თამარ შავგულიძის “კომეტებს”, რომელიც ორი შუახნის ქალის ხანგრძლივი სიყვარულის ისტორიას აღწერს, თბილისის კინოფესტივალზე აჩვენებენ. ფილმის პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე, სექცია “დებიუტში” შედგა და ახლა ევროპული ჩვენებებისთვის ემზადება. ფილმი ნომინირებული იყო Asia Pacific screen Awards”-ზე, საუკეთესო სცენარის კატეგორიაში.
ერთ-ერთი რეცენზიის მიხედვით, "ეს არის მშვიდი ფილმი, რომელიც ჰყვება ორი ქალის ხანგრძლივი, დაკარგული სიყვარულის ისტორიას. ფრაგმენტულ მოგონებებსა და დაძაბულ დიალოგებს შორის ფილმი მაყურებელს აჩვენებს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას ქვეყანაში, რომელიც ჯერაც იბრძვის ლგბტქ+ ადამიანების უფლებებისთვის".
რადიო თავისუფლება ფილმის ქართული ჩვენების წინ რეჟისორს და პროდიუსერს, თეკლა მაჭავარიანს ესაუბრა.
რა შეგიძლიათ გვითხრათ ფილმზე გარდა იმისა, რომ ის ორი ქალის სიყვარულის ამბავზეა გადაღებული?
თამარ შავგულიძე: ჩემს ფილმზე ლაპარაკი მიჭირს. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ კვირაში გადავიღეთ, მთავარ როლებში ნინო კასრაძე და ქეთი გეგეშიძე თამაშობენ. ორი ადამიანის ისტორიაა. ფილმს თბილისში ვაჩვენებთ და ალბათ სჯობს მაყურებელმა ნახოს და თავად შეაფასოს. ჩემთვის მთავარი ის არ არის, რომ აქ ქალების სიყვარულის ამბავია, ადამიანებზეა ეს ფილმი. თემა ფონია - მთავარია ადამიანები.
თეკლა მაჭავარიანი: ხაზგასმა იმაზე, რომ ეს არის ორი ქალის სიყვარულის ისტორია, ჩვენი მიზანი არ არის, ეს არის ფილმი ადამიანების სიყვარულსა და მეგობრობაზე, როგორც თამარი ამბობს ხოლმე, უპირობო სიყვარულზე. გვინდა, რომ ხალხმა ნახოს ეს ფილმი, ნახოს უპრობლემოდ და შეაფასონ ნამუშევარი.
როგორია ფილმის საფესტივალო ცხოვრება?
თეკლა მაჭავარიანი: ტორონტოს ფესტივალზე პრემიერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ევროპულ ფესტივალებთან გვაქვს მოლაპარაკება და ვინაიდან ნაციონალური ჩვენება არ უშლის ხელს სხვა ფესტივალებთან მოლაპარაკებას, ამიტომ გადავწყვიტეთ, თბილისში გვეჩვენებინა. თბილისის კინოფესტივალი წელს საიუბილეოა, მეოცედ იმართება და თან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მაყურებელი.
როგორ ფიქრობთ, ფილმი ხმაურს გამოიწვევს თემატიკიდან გამომდინარე?
თეკლა მაჭავარიანი: არ ვფიქრობთ, რომ ამ ფილმს ხმაური შეიძლება მოჰყვეს. როგორც სიყვარულზე გადაღებული ყველა ფილმი, ესეც სიძულვილის წინააღმდეგ არის.