ივლისში ვილნიუსში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამიტის შემდეგ ნატო მომავალ რამდენიმე თვეს მიმდინარე საკითხების მოგვარებას დაუთმობს. ეს კი ნიშნავს სამხედრო წვრთნებს, სულ მცირე, ორ მინისტერიალს ბრიუსელში (წლის ბოლომდე ჯერ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს) და, შესაძლოა, ახალი წევრის - შვედეთის მიღებას.
ვილნიუსში სტოკჰოლმსა და ანკარას შორის შედგა შეთანხმება, რომელიც, როგორც ჩანს, შვედეთის ალიანსში წევრობას გზას გაუხსნის. თუმცა, რატიფიკაციის პროცესი არც თურქეთშია დაწყებული და არც უნგრეთში, რომელმაც პირობა დადო, რომ ანკარის შესაბამისად იმოქმედებს.
ნატოს წარმომადგენლები, რომლებსაც ანონიმურობის დაცვის პირობით ვესაუბრე, მიიჩნევენ, რომ შვედეთი ნატოს წევრი შემოდგომაზე გახდება, მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებებისა, რომ შვედეთმა ჯერ ყურანის დაწვის საკითხი უნდა გადაჭრას, რატიფიკაციის პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად.
ამასობაში, სანამ ნატო 32-ე წევრის მიღებას ელის, მას ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაც სჭირდება. მაგალითად, საჭიროა შეფასდეს, ადეკვატურია თუ არა ნატოს განახლებული თავდაცვის გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მის წევრს თავს დაესხმებიან.
ნატოს ჩემი წყაროები მეუბნებიან, რომ „ეს შემოდგომა გეგმების შესაბამისობის შემოწმებასა“ და „ძვლებზე ხორცის შესხმას“ დაეთმობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გააჩნია თუ არა ალიანსს საკმარისი საბრძოლოდ გამზადებული ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა, რათა დროულად დაეხმაროს ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე ქვეყნებს?
ნატომ ამ შეკითხვებს პასუხი წლის ბოლომდე უნდა გასცეს.
შემდეგი საკითხია ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში განლაგებული მულტინაციონალური ბატალიონების ბრიგადებად გადაკეთება - დაახლოებით ათასი ჯარისკაცით გაზრდა 3000 – 5000-მდე. ამას კი დრო სჭირდება - ახალი ბარაკები უნდა აშენდეს და საწვრთნელი სივრცე გაიმართოს. ლიეტუვაში, როგორც ჩანს, მომზადება უკვე დასრულებულია.
ასევე სავარაუდოა, რომ ნატო-უკრაინის საბჭო მუშაობას მინისტრების დონეზე დაიწყებს (ელჩების შეხვედრა ზაფხულში ჩატარდა), როდესაც ნატოს თავდაცვის მინისტრები 12-13 ოქტომბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან მინისტერიალის რეგულარულ სესიაზე. საბჭო ვილნიუსში შეიქმნა და მისი დანიშნულებაა კიევის ალიანსთან ურთიერთობის ახალ დონეზე აყვანა.
ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნატო-უკრაინის საბჭო უფრო სასარგებლო ფორუმი გახდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე. საბჭოში უკრაინა თანაბარუფლებიანი წევრის სტატუსით იქნება და შეეძლება თავისი სურვილისამებრ მოიწვიოს შეხვედრები სამხედრო ალიანსთან.
თუმცა საკითხავია, საკმარისი აღმოჩნდება თუ არა ეს მიდგომა. ნატო შემოდგომაზე ორ დოკუმენტს მოამზადებს, სადაც კიევთან ურთიერთობა იქნება განსაზღვრული: უკრაინის წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-უკრაინის საბჭოს სამუშაო პროგრამა. ეს დიდწილად ბიუროკრატიული საქმიანობაა და უკრაინის მთავარი მხარდამჭერი ქვეყნები, რომლებსაც ბუქარესტის რვას უწოდებენ, ეცდებიან, რომ უკრაინის გაწევრიანებისთვის ახალი პირობები არ დაწესდეს.
ბუქარესტის რვა - ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი - აცხადებს, რომ უკრაინა უკვე თავსებადია ალიანსთან და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა დარჩენილი - ანუ, დროზე მიიღებენ თუ არა ნატოში უკრაინას?
ეს „მალე“ შეიძლება 2024 წლის ვაშინგტონში დაგეგმილი ნატოს სამიტი იყოს. ბევრი რამაა დამოკიდებული უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე და წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამიტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის სეზონს ემთხვევა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვილნიუსში უკრაინისათვის გაწევრიანების მკაფიო გზის შეთავაზებას ყველაზე ხმამაღლა აშშ და გერმანია შეეწინააღმდეგნენ, ნაკლებად სავარაუდოა, ვაშინგტონის პოზიცია რადიკალურად შეიცვალოს. შესაძლებელია, რომ ვაშინგტონის სამიტი ნატოს 75 წლის აღსანიშნავ ღონისძიებად იქცეს და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ნაკლებად განიხილონ.
ამასობაში კი ნატო უკრაინის კონტრშეტევას დააკვირდება. რამდენიმე ოფიციალური პირი, რომლებსაც გავესაუბრე, აღნიშნავს, რომ კონტრშეტევა ჯერჯერობით ნაკლებად შთამბეჭდავად მიმდინარეობს, ვიდრე იმედოვნებდნენ, თუმცა იქვე ამატებენ, რომ შორიდან, უსაფრთხო ადგილიდან ლაპარაკი იოლია.
ნატოში უკრაინის შეტევას ასევე ახასიათებენ, როგორც „თანმიმდევრულს და თანდათანობითს“. საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ კიევი წინსვლას საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ახერხებს. F-16-ის უკრაინელ პილოტებს უკვე ამზადებენ დანიაში, ნიდერლანდსა და რუმინეთში, თუმცა ისინი უკრაინის ზეცაში მომავალ წლამდე არ გამოჩნდებიან.
ომის გარდა ნატომ გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შემცვლელის ვინაობა უნდა განიხილოს. სტოლტენბერგი დათანხმდა თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩენას, თუმცა, ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ის გადადგება. ზოგი ითხოვს, რომ ალიანსს სათავეში ქალი ჩაუდგეს, თუმცა ასევე განიხილება ნიდერლანდის პრემიერის, მარკ რუტესა და პედრო სანჩესის კანდიდატურები - თუ ეს უკანასკნელი ესპანეთში ახალი მთავრობის შეკოწიწებას ვერ მოახერხებს.
2024 წელს ნატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა გათავისუფლდება. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი გადადგება და მას სავარაუდოდ იტალიის თავდაცვის შტაბის უფროსი, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე შეცვლის.
ალიანსისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კიბერთავდაცვის საკითხი. კიბერთავდაცვის პირველი კონფერენცია ნოემბერში ბერლინში ჩატარდება და მას მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო ექსპერტები და, შესაძლოა, კერძო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.