს „რემდესივირს“, ანუ, პაციენტი, რომელსაც ჯერ კიდევ არ სჭირდება ინტუბაცია და ბუნებრივად მიეწოდება დიდი ნაკადით ჟანგბადი, ეს პრეპარატი სწორედ ასეთ პაციენტებში აჩვენებს უკეთეს შედეგს. და მთავარი - „რემდესივირის“ გამოყენების მიუხედავად, მაინც დაფიქსირდა მაღალი სიკვდილობა. დასკვნის თანახმად, აშკარაა, რომ პაციენტების მკურნალობა მხოლოდ ანტივირუსული პრეპარატებით საკმარისი არ არის. ამიტომ მკურნალობის მომავალი სტრატეგიები უნდა ეფუძნებოდეს სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტების ან წამალთა შორის კომბინაციების გამოყენებას. ასეთია საბოლოო დასკვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენ, ამ ეტაპზე, ვერაფრით ვიტყვით, რომ „რემდესივირი“ გადაგვარჩენს. „რემდესივირი“ იპოვის თავის ადგილს, გაჩნდება კომბინაციები, თუმცა, ერთი წამალი ამ ვირუსის შემთხვევაში ვერ იქნება „თამაშის წესების შემცვლელი“.

ჩინეთში, ქალაქ უჰანში, COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე, ზუსტად 5 თვე გავიდა. ამ დრომდე მიმდინარეობს კვლევები და მუშაობა სამკურნალო პრეპარატისა და ვაქცინის შესაქმნელად. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, მომავალი წლისთვის შეიქმნას.

26 მაისის მონაცემებით, ვირუსით მსოფლიოში დაინფიცირდა 5,634,586 ადამიანი. მათ შორის გარდაიცვალა 349,184 და გამოჯანმრთელდა 2,402,240.

26 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 732 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელებულია 537 პაციენტი, გარდაცვლილია 12.

XS
SM
MD
LG