Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქროულობა და ათასობით დოლარი - ბრალდებული არ აღიარებს, რომ მღვდელი გაქურდა 


გიორგი გოგობერიშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მღვდელ თეიმურაზ ბერიშვილის სახლის ძარცვისთვის დააკავეს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის ადვოკატს იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლო განაჩენს შეცვლის და რადიო თავისუფლებას თავის არგუმენტებს უზიარებს, თუ რატომ თვლის, რომ გამოძიებას ხარვეზები აქვს.

მღვდლის სახლი 2021 წელს გაქურდეს. მისი ბინიდან ოქროულობა, ძვირფასი ბეჭდები და 36 ათასამდე დოლარი დაიკარგა.

მამა თეიუმურაზი (ბერიშვილი) იმ ზაფხულს რამდენიმე დღით თბილისიდან ზღვაზე წავიდა და ახლობელს, გიორგი ახვლედიანს სთხოვა, დროდადრო ყიფიანის ქუჩაზე, მის სახლში შეევლო. როდესაც 6 აგვისტოს გიორგი ახვლედიანი ყვავილების მოსარწყავად მივიდა - სახლი გაქურდული დახვდა.

გამოძიებამ ბინა დაათვალიერა და დაასკვნა, რომ მძარცველები ბინაში ღამე, აივნიდან შეიპარნენ. დაიკარგა ფული და ძვირფასეულობა, ყველაფერი ერთად - დაახლოებით 300 ათასი ლარის.

მამა თეიმურაზის ჩვენებით, მოპარულია: 36 ათასი დოლარი, რამდენიმე ე.წ. ჩისტატა (გადამდნარი ოქრო), ოქროს ბეჭდები ძვირფასი თვლებით, მაგიდაზე დალაგებული ხურდა ფული, ჩანთები - მძარცველებს სავარაუდოდ ტყავის ეგონათ და ოქროსფერი ლითონის ძაღლის სტატუეტი, ესეც სავარაუდოდ ოქროში აერიათ.

რამდენიმე დღეში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წერეთლის გამზირზე დააკავეს 1991 წელს დაბადებული გიორგი გოგობერიშვილი. იმავე დღეს გაჩხრიკეს ბინა ნუცუბიძის ქუჩაზე, სადაც გიორგი ბოლო დროს ცხოვრობდა. ამ ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ის ოქროსფერი ძაღლი იპოვა, რომელიც მღვდლის ბინიდან დაიკარგა.

გიორგის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე ეჭვობს, რომ ეს ნივთი იქ ან თავად პოლიციამ მიიტანა, ან ვინმე სხვამ, ვისაც სურდა დანაშაული გიორგისთვის გადაებრალებინა. ადვოკატის თქმით, დასაბრალებლად გიორგი „კარგი კანდიდატურა“ იყო, როგორც ნარკოდამოკიდებული და წარსულში ნასამართლევი.

„უამრავი ადამიანი ადიოდა გიორგისთან. ყველამ იცოდა, რომ გასაღებს ხალიჩის ქვეშ ინახავდა“, - ამბობს ადვოკატი.

გიორგის დედა ნელი ნიჟარაძე ჰყვება:

„იმ ბინაში დასალაგებლად მივდიოდი ხოლმე. გასაღებს ყოველთვის ხალიჩის ქვეშ ვტოვებდი. იმ დღეს რომ მივედი, ორი პოლიციელი კარზე აკაკუნებდა, გაგვიღეთო. ხალიჩა გადაწეული იყო და კარი ოდნავ შეღებული, ჩანდა, რომ ჩაკეტილი არ იყო. ვფიქრობ, რომ დამინახეს, მაშინ გაითამაშეს ეს სცენა, ვითომ ახლა აკაკუნებდნენ. ამ დროს გიორგი უკვე დაკავებული იყო და ვის უკაკუნებდნენ?“.

არც ოქროულობა, არც დოლარები ბრალდებულის სახლში არ აღმოჩნდა. ლითონის ძაღლი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებაა. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მამა თეიმურაზმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ ნაპოვნი ლითონის ძაღლი ნამდვილად მისია.

„არა მარტო მე, ჩემს სახლში ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია, იგივეს დაადასტურებს. გოგობერიშვილი საიდან ადასტურებს, ეს ძაღლი საიდან აღმოჩნდა მის სახლში? თამაშობდა? ერთობოდა?“, - იკითხა მამა თეიმურაზმა სასამართლოზე.

ღამის სამი მგზავრი

საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ტაქსისტი ფრიდონ გაბედავა, რომელიც აცხადებს, რომ გიორგი გოგობერიშვილი 6 აგვისტოს ღამეს მანქანაში ჩაუჯდა და სთხოვა, მთაწმინდისკენ წაეყვანა, თან ტელეფონზე ვინმე ლევანს ურეკავდა და ეკითხებოდა, სად მოვიდეო. მოგვიანებით მის ტაქსიში კიდევ ორი ადამიანი ჩაჯდა. მგზავრობის ფული რომ გადაეხადათ, გზად „რიკო კრედიტში“ ასდოლარიანი დაახურდავეს. გაბედავამ გოგობერიშვილი ჯერ ფოტოთი ამოიცნო, მერე სასამართლო სხდომაზე.

გიორგი ბარდაველიძე
გიორგი ბარდაველიძე

„გაბედავას ჩვენებიდან გამოდის, რომ გიორგი არის თავისუფლების მოედანზე, უბრალოდ აიყვანა ტაქსი და ვიღაცასთან მიდის. გიორგის არც სუნის კვალი, არც ბიოლოგიური მასალა, არც ფეხის კვალი, არც თითის ანაბეჭდი თეიმურაზ ბერიშვილის სახლში არ აღმოჩენილა. ტაქსის მძღოლის ჩვენებაც ხომ უნდა დასტურდებოდეს ვიდეოჩანაწერებით?! არცერთ კამერაზე გიორგი გოგობერიშვილი არ არის დაფიქსირებული. არც იმ ლითონის ძაღლზე არ არის გიორგის რამე კვალი, - ამბობს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე, - თან გაბედავა ამბობს, მგზავრი სპორტული აღნაგობის იყოო. გიორგი თუ სპორტული აღნაგობისაა და რა ვიცი. ერთი გამხდარი ბიჭია“.

ადვოკატი ამბობს, რომ სატელეფონო ანძების ჩანაწერები გამოითხოვა. გოგობერიშვილის ტელეფონი 6 აგვისტოს არც თავისუფლების მოედანზე ფიქსირდება, არც - მთაწმინდაზე.

საიდან მოხვდა ოქრო და ბრილიანტები მამა თეიმურაზის სახლში?

სასამართლო სხდომაზე მღვდელი თეიმურაზ ბერიშვილი ემოციურად საუბრობდა. ამის გამო მოსამართლემ რამდენჯერმე შენიშვნაც მისცა. დაზარალებულმა თქვა, რომ წაღებული ნივთების გარდა, მის სახლში კიდევ ბევრი რამ იყო ძვირფასი, მაგრამ მძარცველებმა იმას ხელი არ მოკიდეს.

„მაგალითად, ერთ-ერთ ხატზე ეკიდა სანაწილე, მეორეზე - მერვე საუკუნის ჯვარი, ესენი რაც წაიღეს, იმაზე ასჯერ ძვირი ღირს, მაგრამ თითი არ დაუდვიათ არაფრისთვის... ზუსტად იცოდნენ, რომელი უჯრა უნდა გამოეწიათ, სად უნდა ჩაეყოთ ცხვირი. მაგის გარდა დადგეს სპექტაკლი, გამოიღეს ჩემი ტუფლები, ლოგინზე დაალაგეს. იარაღი გამოიღეს. სცენა დადგეს, რომ აი, საზიზღარი ცხოვრობს, იარაღი, ლამაზი ტუფლები აქვს... ეს არის აი, ამათი, მორფინისტების აზროვნება“, - უთხრა მან მოსამართლეს და ისიც დაამატა, რომ მძარცველებს „ნაკოლი“ ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ აინტერესებდა თეიმურაზ ბერიშვილის ძვირფასი ნივთებისა და ფულის წარმომავლობა, სასულიერო პირმა ეს თავისი ინიციატივით განმარტა.

31 ათასი დოლარი - „ამ თანხის დანიშნულებას გეტყვით, რამდენიმე დღეში ირაკლი გურჩიანთან ერთად ჯიპი უნდა გვეყიდა, „ლენდ კრუიზერი“, მთისთვის, რაჭისთვის. ის ამ წუთას ნაყიდია და ჩემთან ფარეხში დგას“. რადიო თავისუფლებას მღვდელმა უთხრა, რომ მანქანისთვის თანხა ისევ შემოწირულებით შეგროვდა: „უამრავმა კეთილმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, დანაკარგი აენაზღაურებინათ“, - თქვა მან.

4800 დოლარი - „კონვერტზევე ეწერა: „შესაწირი ხატებისათვის“.

ოქროს ბეჭედი მწვანე ძვირფასი თვლით - „ნინო რამიშვილმა გარდაცვალების წინ პირადად მე მაჩუქა თავისი ფინჯანი, ვერცხლის, ძველებური, რომლითაც ძილის წინ კონიაკს სვამდა. ჩემს მეუღლეს აჩუქა ოქროს ძეწკვი, ორი ფერის. ჩემს შვილს აჩუქა ბეჭედი, ხელიდან მოიხსნა, კახა, ცოლს რომ მოიყვანო, ჩემი სახელითო, მე ცოცხალი აღარ ვიქნებიო... ჩემი მრევლი იყო, აღსარებას მაბარებდა და ვაზიარებდი“.

ოქროს ბეჭედი მწვანე დიდი, ძვირფასი თვლით - „გახსოვთ, „ტროიკები“ იყო, ბეჭედი და საყურეები. გარდაცვლილი ქალის ოჯახმა შემომწირა. ორი ზუსტად ასეთ თვლიანი საყურე ახლაც საკურთხეველშია, ერთი წმინდა ბარბარეს ხატზე, მეორე - წმინდა თეკლესი. ბეჭედი იყო დარჩენილი, რომელსაც ჯერ ფუნქციურად ადგილი ვერ მოვუძებნეთ. „ჩისტატა“ მანდ რომ წერია, ეს რას ნიშნავს? ვიღებთ ოქროს, ვადნობთ და რბილი ფორმით, უფრო რბილით, ვიდრე ბაჯაღლოა, ვიყენებთ ხატების მოსაოქროებლად, ტიხრული მინანქრის დასამზადებლად. ამისთვის მოვაგროვეთ. ღმერთმა იცის, რომ თუ რამე დამიმატებია, თორემ ჩემთვის მილიგრამი არ გამომიყენებია. საკურთხეველში რომ მობრძანდეთ, ყველა ხატი მოოქროვილია. ყველაზე ძვირფასეულობაა. ეს არის მორწმუნე ადამიანების შენაწირი“.

რკალისებრი ბეჭედი ძვირფასი თვალით - „ექვსი შვილის დედამ, თეკლა ლეჟავამ შემოწირა წმინდა თეკლეს ხატს. უბრალოდ, ფორმით არ ჩაჯდა, ამიტომ სხვა თვალი უკეთია [ხატს] და ეს შენახული იყო, რომ როდესმე სხვა ხატზე გაგვეკეთებინა“.

სხვა მოპარული ნივთების წარმომავლობაზე საუბარი მამა თეიმურაზს მოსამართლემ აღარ დააცალა - გამოძიების თემა არ არისო.

მამა თეიმურაზი: „ჩანთა იქვე მოიპარეს, ჩემი ჩანთა, მხარზე გადასაკიდი. ის ფულები და ძვირფასეულობა ჩააწყვეს. სამნი იყვნენ. „კრიშიდან“ გადმოძვრნენ. მეზობელს აქვს ჩვენება მიცემული, რომ სამნი იყვნენ და ერთმანეთთან ლაყბობდნენ და იცინოდნენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

შვილობილის წინააღმდეგ

ამავე სასამართლო სხდომაზე მამა თეიმურაზმა განაცხადა, რომ მძარცველებს სახლის გაქურდვა მისმა შვილობილმა ლადო ბერიშვილმა დაავალა.

„ზუსტად ვიცი, ის ადამიანი ვინც არის. ეს არის ლადო ბერიშვილი, ჩემი ყოფილი შვილობილი, რომლის შვილებსაც მე ვზრდი ახლა. დამიტოვა ცოლი და სამი ბავშვი, 65 წლის ასაკში ოთხი შვილის მამა გავხდი. მე ვპატრონობ, ერთი არ მოუკითხია, რას ჭამენ, როგორ არიან“, - განაცხადა მან.

მამა თეიმურაზმა არაერთხელ მიანიშნა, რომ გოგობერიშვილი გამოიყენეს. დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სასამართლოზე ასეთი დიალოგიც გაიმართა:

გიორგი გოგობერიშვილი: „მეტადონის პროგრამაში რომ ვიყავი და დოლარი დავახურდავე, იმას ნიშნავს, რომ შენი სახლი მე გავძარცვე?“

მამა თეიმურაზი: „გიორგი, მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. შენზე კარგად გავიარე ქუჩა, უსაყვედუროდ ყველასგან. ზუსტად ვიცი, სად და ვისთან ხართ გადაბმულები ყველანი. ზუსტად ვიცი ყველაფერი. დეტალებში ვიცი შენი ცხოვრება, შენზე კარგად, გიორგი. უნდა აგერჩია მეგობრები, როცა ამას გიკეთებდნენ, უნდა გეფიქრა, მაგრამ სად გქონდა ტვინი, რომ გეფიქრა“.

გიორგი გოგობერიშვილი: „ერთ რაღაცას გეტყვით, დარწმუნებით გეუბნებით, რომ მე არ ვარ ამ საქმეში, არაფერში დამნაშავე“.

მამა თეიმურაზი: „გიორგი, მე ეგ არ მაინტერესებს, ხარ თუ არა ამ საქმეში. ეგ უნდა იმას უთხრა, ვინც გაგწირა ამ საქმისთვის“.

„ყოფილი შვილობილი“ - ასე ეძახის თეიმურაზ ბერიშვილი ლადო ბერიშვილს. 1985 წელს დაბადებული ლადო ბეროშვილი პოლიციამ 13 აგვისტოს გაჩხრიკა და დაკითხა. თავის ჩვენებაში თეიმურაზს ის მამას უწოდებს, თუმცა, ამბობს, რომ მასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და წელიწადია არ უნახავს, მის სახლში კი ორი წელია არ ყოფილა. ძარცვასთან რამე კავშირს უარყოფს. გიორგი გოგობერიშვილიც აცხადებს, რომ ლადო ბერიშვილს არ იცნობს.

მამა თეიმურაზი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მართალია, ლადო ბერიშვილზე ეჭვი მიიტანა, მაგრამ: „ხელს არ ვადებ. ეჭვი გამიჩნდა, რადგან მძარცველებმა ზუსტად იცოდნენ, სად მიდიოდნენ. სანაწილე და ჯვარი კიდევ უფრო ძვირფასი იყო, მაგრამ არ წაიღეს, რადგან ეს ნივთები მერე სადღაც გამოჩნდებოდა და, როგორც იტყვიან, „დაიწვებოდნენ“, ფულზე კი ეს პრობლემა არ ექნებოდათ“, - თქვა მან და ისიც დასძინა, რომ გიორგი გოგობერიშვილის უდანაშაულობის არ სჯერა, - „მოდი ასე გეტყვით, არამც თუ ეჭვი მაქვს, ვიცი ვინც ჩაიდინა, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. გიორგი ჩემი აზრით გამოიყენეს, დაპირდნენ რაღაცებს და მერე მიატოვეს“.

გიორგი გოგობერიშვილის საქმე უკვე ორმა სასამართლომ განიხილა, მას ბრალი ძარცვაში ედება (ჯგუფურად) და შვიდი წელი აქვს მისჯილი. გოგობერიშვილის ადვოკატმა უკვე მიმართა უზენაეს სასამართლოს. მოსარჩელეები საქმის ხელახლა განხილვასა და ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ. ამ დრომდე არ უპოვიათ ის ორი ადამიანი, რომლებიც პროკურატურის ეჭვით ასევე ძარცვაში მონაწილეობდნენ, არც დაკარგული ფული და ოქროულობაა ნანახი. გამოძიება ისევ გრძელდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG