ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტის, ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდესი მწერლის, უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საყვარელ პერსონაჟზე, კვენტინ კომფსონზე. კომფსონების ოჯახის უფროსი ვაჟი, ფაქიზი, განათლებული და იდეალისტი პიროვნება, სამხრეთის მორალის თითქმის ერთადერთი შემორჩენილი მცველი, მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლის, ჰარვარდის უნივერსიტეტის, სტუდენტი, კვენტინ კომფსონი, ფოლკნერის ორი გენიალური რომანის, „ხმაურისა და მრისხანებისა“ და „აბესალომ, აბესალომის“ ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟია. ფოლკნერის ერთგული მკითხველისთვის დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც 1929 წელს გამოცემულ რომანში ამ გმირს თითქოსდა სამუდამოდ გამოეთხოვა, მაგრან მას კვლავ შეხვდა ცოცხალს და საღ-სალამათს 1936 წელს გამოცემულ წიგნში. რატომ ვერ „წაიკითხა“ საკუთარი ვაჟი მამამისმა, უფროსმა ჯეისონ კომფსონმა; რატომ თქვა გულისტკივილით ცოცხალი დედის პატრონმა კვენტინმა, მე რომ დედა მყოლოდაო; რატომ იბრალებდა დასთან, კედისთან, დაკავშირებულ ყველა უბედურებას კვენტინი; რატომ გამოიცვალა კოსტუმი უკანასკნელი წარმოდგენის წინ; რა ეწერა მამისთვის მიწერილ წერილში; რატომ გადაახდევინეს ჯარიმა უდანაშაულო კვენტინს; რა დაუჯდა მის ოჯახს მისი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობა; რა უთხრა კვენტინმა მამას დის ორსულობის შესახებ და რა უპასუხა მამამ; რატომ იყიდა კვენტინმა ორი მძიმე უთო; ვინ იყვნენ დოლტონ ეიმსი და ჰერბერტ ჰედი; რატომ მიაჩნდა უფროს ჯეისონ კომფსონს ქალწულობა სიკვდილის მაგვარ მოვლენად; რატომ ცვლიდნენ სინამდვილეს კვენტინი და შრივი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: