Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადზე გასწორებული საათი


ნადი, მეზობლების უსასყიდლო შრომაა, რასაც ქართულ რეალობაში დღემდე შეხვდებით. მუშაობისთვის გასამრჯელო დღის ბოლოს გაშლილი სუფრაა და უსიტყვო შეთანხმება - ვისაც ახლა ეხმარებოდნენ, ის შემდეგ მათ დაეხმარება.

ნადის ტრადიცია არა მარტო დღევანდელი საქართველოს ტერიტორიებზე გრძელდება. ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ნადი თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმაც იციან და ფერეიდნელების, მაზანდარანელების შთამომაავლებმაც. ნადს სხვადასხვა სახელი აქვს: ნად, ნადიერი, ნოდიერი, მუშანი, დაძახილი, ქომაგი... კიდევ არის ოჩხარი, რაც მოულოდნელი საჭიროების დროს დახმარებას გულისხმობს, მაგალითად, მაშინ, როცა ოჯახს სახლი დაეწვება და ახლის აშენებაა საჭირო.

ნადს იწვევდნენ მოსავლის ასაღებად, დასათესად, სახლის ასაგებად და საქონლის სამწყემსადაც კი. როზეტა გუჯეჯიანი ამბობს:

„სვანეთში ცნობილია ნადის სახეობა გალდან. სოფლის შუაგულში გამოვიდოდა კაცი და იტყოდა, სახლის აშენება გადავწყვიტე და ახლა თქვენ იცითო. ყველა ეხმარებოდა. ვისაც მხოლოდ ცალუღელი ხარი ჰყავდა, მეორე გლეხს, ასევე ცალუღელი ხარის პატრონს, შეუამხანაგდებოდა და ერთად მოუზიდავდნენ ხე-ტყეს. დანარჩენები ენგურის პირას ჩავიდოდნენ ქვიშის ამოსაზიდად. მანამდე მდინარის ერთ ტოტს მოწყვეტდნენ, რომ ქვიშა ბორცვებად დაგროვებულიყო“.

გურია-აჭარაში ნადი ყველაზე ხშირად სიმინდის მოყვანასთან არის დაკავშირებული. სიმინდი ძნელი მოსავლელია და ხშირად ერთობლივ შრომას საჭიროებს, მით უფრო მაღალმთიან აჭარაში. მოარული ხუმრობა, აჭარლები ყანას ხეზე მიბმულები თოხნიანო, სათავეს რეალობიდან იღებს. მკვლევარ თედო სახოკიას აჭარაში მოგზაურობისას უბის წიგნაკში ჩაუწერია:

„ზოგან კაცი იძულებულია, მაღლა ხეს თოკი მიაბას, მეორე წვერი თვითონ მოიბას და ისე თოხნოს, რომ ვინიცობაა თოხნის დროს ფეხი დაუცურდა, თოკმა შეიმაგროს უფსკრულში გადაჩეხისაგან“.

ნადის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო ნადური სიმღერები. სულხან სალაძე წიგნში „უცნობი ძველი აჭარა“ წერს:

„აჭარაში ყველაზე მეტი ნადური სიმღერა ქობულეთში იყო - 19. დილიდან სადილობამდე სამ სიმღერას იტყოდნენ. ესენი იყო: „მშვიდობა“, „დილის კურდღელი“ და „მთას ხოხობი აფრენილა“. სადილობიდან სამხრობამდე ექვსი სიმღერა უნდა ემღერათ: „საჯავახურაი“, „თეთრი ქორი ჭანდარაზე“, „ქალი ვიყავ აზნაური“, „მთას ირემი დაწოლილა“, „გავიხედე სერზედაო“ და „ყარანაი ყანაშიო“. სამხრობიდან საღამომდე ათი სიმღერა უნდა ემღერათ: „გორდელაი“, „ბერიკაცი ჩაჩნა ბერი“, „ლელაი“, „ჩიორაი“, „წერეთიე“, „მუხა წოწინარი“, „ვაითუ იელი ელობდაო“, „სერი სერსა მიყვებოდა“, „ცალაზურაი“, „გველი ხვრელსა მიყვებოდა“.

ძველად კაცი ქობულეთში სოფლად რომ გაივლიდა, იმის მიხედვით, თუ რომელ ნადურ სიმღერას მღეროდნენ, მიხვდებოდა, რა დრო იყო“.

ნადის ტრადიცია დღესაც გრძელდება, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე იყო. კოტე კუნჭულია, ლანჩხუთის რაიონ სოფელ ლესადან, ამბობს, რომ სოფელში სიმღერაც იშვიათი გახდა და ადამიანიც:

„წელს ცხელი ზაფხული იყო და გვიან დაითესა სიმინდი. გასულ კვირაში დაიწყეს ყანების აღება. შევიკრიბებით 5-6 კაცი და ვიღებთ, გაიშვიათდა ამ ბოლო დროს ხალხი. ახლა სადღა მღერიან! ჩემს ბავშვობაში სუფრა ისე არ დაიშლებოდა, სიმღერა არ ყოფილიყო. ახლა ლოტბარის ოჯახშიც კი არავინ მღერის. ან ადრე დილის 6 საათზე თუ მიდიოდა გურული ყანაში, ახლა ეს 10 საათზეა გადმოტანილი“.

როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ არსებობს კიდევ ერთი ტრადიცია - ნადიუმწეოთა დასახმარებლად. ქვრივს ან ობოლს ყანას სოფელი ერთობლივად უხნავდა.

ნადის თემა თავისებური სახით აისახა ფოლკლორშიც:

„საბრალო დედაბრისასა

თაგვნი ყანასა მკიანო,

ლომნი უგრეხენ ულოსა

და ვეფხვნი შეუკვრიანო“...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG