ამ ტექსტში მათზე გიამბობთ.
15-17 მარტს ვლადიმირ პუტინი კენჭს მეხუთედ იყრის. არავინ დავობს, რომ გაიმარჯვებს და პრეზიდენტად დარჩება 2030 წლამდე. შემდეგ ისევ ექნება კენჭისყრის უფლება - 2036 წლამდე.
პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი, მკვდარია. ყველა დანარჩენი - ან ციხეში, ან რუსეთს მიღმა.
მაგრამ კრემლი დემოკრატიის ილუზიას მაინც ქმნის. ფორმალურად, რუსები სახელმწიფოს მეთაურს კვლავ ირჩევენ. ოღონდ კრემლისგან დამოუკიდებელი კანდიდატის გარეშე.
ამ არჩევნებში ვლადიმირ პუტინს სამი „კონკურენტი“, სამი სპარინგ-პარტნიორი ჰყავს.
არცერთი არ აკრიტიკებს პუტინს. სამივემ დაუჭირა მხარი უკრაინაში ომს, ომის მოწინააღმდეგეთა დაჯარიმება-დაპატიმრებას, გეებისა და ლესბოსელების „ექსტრემისტებად“ გამოცხადებას. სამივე სანქცირებულია დასავლეთის მიერ.
პუტინის სპარინგ-პარტნიორები არიან: კომუნისტი ნიკოლაი ხარიტონოვი, ლიბერალ-დემოკრატი ლეონიდ სლუცკი და ვლადისლავ დავანკოვი, პარტიიდან „ნოვიე ლიუდი“ (ახალი ხალხი).
სამი უშანსო
ნიკოლაი ხარიტონოვი 75 წლისაა.
აქედან 20 წელიწადზე მეტი დუმის დეპუტატის სავარძელში გაატარა. საკუთარ თავს „კაცთმოყვარეს“ ეძახის.
ხარიტონოვი ამბობს, რუსეთმა „მარცხნივ“ უნდა გადაუხვიოს. მისი წინასაარჩევნო სლოგანია „ვითამაშეთ კაპიტალიზმი და გვეყოს“.
ამ „ამბიციური“ გეგმის მიუხედავად, ხარიტონოვი ხაზს უსვამს, რომ პუტინს არ აკრიტიკებს და იმასაც ამბობს, რომ მასზე უკეთესი არაფრითაა. უკრაინაში პუტინის ომის მხარდაჭერისთვის სანქცირებულია ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ.
56 წლის ლეონიდ სლუცკი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა.
ამ თანამდებობაზე მან ჩაანაცვლა ოდიოზური ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა.
სწორედ ჟირინოვსკისა და მის მემკვიდრეობაზეა აგებული სლუცკის წინასაარჩევნო კამპანია.
ბოლო რვა წელია, სლუცკი რუსეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. დასავლეთმა სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა, ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისთვის.
2018 წელს რამდენიმე ქალმა ჟურნალისტმა სლუცკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რუსი სამართალდამცველები ამ ბრალდებებმა არ დააინტერესა.
40 წლის ვლადისლავ დავანკოვი კომპანია „ფაბერლიკის“ თანადამფუძნებელია.
2023 წელს მოსკოვის მერის არჩევნებში მას ამომრჩეველთა ხუთმა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
დავანკოვს დასავლეთმა სანქციები მას მერე დაუწესა, რაც მან ხმა მისცა უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. პუტინს დავანკოვი არ აკრიტიკებს, მაგრამ ამბობს რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაა საჭირო. ოღონდაც „რუსეთისთვის მისაღები პირობებით“.
კრემლის ხაზისგან ეს მცირე გადახვევაც კი საკმარისი აღმოჩნდა ბევრი რუსი ოპოზიციონერისთვის, რომ დავანკოვი ანტისაომარ კანდიდატად გამოეცხადებინათ.
რუსეთიდან გაქცეულმა პოლიტიკოსმა, მაქსიმ კაცმა მოუწოდა რუსებს, დავანკოვს დაუჭირონ მხარი. ამ მოწოდებებს არ ეთანხმებიან გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები. მათი აზრით, რუსებმა ყველა კანდიდატი უნდა გადახაზონ.
“უშინაარსო” კამპანია
პუტინმა 2024 წელი „ოჯახის წლად“ გამოაცხადა და რუსებს, ვისაც უკვე ჰყავს, ან ეყოლება შვილები, სხვადასხვა ფინანსურ სარგებელს დაჰპირდა.
მისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ გზავნილი სწორედ ოჯახის და „ოჯახური ღირებულებების“ დაცვა იყო. ეს ფირფიტა კრემლს დიდი ხანია აქვს გადამღერებული: დასავლეთი „გარყვნილია“, პუტინი კი რუსეთს „გადაგვარებისგან“ იცავს.
თუმცა რუსი დამკვირვებლები ამბობენ, რომ პუტინს ამომრჩევლების დარწმუნებით თავი დიდად არ შეუწუხებია.
ამომრჩეველთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „გოლოსმა“ (ხმა) ამ წინასაარჩევნო კამპანიას რუსეთის ისტორიაში „ყველაზე უშინაარსო“ უწოდა.
ორგანიზაციის დასკვნით, არჩევნებით რუსული მედია თითქმის არ დაინტერესებულა. კანდიდატები „მოჩვენებითაც კი არ გამოხატავენ ამომრჩევლის ხმის მოპოვებისა და პრეზიდენტობის სურვილს“.
რუსეთი არჩევნებს ატარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. მათ ლეგიტიმურობას აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ გამოაქვეყნა სვეტი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“, სადაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, არ აღიარონ კენჭისყრის შედეგები.
პუტინი არა პოლიტიკოსი, არამედ „განგსტერი, მაფიოზური ბანდის ლიდერია“. დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკოსების გვერდით მისი დაყენება არასწორია, - დაწერა ნავალნაიამ.