ოფიციალურ, სახელმწიფო ბანკეტებზე კაცზე ერთნახევარ - ორ ბოთლ ალკოჰოლს ითვალისწინებენ. მანამდე ნორმა ერთი ბოთლი იყო. ეს ინფორმაცია „ვერსტკს“ კრემლთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა. ალკოჰოლის მეშვეობით ჩინოვნიკები „სტრესს ებრძვიან“. პრობლემები, რომელთა ღვინოში ჩახრჩობას ისინი ცდილობენ ომის შედეგებია. ომმა ძალიან დააზარალა რეგიონალური ბიუჯეტები. შიშობენ იმასაც, რომ თუ მობილიზაცია ისევ გამოცხადდა, ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს. პრობლემაა ფასების ზრდაც.
რამდენს და როდის სვამენ რუსი ჩინოვნიკები ამაზე „ნასტაიაშჩაია ვრემიასთან“ „ვერსტკის“ მთავარი რედაქტორი ლოლა ტაგაევა ჰყვება.
- წერთ, რომ რუსი ჩინოვნიკები სვამენ. ეს ალბათ სადილთან დალეული ჭიქა ღვინო არაა?
- დიახ, აქ იმაზეა საუბარი, რომ ისინი ამით რეალობასა და სტრესს გაურბიან. რაოდენობაზეც უნდა ითქვას. დიახ, ბანკეტებზე სვამენ. დიახ, რუსი ჩინოვნიკები ყოველთვის სვამდნენ. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ალკოჰოლის მეშვებით გაგვეგო, რა მდგომარეობაშია რუსეთის პოლიტიკური ელიტა. თუ მანამდე ბანკეტებზე კაცზე ერთ ბოთლი ალკოჰოლი მოდიოდა, ახლა ორია. ეს რეალობისგან თავის დაღწევის პოპულარულ საშუალებად იქცა. ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო, როდის შეიცვალა რაოდენობა. როგორც ჩვენი წყაროები გვატყობინებენ, ეს ამ წლის გაზაფხულზე მოხდა, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე ორდერები გასცა. ამას დაემთხვა კონტრშეტევის მოლოდინიც.
- აქამდე ომი და ყველაფერი, რაც ამ ომს უკავშირდება არ აწუხებდათ? მხოლოდ მაშინ, როდესაც ორდერები გაიცა?
- რუსული პოლიტიკური ელიტა (ყველა არა) ერთი წლის წინ ამაყობდა, გამარჯვების მოლოდინში იყვნენ გაერთიანებული. ომში მარცხთან ერთან რიტორიკაც იცვლებოდა. თავიდან იყო: „ბერლინისკენ! ახლა ევროპას დავამარცხებთ!“, მერე კი შიში და იმედგაცრუება.
ჩვენთვის ეს იყო საშუალება გაგვეგო, რა მოსდით მათ. ხომ გასაგებია, რომ რასაც ისინი საჯაროდ ამბობენ, რეალობას არ ასახავს. ხალხთან, ტელევიზიით მათ უნდა თქვან, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერს თავს ართმევენ, თუ ჯერ არ გაუმარჯვიათ, ახლა გაიმარჯვებენ. მაგრამ სინამდვილეში როგორ არიან ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზორის მაყურებლებისგან განსხვავებით, იაზრებენ, თუ რა ხდება ფრონტზე და ქვეყანაში... სინამდვილეში ყველაფერი არც ისე კარგადაა და ხალხი, რომელიც აანალიზებს, რაც ხდება, ცდილობს სტრესს დალევით მოერიოს.
- რეგიონებში ჩინოვნიკებმა თავად აღიარეს, რომ სვამენ?
- დიახ, ეს არ არის სამარცხვინო. ეს ერთგვარი სოციალიზაციის საშუალებაცაა. მაგრამ რაოდენობას ხომ აქვს მნიშვნელობა. ეს ხალხი ქვეყნის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.
სტატიაში ერთი გუბერნატორის შესახებ ვყვებით, ის იმდენს სვამს, რომ არ დაიკარგოს, კაცი მიუჩინეს. ვინც ყოველ დღე ხედავს, ჰყვება, რომ „თათბირებზე თოვლის კაცივით ზის და ვერც იგებს იქ რა ხდება“. და ეს არის ადამიანი, რომელსაც რუსეთის ერთი რეგიონის მოსახლეობის სიცოცხლე და კეთილდღეობა აქვს ჩაბარებული.
- რეგიონს არ დაასახელებთ?
- არა.
- და მედვედევი? თქვენი წყარო რას ამბობს ხმებზე, რომ ისიც სვამს? ან იმაზე, რომ „ტელეგრამში“ იმ ძალიან აგრესიულ პოსტებს მედვედევის ნაცვლად სხვა წერს?
- პოლიტიკურ ელიტაში ამაზე ყველა ისე ლაპარაკობს, როგორც ისედაც ცხად ამბავზე. მაგრამ ამის დაფიქსირება და თქმა, რომ „კი, ჩვენ ამის დათვლა და მოხელთება შეგვიძლია ჟურნალისტური მეთოდებით: მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით, სამედიცინო საბუთებით და ა.შ.“ - შეუძლებელია. მაგრამ არსებობს აზრი, რომ ის მართლაც ბევრს სვამს და ეს მის ტექსტებზეც აისახება.
- ანუ ამაზე რუსი ჩინოვნიკები საუბრობენ? ისინი განიხილავენ ამ თემას და არა ჟურნალისტები?
- დიახ, ეს ერთგვარი საერთო ინფორმაციაა, რომელიც აღმოჩენად არ ითვლება.
- ეს თემა განიხილებოდა და იყო ვერსიები, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო პოსტებს სხვა ადამიანი წერს. თქვენი წყარო ამბობს, რომ ასე არ არის?
- ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომლის გარკვევასაც ვცდილობდით: ვინ არის მედვედევის პოსტებზე პასუხისმგებელი, რადგან ისინი საკმაოდ სკანდალურია, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა თანამდებობა უჭირავს მედვედევს ახლა. სხვადასხვა აზრი იყო. მართლაც და, ჩინოვნიკები სოციალურ ქსელს ძირითადად თავად არ მართავენ, პიარ ჯგუფებს აბარია. ჩვენ სახელი გვაინტერესებდა. ვინ არის ეს ადამიანი? ვინ ამ ყველაფერს მართავს და ინტერნეტში აგზავნის. ხომ გასაგებია, რომ თუ ის მართავს, მაშინ რაღაც განაწესი არსებობს. მაგრამ მაინც ვისი ხელია ბოლო? ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს უმეტესად სწორედ მედვედევი წერს, „გარკვეულ მდგომარეობაში“.
- რუს ჩინოვნიკებს დასავლური ალკოჰოლი ურჩევნიათ?
- გამიკვირდა, მაგრამ რუსულ არაყს არ სვამენ. ევროპული არაყი აქვთ, საკმაოდ ძვირადღირებული. არადა, თითქოს რუსულ ბრენდს უნდა უჭერდნენ მხარს. ასევე სვამენ განთქმული რუსი მეღვინეების ნაწარმსაც.