Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარადოქსი: რესტორნებში საჭმელს ყრიან, ბევრი კი შიმშილობს


კვების ობიექტებში მორჩენილ საჭმელს ყრიან, მაშინ როცა ბევრია ისეთი, ვინც ხშირად შიმშილობს კიდეც. შუამავალი რგოლი, რომელიც რესტორნებს, სუპერმარკეტებსა და სოციალურად დაუცველ პირებს ერთმანეთთან დააკავშირებდა, არ არსებობს. შესაბამისად, პროდუქტი იკარგება.

ვიღაც უნდა მოდიოდეს მანქანით და მიჰქონდეს დარჩენილი საჭმელი. საკვები ობიექტი მორჩენილ პროდუქტს 2-3 დღე ვერ გააჩერებს, მისი დასადები ადგილიც არაა. ვინმემ უნდა წაიღოს...
ბექა მოლაშვილი

პირები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესში მუშაობენ, ამბობენ, რომ მორჩენილი საკვების დარიგება არც ისე ადვილია, ამით საკვებ ობიექტებს მხოლოდ საქმე და უსიამოვნება ემატებათ. მათი მოტივაცია მხოლოდ სიკეთის გაკეთების სურვილი შეიძლება იყოს.

ბექა მოლაშვილი, ერთ-ერთი ბარის მენეჯერი: „თუ ძველი პური რჩება ან რამე ასეთი, სოფელში მიაქვთ ხოლმე, საქონელს აჭმევენ, მაგრამ საკვების უმეტესობა მართლა იყრება, მაგის დაფასოებას არავინ იწყებს. ვიღაც უნდა მოდიოდეს მანქანით და მიჰქონდეს დარჩენილი საჭმელი. საკვები ობიექტი მორჩენილ პროდუქტს 2-3 დღე ვერ გააჩერებს, მისი დასადები ადგილიც არაა. ვინმემ უნდა წაიღოს“.

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებით არის დაკავებული, ამბობს, რომ რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა რესტორნებში დარჩენილი საჭმელი გაჭირვებულებისთვის მიეწოდებინა, მაგრამ ამისთვის რესურსი არ ჰყოფნის. მისი თქმით, საჭიროა დიდი მაცივარი, სადაც საკვებს შეინახავენ, და ჯგუფი, რომელიც პროდუქტის სხვადასხვა რესტორნიდან წამოღებასა და გადანაწილებაზე იზრუნებს.

აკა სინჯიკაშვილი: „რესტორნები ხშირად ერიდებიან კიდეც საკვების გატანებას. ჯერ ერთი, მათთვის ზედმეტი ნერვების შლაა და, მეორეც, დროულად რომ არ მივიტანო ადრესატამდე, გაფუჭდება, ვინმეს მოწამლავს და ისევ რესტორანმა უნდა აგოს პასუხი. თუმცა კი, გვაძლევენ, მაგრამ მარტო ვერ ვარიგებ. ძირითადად ხორცია და მალე ფუჭდება.

აკა სინჯიკაშვილი
აკა სინჯიკაშვილი

იმასაც ვეუბნებოდი, რესტორნის უკანა მხარეს ერთი პატარა ფანჯარა გამოჭერით და იქ დადევით, წამღები ყოველთვის ეყოლება-მეთქი, მაგრამ ვერავის გავაკეთებინე. საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ველაპარაკე, რომ რომელიმე ტაძრის ეზოში მაგიდები დაეწყოთ. მარჯანიშვილზე რუსულ ეკლესიაში (ალექსანდრე ნეველის სახელობის) ასე აწყვია მაგიდები და იქ მიმაქვს ხოლმე საჭმელი. როცა მირეკავენ, დაგვრჩა და რა ვუყოთო, ან რუსულ ეკლესიაში ვგზავნი, ან რომელიმე კონკრეტულ ოჯახს ვუთითებ, რომ იქ მაინც მიიტანონ. ათასობით ადამიანია თბილისში, ვისაც საკვები სჭირდება. სოციალურად დაუცველის სტატუსი ძალიან ბევრს არა აქვს ისეთს, ვისაც, შესაძლოა, ლუკმაც არ გააჩნდეს სახლში“.

აკა სინჯიკაშვილი ამბობს, რომ სამომავლოდ აპირებს კიდეც ორგანიზება გაუკეთოს ამ პროცესს.

ოლიმპიურ კომიტეტში კვების სამსახურის უფროსი ვიყავი და ვხედავდი, რამდენი საკვები რჩებოდა. შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეგზავნა წყნეთის ბავშვთა სახლში, მოხუცებთან...
ლევან აღნიაშვილი

ichange.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა, მათთვის საჭირბოროტო, თემაზე პეტიციის ტექსტი გამოაქვეყნონ და საზოგადოებას ხელმოწერისკენ მოუწოდონ, მოქალაქე ლევან აღნიაშვილმა ისიც კი მოითხოვა, რომ დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი პროდუქტის გაყიდვა კანონით აიკრძალოს.

ლევან აღნიაშვილი: „ოლიმპიურ კომიტეტში კვების სამსახურის უფროსი ვიყავი და ვხედავდი, რამდენი საკვები რჩებოდა. შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეგზავნა წყნეთის ბავშვთა სახლში, მოხუცებთან... “

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ამბობს, რომ საჭმელი არასდროს უნდა იყრებოდეს, მით უფრო, როცა გარშემო ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანია. მისივე თქმით, ამ მხრივ საჭიროა უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, მაგალითად, საზღვარგარეთ ხშირად რესტორანში ვახშმობის შემდეგ საჭმელს არც ტოვებენ, კონტეინერებით თან მიაქვთ, შემდეგ ან თავადვე მიირთმევენ, ან სხვას აძლევენ:

ელენე რუსეცკაია
ელენე რუსეცკაია

„როდესაც რეგიონებში ჩავდივართ, ვხედავთ, რომ ხშირად ბავშვები თავის ასაკს განვითარებით ჩამორჩებიან, მათ შორის გონებრივი განვითარებითაც და ამის მიზეზი საკვების, კერძოდ, იმ პროდუქტების ნაკლებობაა, რომელიც ბავშვისთვის არის საჭირო. ამას ემატება ისიც, რომ, გაჭირვებასთან ერთად, მშობლებს არა აქვთ საკმარისი განათლება და, შესაძლოა, მხოლოდ პურზე გაზარდონ ბავშვი“.

არის მეორე საკითხიც: საკვებ ობიექტებს პროდუქტის გადაყრა უფრო აძლევს ხელს თუ მისი გაცემა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ნარჩენები ქველმოქმედების ობიექტს არ წარმოადგენს და, შესაბამისად, არც იბეგრება, ამიტომ მისი გაცემა-არგაცემა უფრო მორალური საკითხია, ვიდრე ეკონომიკური. სოსო არჩვაძე ამბობს, რომ თუ გვინდა სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, ერთმანეთის გულშემატკივრობა და გაჭირვების გაზიარება უნდა მოვახერხოთ, მით უფრო, რომ მისივე თქმით, საქართველოში, შემოსავლების მიხედვით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული სხვაობა ძალიან მაღალია, ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე, ვთქვათ, გერმანიაში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG