ნატოში საქართველო შესაძლოა გამარტივებული პროცედურით გაწევრიანდეს, იუწყება რუსეთის სახელმწიფო მედია ბრიუსელიდან, ინკოგნიტო დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებულ პირდაპირ განმარტებებს თავს არიდებს ნატოს გენერალური მდივანი, თუმცა იენს სტოლტენბერგი დარწმუნებით აცხადებს, რომ ალიანსის კარი კვლავ ღიაა და საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. საქართველოსთან დაკავშირებული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა 10 ივლისს ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. რას უნდა მოელოდეს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე, რომელსაც ბრიუსელი 11-12 ივლისს უმასპინძლებს და როდის შეიძლება დადგეს ნატოში გაწევრიანების დღე საქართველოსთვის?
გაწევრიანების კონკრეტულ გრაფიკს ვერ წარმოგიდგენთ, მაგრამ ნატოს კარი ღიაა და ძალაშია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, - ამ შინაარსის განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მართალია, ბუქარესტის სამიტის შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა და ჯერ ისევ არ არსებობს პასუხი შეკითხვაზე, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, მაგრამ მისთვის ბევრისმთქმელია, რომ ნატოს ოჯახს ახლახან მონტენეგრო შეემატა, ხოლო მაკედონიაც მალე დაიწყებს დიალოგს გაწევრიანების შესახებ.
იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება ქართული მედიის წარმომადგენლის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა. შეკითხვის ერთ-ერთ საფუძველს კი წარმოადგენდა რუსეთის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ მიერ 9 ივლისს გავრცელებული ცნობა ნატოში საქართველოს გამარტივებული წესით გაწევრიანების ვარაუდის შესახებ.
„მოსალოდნელია, რომ ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ბრიუსელში დაადასტურებს უცვლელ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და განაცხადებს, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა ალიანსის გაფართოების პროცესში. გამორიცხული არ არის გამოცხადდეს, რომ საქართველო შესაძლებელია გახდეს ნატოს წევრი MAP-ის მინიჭების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსია მიმდინარეობს. გაწევრიანების პირველად ინსტრუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“, - უთხრა სააგენტოს ინკოგნიტო დიპლომატმა ბრიუსელიდან და ეს არის ის, რაც რუსეთს ნამდვილად გააბრაზებს.
აუცილებელია თუ არა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ის) მიენიჭოს საქართველოს, იმისათვის რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი?
თუკი ნატოს ლიდერებსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიდგომებს გავითვალისწინებთ, საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, იქნება ეს ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (Enhanced Opportunities Partner) როლი, ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობის ინიციატივა (Defence Capacity Building Initiative) თუ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. მაგრამ მუდმივად აღინიშნება ისიც, რომ გაწევრიანებამდე აუცილებელია გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც (MAP). ასეა ბრიუსელის სამიტის წინაც და ეს რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისიმაც.
თუმცა MAP-ის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები შეიმჩნევა ანალიტიკოსთა წრეებში. როგორც „რონდელის ფონდის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლებელია MAP-ის გვერდის ავლაც, თუმცა საქართველო რეალურად ბოლომდე არ არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის და აქ იგულისხმება როგორც დემოკრატიულ, ასევე, მაგალითად, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ვალერი ჩეჩელაშვილი არ მოელის, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს რაიმე გადამწყვეტსა და ხელშესახებს შესთავაზებენ, თუმცა მოელის, რომ საქართველოს დელეგაციას (პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით) ბრიუსელში აუცილებლად დაუსვამენ შეკითხვებს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის მოულოდნელ და ძალიან ბუნდოვან გადადგომასთან დაკავშირებით.
ერთადერთი, რაც ამ ეტაპისთვის ზუსტად არის ცნობილი, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ბრიუსელში მოკავშირეები საქართველოს კიდევ ერთხელ დაუდასტურებენ ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებას და, ასევე, ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის უპრეცედენტო შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, რომლის მთავარი თემები რეგიონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებითაც.
საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრის მნიშვნელობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ ორი ქვეყნის მისამართით ნატოს განსხვავებული მიდგომები აქვს და თითოეული თავისი მიღწევების მიხედვით წაიწევს წინ.