Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ქალის დედა პროკურატურას სიფრთხილისკენ მოუწოდებს


არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ მოზარდების გამოკითხვა, რომლებსაც საქმეში ბრალდებული ამერიკის მოქალაქე, თბილისში, ერთ-ერთ ბინაში მოწყობილ ფოტოსტუდიაში, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდა.

რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა საქმეში ბრალდებული ქალის დედა. ამავე საქმეზე დაკავებულია მისი დისშვილიც. ქალი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ის გარემოებების მსხვერპლია.

34 წლის ქალი, გამოძიებამ დეკემბრის დასაწყისში, სხვა 10 პირთან ერთად დააკავა. ის ექიმია და დაკავებამდე მუშაობდა შიდა ქართლში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში. ჰყავს ქმარი და ორი შვილი, 14 წლის გოგო და 5 წლის ბიჭი.

როგორც ბრალდებულის დედა ეუბნება რადიო თავისუფლებას, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც, მისი ქალიშვილი შვილისთვის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების გადაღებას დასთანხმდებოდა:

“ჩემი შვილი 12 წელია ექიმის პროფესიას ემსახურება. ჰყავს ქმარი, რომელიც ასევე დასაქმებულია. გარდა ამისა, წლებია ემიგრაციაში ვარ და არაფერს ვაკლებ ჩემს შვილებს. არანაირი ფინანსური საჭიროება არ აქვთ იმისა, რომ მსგავს ამაზრზენ საქმეში ჩართონ შვილი. ეს არის აბსურდი”.

ბრალდებულის დედის თქმით, შვილთან და შვილიშვილებთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა. ბებიამ იცოდა, რომ ბავშვს ფოტომოდელობა უნდოდა. თუმცა, ფოტოსესიების შესახებ არაფერი იცოდა.

ქალის თქმით, შვილიშვილი ფოტოსესიებზე მისმა დისშვილმა წაიყვანა:

“ამერიკის მოქალაქე, რომელიც ბავშვებს ფოტოებს უღებდა, თბილისში, ჩემი დისშვილის ბინას ქირაობდა. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ეს ამბავი მოგვიანებით, ტელევიზიით შევიტყვეთ. ჩემმა დისშვილმა წაიყვანა ჩემი შვილიშვილი თბილისში სტუმრად. არ ვიცოდით, გადაღებაზე თუ აღმოჩნდებოდა. ცხადია, ჩემს დისშვილს ყველანი ვენდობოდით და არანაირი ეჭვი არ გაგვჩენია არაფერზე. ჩემი შვილი არც იმ სტუდიაში ყოფილა არასდროს და არც არანაირი თანხა არ უღია ფოტოების სანაცვლოდ. გამოძიებას ამის არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია”.

ბრალდებულის დედა ამბობს, რომ სექტემბერში, როდესაც პორნოგრაფიის საქმეზე პირველი 11 ბრალდებული დააკავეს, მისმა შვილმა აქტიური თანამშრომლობა დაიწყო გამოძიებასთან:

“სამჯერ იყო გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით. არც კი უფიქრია, რომ მისთვისაც შეეძლოთ ბრალის წაყენება. ბავშვმაც მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ თქვა, რომ სტუდიაში მას საცურაო კოსტიუმში გადაუღეს ფოტოები. თუმცა, ირწმუნებოდა, რომ მისთვის შიშველი ფოტოები არ გადაუღიათ”.

ბრალდებულის დედას, გარდა დაკავებული შვილის მდგომარეობისა, ამჟამად ყველაზე მეტად დედის გარეშე დარჩენილი შვილიშვილების ბედი ადარდებს:

“მე როგორც შემიძლია გვერდში ვუდგავარ. გოგო უფრო მაგრად არის, თუმცა, მაინც მაღელვებს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ვერ გაურკვევია, რა მოხდა და რატომ მოხდა. ჯერჯერობით მასთან ფსიქოლოგი არ მისულა. რაც შეეხება უმცროსს, 5 წლის ბიჭს, ის ძალიან განიცდის უდედობას. ერთი ღამეც არ დარჩენილა დედის გარეშე. ახლა ბავშვები დეიდასთან არიან, ვცდილობთ არაფერი ვაგრძნობინოთ, მაგრამ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ”.

დაკავებული ქალის დედისთვის აბსოლუტურად მიუღებელია პროკურატურის განცხადება, რომ მოზარდების მშობლებმა იცოდნენ რა ტიპის ფოტო-გადაღებები მიმდინარეობდა ე.წ. ფოტოსტუდიაში. მისი თქმით, ამ ტიპის განცხადებებით, პირველ რიგში, სწორედ მოზარდები ზარალდებიან:

“საქმის პროკურორმა დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა. ამგვარ სიტუაციებში, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს თითოეული სიტყვა, რათა ბავშვები არ დაზარალდნენ. ამ ტიპის საჯარო განცხადებებით, კი პირველ რიგში, სწორედ ბავშვების ინტერესები, მათი უფლებები ზარალდება. მეშინია, ბავშვმა თავს რამე არ აუტეხოს”.

საქმის პროკურორი, მარიამ გოგორელიანი, როგორც პირველი ნაკადის დაკავებისას, სექტემბერში, ისე ამჯერადაც ამბობს, რომ მოზარდების მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, თუ რა ტიპის გადაღებები ხორციელდებოდა ფოტო-სტუდიაში: „ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც იღებდნენ ფოტოებს. არსებობს ფოტო-ვიდეომასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე, აუდიოჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება, რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები“.

გამოძიების თანახმადვე, მშობლები საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო- და ვიდეომასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა. პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქეს რამდენიმე წლის წინ, საკუთარ ქვეყანაში აქვს მოხდილი სასჯელი ანალოგიური ბრალდებით.

არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, აგვისტოდან დღემდე, 22 პირია დაკავებული. მათგან ორი უცხო ქვეყნების, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან; ერთი დაკავებული პედაგოგია, დანარჩენები კი არასრულწლოვნების მშობლები არიან.

11 პირი გამოძიებამ აგვისტო-სექტემბერში დააკავა. მომდევნო 11 პირი, მათ შორის, 10 მშობელი და ერთი პედაგოგი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. ბრალდება 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ 22-ივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომები 6 და 20 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG