მთავარი პროკურატურის განცხადებით, აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს ასახავს, 2016 წლის დეკემბერში იქნა მოპოვებული. ჩანაწერები ამოიღეს ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე დაკავებული პირის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას. პროკურატურის ინფორმაციით, ორი წელი დასჭირდათ ათობით ფაილის ექსპერტიზისთვის და მათივე განცხადებით, მხოლოდ ექსპერტიზის შედეგების მიღების შემდეგ გაასაჯაროვეს ინფორმაცია.
რას ვიგებთ პროკურატურის მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადებიდან
- პროკურატურა აცხადებს, რომ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.
- პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ საუბარია მკვლელობის მომზადების ფაქტზე და არა დასრულებულ აქტზე.
- დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს, რომლებიც სხვა საქმეებზე უკვე იხდიან სასჯელს.
ორი ჩანაწერი - დათა ახალაიასთან შეთანხმებული საქმე
ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.
- პირველი ჩანაწერი: 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია.
- მეორე ჩანაწერი: მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლევან ქარდავა, გიორგი მერებაშვილი და რევაზ შიუკაშვილი პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.
როგორ მზადდებოდა მკვლელობა
- მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.
- რევაზ შიუკაშვილი სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ.
სამი მაღალჩინოსნის სასჯელი -16-დან 20 წლამდე პატიმრობა
პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს, საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.