არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ 9 პირთან საქართველოს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ხელმოწერილია, თუმცა, სასამართლო სხდომაზე, რომელიც 14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მოსამართლეს შეთანხმება არ დაუმტკიცებია. დაკავებულების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შეთანხმება 18 მაისს დანიშნულ სხდომაზე დამტკიცდება.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, პორნოგრაფიის საქმეზე, გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში დაკავებულ 9 პირს, იმაზე გაცილებით მსუბუქი სასჯელის მოხდა მოუწევთ, ვიდრე ამას არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებისა და ტრეფიკინგის მუხლი ითვალისწინებს და რაც 17-დან 21 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საუბარია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე დანაშაულის როლის გათვალისწინებით, ასევე, დამატებით 5 წლამდე პირობით მსჯავრზე, ფულად ჯარიმებზე და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავ-მოძრავი ქონებების ჩამორთმევაზე“.
ამავე საქმეზე დაკავებული აშშ-ის მოქალაქის შემთხვევაში კი განიხილება 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ფულადი ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის მოკლე აღწერა
არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, აგვისტოდან დღემდე, 21 პირია დაკავებული. მათგან ორი უცხო ქვეყნების, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან; ერთი დაკავებული პედაგოგია, დანარჩენები კი არასრულწლოვნების მშობლები არიან.
10 პირი გამოძიებამ აგვისტო-სექტემბერში დააკავა. მომდევნო 11 პირი, მათ შორის, 10 მშობელი და ერთი პედაგოგი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეკემბრის დასაწყისში დააკავეს.
გამოძიების თანახმად, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ბრალდება ამბობს, რომ მშობლები საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეომასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა. პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქეს რამდენიმე წლის წინ, საკუთარ ქვეყანაში აქვს მოხდილი სასჯელი ანალოგიური ბრალდებით.
რატომ შესთავაზა პროკურატურამ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება?
საპროცესო შეთანხმება საქმეზე ბრალდებულ 9 პირთან, ე.წ. პირველ ნაკადთან, ანუ გასული წლის აგვისტო სექტემბერში დაკავებულ პირებთან შედგა. პროკურატურის განცხადებით, „ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან“.
ადვოკატი სალომე კალაიჯიშვილი სწორედ გასული წლის აგვისტო-სექტემბერში დაკავებული სამი პირის ინტერესებს იცავს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, პროკურატურამ დაკავებულებსა და მათ ადვოკატებს საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ შესთავაზა, თუმცა, მანამდე, თვეების განმავლობაში, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე მტკიცე უარს აცხადებდა და ფაქტობრივად, გამორიცხავდა მსგავს შეთანხმებას. სალომე კალაიჯიშვილის თქმით, პროკურატურას არ დაუკონკრეტებია მიზეზი, თუ რატომ შესთავაზა ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება. ადვოკატს ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრება აქვს:
„პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, საპატიმრო ვადა ეწურება 26 მაისს. ის 26 მაისს საპატიმროდან უნდა გათავისუფლებულიყო. როგორც ჩანს, ამ საპატიმრო ვადების სიმჭიდროვემ და იმან, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია, ფაქტობრივად, აიძულა პროკურატურა, რომ ჩვენთვის ისეთი პირობები შემოეთავაზებინა, რომლებსაც დავთანხმდებოდით“.
აღსანიშნავია, რომ სალომე კალაიჯიშვილის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, მთელი ამ ხნის განმავლობაში, წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში ეუბნებოდა ადვოკატი. ის ამბობდა, რომ საქმეში არ არსებობდა არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებდა. მაშ რატომ აღიარეს დაკავებულებმა ბრალი 9 თვის თავზე? ადვოკატი გვპასუხობს:
„ამ საქმეში არანაირი ახალი მტკიცებულება არ დამატებულა. დაცვის მხარის მოქმედების ერთ-ერთი სტრატეგია თავიდანვე იყო მუხლის კვალიფიკაციის შესახებ დავა. ანუ, თუკი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ტრეფიკინგის ნაწილში გამართლდებოდნენ, მაშინ მათი ქმედება გადაკვალიფიცირდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე პრიმა მუხლზე, რომლის სანქციაც ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურამ 6 წელთან ძალიან მიახლოებული ვარიანტი შემოგვთავაზა. ჩვენ ავწონ-დავწონეთ სიტუაცია და დავასკვენით, რომ ეს ყველაფერი არ გვიღირდა დავად იმ რისკების გათვალისწინებით, რომ პინის მეორე მხარეს უვადო თავისუფლების აღკვეთა იდო. შესაბამისად, ამ გარემოებამ იქონია ჩვენზე დიდი გავლენა“.
სალომე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მისცემენ ჩვენებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მეორე ეტაპზე, გასული წლის დეკემბერში დააკავეს:
„ამ საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა წაიღებს დეკემბერში დაკავებულთა საქმეში და იქ გამოიყენებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპრიორი ამ ჩვენებებისა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს მათი ბედი“.
11 ბრალდებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ და საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ
ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან მეორე ეტაპზე, გასული წლის დეკემბერში დაკავებული პირები და მათი ადვოკატები. ბრალდებულთა ინტერესების დამცველები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ შეთავაზება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღეს. მათივე თქმით, პროკურატურა, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ წავიდა საპროცესო შეთანხმებაზე აგვისტო-სექტემბერში დაკავებულ პირებთან, რომ მათგან ისეთი ჩვენებები მოეპოვებინა, რაც დანარჩენი დაკავებულებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის მიღებაში დაეხმარებოდა.
ასე ფიქრობს დეკემბერში დაკავებული ქალის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი. ქალი, რომელსაც გამოძიება 12 წლის შვილის პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართვას ედავება, დანაშაულს არ აღიარებს. მისთვის ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, ნიკოლოზ წულეისკირი ამბობს, რომ ადვოკატები პროკურატურამ ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, ჩიხში შეიყვანა და ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა კიდევ უფრო გართულდა:
„მეორე ეტაპზე დაკავებული არცერთი პირი არ აღიარებს ბრალს და არ არის თანახმა საპროცესო შეთანხმებაზე. ეს საპროცესო სწორედ იმიტომ შესთავაზეს პირველ ნაკადში დაკავებულებს, რომ მათ ჩვენსკენ გამოიშვირონ ხელი, რადგან მათ ჩვენს საქმეებში არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ეს საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარემ ჩვენს წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს. ჩვენც უნდა გაგვხადონ იძულებულნი, რომ საპროცესო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი. ჩიხში მოგვაქციეს. რა თქმა უნდა, როდესაც პირველი ნაკადი ბრალს აღიარებს, ეს ადამიანები სასამართლო პროცესზე ჩვენებებს ჩვენს წინააღმდეგ მისცემენ. ამის შემდეგ უკვე ძალიან რთული იქნება გამამართლებელ განაჩენზე ლაპარაკი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ძალიან დათრგუნულია. არც კი წარმოუდგენია, რომ ამ სტატუსით გამოვიდეს საპატიმროდან. ასევე არიან მასთან ერთად დაკავებული სხვა მშობლებიც. ამბობენ, 6 თვეში გათავისუფლებასაც კი რომ დაგვპირდნენ, ამ სტატუსით როგორ უნდა დავტოვოთ საპატიმრო, რომ თითქოს შვილებს პორნოგრაფიაში ვრთავდითო. თუ დავრწმუნდი, რომ მართლა 17-წლიანი პატიმრობა ემუქრება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, რა ვქნა, 17 წლიანზე გავუშვა? აუცილებლად მომიწევს ამ საფრთხეებზე მასთან ლაპარაკი. ეს იქნება სრული კატასტროფა მისთვის“.
მაკა ბერაძე სასამართლოში 11 წლის მოზარდის დედ-მამას იცავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშობლები დეკემბერში დააკავეს. ბრალს არც ისინი აღიარებენ და მათთვისაც, როგორც სხვა დანარჩენი რვა დაკავებულისთვის, საპროცესო შეთანხმება კატეგორიულად მიუღებელი აქტია.
ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ამ უმძიმესი მუხლით გასამართლებას. სხვა ადვოკატების მსგავსად, მასაც აქვს მოლოდინი, რომ ის ბრალდებულები, რომლებთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, გამამტყუნებელ ჩვენებებს მისცემენ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშობლების წინააღმდეგ:
„რაკიღა ჩვენს საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, სწორედ მათი ჩვენებები იქნება გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მშობლებს აქვთ სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი, რომ მხოლოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით არ მიიღებს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს. რა თქმა უნდა, ადვოკატები ამის გარანტიას ვერ ვაძლევთ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რა შეიძლება მოხდეს, არცერთი მათგანი არ არის თანახმა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“.
მაკა ბერაძის დაცვის ქვეშ მყოფ ცოლ-ქმარს სახლში ორი შვილი, 12 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი ელოდებათ. რადიო თავისუფლება ბავშვების ბებიას ელაპარაკა. ბებია ამბობს, რომ ბავშვებმა მთელი ამ თვეების განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ, სასამართლო დარბაზში ნახეს მშობლები.
რაც შეეხება კითხვას, შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდებიან თუ არა დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას, ქალი ამბობს, რომ იმ დანაშაულის აღიარება, რომელიც მისი ოჯახის წევრებს არ ჩაუდენიათ, მათთვის გამანადგურებელი იქნება:
„თუ ადამიანს შეგნებულად არ აქვს დანაშაული ჩადენილი, როგორ უნდა აღიაროს ბრალი და თან ასეთი მძიმე მუხლით? აქ იყო ნდობის ფაქტორი. მშობლები ენდნენ მასწავლებელს. ამ მასწავლებელს ენდობოდა მთელი სკოლა, მთელი სოფელი, განათლების სამინისტრო, საქართველო, მთავრობა და ჩვენ არ უნდა გვქონოდა მასწავლებლის ნდობა? აი, ამან დაგვღუპა, ნდობამ. მათი დანაშაული ის არის, რომ ენდნენ მასწავლებელს. გესმით ალბათ რა საშინელი ბრალდებაა ეს მშობლებისთვის, ბავშვით მანიპულირება. მთელმა სოფელმა, მთელმა სამშობლომ ლამის ზედ გადაუარა ამ ბავშვებსა და მშობლებს. ცოცხლად დაიმარხნენ ეს მშობლები. ნუთუ არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ ეს მშობლები და ბავშვები დაიცვას და გამოძიება წაიყვანოს სამართლიანი კუთხით. ხომ შეიძლება ასეთი მძიმე ბრალდება არ იყოს. როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა იარსებონ. კარგი, ესენი შეცდნენ, ენდნენ, არ იცოდნენ რა ხდება, მაგრამ მთავრობა ორივე მშობელს რომ ართმევს ბავშვებს, რომელი უფრო დიდი დანაშაულია?“
გასული წლის დეკემბერში, პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები, უახლოეს დღეებში გამართავენ პრესკონფერენციას და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, არ გამორიცხავენ აქციების დაგეგმვასაც.