Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან და დაუსჯელი მსჯავრდებული


“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” მორიგი შეხვედრის მონაწილეები გალში
“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” მორიგი შეხვედრის მონაწილეები გალში

გალში, “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” მორიგ შეხვედრაზე, თბილისის დელეგაციამ პასუხი ვერ მიიღო გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის, გადმოცემის მოთხოვნაზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან განუცხადა, საკითხი თბილისის დელეგაციამ დღეს პრინციპულად არაერთგზის დააყენა:

„ეს საკითხი იყო ძალიან ინტენსიური განხილვის საგანი, ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებულის კანჯი-ოღლის მიმართ სამართლის აღსრულების, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის თაობაზე. ეს საკითხი გაჟღერდა შეხვედრის მსვლელობისას არერთგზის და ძალიან პრინციპულად. მათი პოზიცია არის უცვლელი. მათი პასუხი იყო გაურკვეველი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ხვალ, 19 მაისს, ორი წელი სრულდება, რაც 30 წლის გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთხოზორია რამდენიმე გასროლით კიდურებსა და მუცლის არეში დაჭრეს დე ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრეებმა, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, წაქცეულს თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალში შეხვედრის აღდგენის დაჩქარების მიზეზი 2016 წელს.

გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი ვერ მოახერხა. ჩვენს მდგომარეობას ვერც მისი დაჭერა შეამსუბუქებს და ვერც გიგას გააცოცხლებს, მაგრამ მინდა, რომ სამართლიანობის განცდა არსებობდეს, სხვებისთვისაც იყოს ნათელი, რომ მსგავსი ქმედებები დასჯადია...
ნინო ოთხოზორია

მას შემდეგ თბილისი ამ საკითხს აქტიურად აყენებს გალში, თუმცა შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწია. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ასეთ მცდელობას დადებითად აფასებს გიგა ოთხოზორიას ცოლი, ნინო ოთხოზორია, თუმცა აქვე დასძენს, რომ რეალურად ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და სახელმწიფომ ამ დრომდე ვერაფერი მოახერხა.

„ყველა შეხვედრაზე საკითხებად ისმება, რომ საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული და მკვლელი გადმოცემული. მესმის, რომ არსებობს ამის მიზეზები, თუმცა ორი წელი დამთავრდა და არც მკვლელია გადმოყვანილი აქეთ და არც იქ არის დასჯილი, საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი და გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი ვერ მოახერხა. ჩვენს მდგომარეობას ვერც მისი დაჭერა შეამსუბუქებს და ვერც გიგას გააცოცხლებს, მაგრამ მინდა, რომ სამართლიანობის განცდა არსებობდეს, სხვებისთვისაც იყოს ნათელი, რომ მსგავსი ქმედებები დასჯადია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ოთხოზორიამ.

ის მიიჩნევს, რომ დამნაშავის დასჯას ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობისთვის როგორც აფხაზეთში, ისე დანარჩენ საქართველოში, რათა მათ დაინახონ, რომ მსგავსი დანაშაული სამართლებრივად ისჯება.

რაშიდ კანჯი ოღლის ქუთაისის სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. 2018 წლის იანვარში საქმეზე საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საია საჩივარში ასაბუთებს რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სიცოცხლისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას.

თბილისი აპირებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის გადმოცემა მომდევნო შეხვედრებზეც მოითხოვოს. რიგით 57-ე შეხვედრა გალში 27 ივნისს ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG