Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი ეს სამი მიცვალებულია: მეუღლე, ძმა და მამა“ - ოჯახები იბრუნებენ აფხაზეთში დარჩენილი ახლობლების ნეშტებს


მზადება აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდისთვის.
მზადება აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდისთვის.

დღეს, 20 ივლისს, დაკრძალავენ კიდევ 13 ადამიანს, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ და ოჯახებმა მათი ნეშტები მხოლოდ 30 წლის შემდეგ დაიბრუნეს.

გივი ჭელიძე, დავით ზაქარაია, გურამ ხუნწელია, შახი სიჭინავა, შითა მურუსიძე, მოსე მარგველანი, ანზორ თოდუა, გენადი თოდუა, ვახტანგ ჩიჩუა, აბელ პატარაია, დავით შარვაძე, ჯემალ იოსავა, გულნარა აბულაძე - აფხაზეთიდან გადმოსვენებულებიდან 4 სამხედროა, 9 კი სამოქალაქო პირი. მათი პანაშვიდი თბილისში, სამების ტაძარში გაიმართა.

სოსო პატარაია, აბელ პატარაიას შვილი: „მამა დედაჩემმა თავისი ხელით დაასაფლავა, ნახევარი საათი ჰქონდა მის დასამარხად. დაატყვევეს მამაჩემი, ეკითხებოდნენ, შენი შვილი თუ იბრძოდაო. მე მაშინ ოცი წლის ვიყავი. არ მიბრძოლია. მამაჩემს ესროლეს და დედას უთხრეს, ნახევარ საათს გაძლევთ დასასაფლავებლად, თუ არა და დავწვავთო. მეზობელი ქალი მოიხმარა და თავისი ხელით გათხარა მიწა ეზოში. ბოლო დრომდე იქ იყო დამარხული. ახლა, როგორც იქნა, გადმოვასვენეთ და დედაჩემის გვერდით, ქუთაისში დავკრძალავ.

მამა დამსახურებული პედაგოგი იყო, დედაც. არ ვიცი, რამ გაამწარა ის ხალხი ასე, არავის ინდობდნენ“.

დავით იოსავა
დავით იოსავა

დავით იოსავა, ჯემალ იოსავას შვილი: „მამა 53 წლის იყო, რომ მოკლეს. 1992 წელს 2 ოქტომბერს, გაგრა რომ დაეცა მაშინ აიყვანეს ტყვედ, ის და მისი მეგობარი დავით შარვაძე. 9 ოქტომბერს დახვრიტეს ორივე და მერე დავითის მეუღლემ დაასაფლავა, იქვე პატარა სასაფლაოზე. 15 წლის წინ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარე, რომ მამის საფლავი მომეძებნა.

ახლა თან მიხარია, რომ დედის გვერდით დავასაფლავებ, თან იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა აფხაზეთშია დამარხული, 9 წლის დაიხრჩო ბიჭვინთაში“.

მურად შარვაძე, დავით შარვაძის შვილი: „მამაჩემი და ჯემალ იოსავა ერთად დაიღუპნენ. დედაჩემი, მეგი შარვაძე იქ იყო ჩარჩენილი და იქვე დაიკრძალა წვალებით. ვერც ეხმარებოდნენ რიგიანად, ქართველებს მაშინ ეშინოდათ გამოჩენა.

მამა კარგად მახსოვს, ტკბილი კაცი იყო, უკონფლიქტო. ბევრჯერ მიფიქრია, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრება გაცილებით სხვანაირი იქნებოდა-მეთქი.

აქამდე ყოველი აღდგომა ტკივილიანი იყო, საფლავზე რომ ვერ გავდიოდი. ახლა ტყიბულში დავკრძალავ, სოფელ საწირეში, სადაც დაიბადა და გაიზარდა“.

მარინა თოდუა
მარინა თოდუა

მარინა თოდუა: „ჩემი ეს სამი მიცვალებულია: მეუღლე - ვახტანგ ჩიჩუა, ძმა - ანზორ თოდუა და მამა - გენადი თოდუა. ჩემი ძმა და მამა სოხუმის რაიონ სოფელ აჩადარაში ცხოვრობდნენ, მე მეუღლესთან ერთად - ბაბუშარაში. ჩემი ორი შვილით, 28 სექტემბერს, ბოლო თვითმფრინავით წამოვედი. ისინი იქ იყვნენ, სამივენი, ჩემს სახლში. ოქტომბერში შემოვიდნენ მაროდიორები და იარაღი მოგვეცითო. იარაღი ამათ საიდან ექნებოდათ და ჩახოცეს ყველა.

პლედებში გახვეულები დაუმარხავთ ეზოში. შემდეგ ამ სახლ-კარს სხვა დაეპატრონა. არ ინდომა ეზოში მიცვალებულები და სასაფლაოზე გადაასვენა, ტრიალ მინდორზე, არც შემოკავებული იყო, არც არაფერი. ნათესავი გვყავს იქ, მოიძია ის ადგილი და ასე გადმოვასვენეთ. ახლა მაინც მიაკითხავენ შვილები საფლავს.

ჩემი მეუღლე 38 წლის იყო, რომ მოკლეს, ძმა - ორმოცის და მამა ოთხმოცის. 30 წელიწადია მხრებით იმხელა ტვირთს ვატარებ, შვილებზე ვზრუნავდი და ამით გადამქონდა. სახელმწიფო არასოდეს დამხმარებია, მხოლოდ ობლობის პენსია ჰქონდათ ბავშვებს. ჩემი ძალებით და ნათესავების დახმარებით გამოვზარდე“.

გია ზაქარაია, დავით ზაქარაიას ბიძაშვილი: „25 წლის იყო. ბოლო დღეებამდე იბრძოდა, საწყალი. 1993 წლის 17 სექტემბერს დაიღუპა აჩადარაში. ჭურვმა მოკლა ადგილზე. 19 სექტემბერს თავისი სახლის ეზოში დავასაფლავეთ.

მაგარი ადამიანი იყო, 1500 კომლი იყო აჩადარაში და ეს ყველას უყვარდა“.

უკვე წლებია, წითელი ჯვარი სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაღუპულების საფლავებს ეძებს. უკვე ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა 243 ცხედარი, 2049 ადამიანის საფლავს კი ჯერაც ვერ მიაკვლიეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG