Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი


მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი
მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი

ეს ერთსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ზუგდიდში, 5 ოთახით და საბავშვო მოედნით ეზოში, ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვა სახლებისგან, თუმცა, მათგან განსხვავებით, ეს შენობა საგანგებოდაა დაცული, უცხოებისთვის მისი მისამართი გასაიდუმლოებულია და, რაც მთავარია, ამ სახლს მუდმივი ბინადრები არ ჰყავს. ეს ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარია, ერთადერთი მთელ სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ახლა შენობა ცარიელია. სახლებიდან გამოქცეული ქალების ნაწილი უკან, ოჯახში, დაბრუნდა, უფრო დიდმა ნაწილმა კი სხვაგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩია. თავშესაფარი 8 თვის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე 24 ქალი შეიფარა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც თავშესაფარში 3 შვილთან ერთად მივიდა, 31 წლის ნათიაა (სახელი პირობითია, რადგან ვინაობის გამხელა არ სურს). ის შვილებთან ერთად არაერთხელ გამხდარა ქმრის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, სურვილის მიუხედავად, 13 წელი მშობლების სახლში ვერ ბრუნდებოდა.

„სულელური ტრადიციის გამო თქვა მამამ უარი ჩემზე. გათხოვილი ქალი ქმარს არ უნდა დაშორდესო. იმ სახლში უნდა მოვმკვდარიყავი?!” - უყვება რადიო თავისუფლებას ნათია, რომელმაც ოჯახი სამ ბავშვთან ერთად მაშინვე დატოვა, როგორც კი თავშესაფრის არსებობის შესახებ შეიტყო.

თავიდან ჩვენთან ძალიან დათრგუნვილები, შეშინებულები მოდიოდნენ. მახსოვს, ერთხელ როგორ მოვიდა დედამთილის ნაცემი ქალი.
ირმა დარასელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში მომხდარ კონფლიქტს ერთი მკვლელობა მოჰყვა. დაფიქსირდა ძალადობის 117 და ჯანმრთელობის დაზიანების 2 შემთხვევა.

ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია „მერკურში“ ფიქრობენ, რომ ეს არ არის სრული მონაცემები. ოჯახში ძალადობის ფაქტების ნაწილი არ ხმაურდება. ინფორმაციას მალავენ ოჯახები და თავად მსხვერპლნი. მიზეზი ხშირ შემთხვევაში შიშია, არა მარტო მოძალადის, არამედ საზოგადოების.

„ეს ითვლება სირცხვილად და ამიტომ ქალები ხშირად წლობით უძლებენ ძალადობას“, - ამბობს „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა. სწორედ მისმა ორგანიზაციამ მოახერხა და რეგიონში პირველი ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი გახსნა 11-წლიანი მუშაობის შემდეგ. მას ამაში პარტნიორი პოლონური ორგანიზაცია „HumanDog Faundation“ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა.

ახლა მამა უფრო მშვიდადაა, იმიტომ რომ ცალკე ვარ. იცის, რომ არაფერს დავაშავებ, ანუ არ მეყოლება კაცი და, ალბათ, ამიტომ არის მშვიდად.
ნათია

„თავიდან ჩვენთან ძალიან დათრგუნვილები, შეშინებულები მოდიოდნენ. მახსოვს, ერთხელ როგორ მოვიდა დედამთილის ნაცემი ქალი. მოძრაობაც კი უჭირდა. ჩვენთან პოლიციამ მოიყვანა. ძალიან შეშინებული იყო, ლაპარაკიც კი არ უნდოდა. მოგვიანებით გამოკეთდა და აქედან სულ სხვა განწყობით და გეგმებით წავიდა”, - თქვა ირმა დარასელიამ, თავშესაფრის ადმინისტრატორმა.

„აი, ახლა როგორიც ვარ, ახლა როგორიც გავხდი, ეს ყველაფერი ამად ღირდა. ძალიან გავიზარდე. დამოუკიდებლად დავდექი ფეხზე. შემიძლია ნებისმიერ რამეს შევეჭიდო. ასე მგონია, რომ ახლა სამი ბავშვით შევძლებ მთები შევძრა”, - ამბობს ნათია.

მან თავშესაფარში 3 თვე დაყო, შემდეგ კი ახალი ცხოვრება დაიწყო. სახლი იქირავა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ქირის დიდ ნაწილს,100 ლარს, მას მუნიციპალიტეტი უხდის. ნათია ძალადობის მსხვერპლ ქალთა სპეციალურ პროგრამაშია. მიიღო ერთჯერადი დახმარება, 800 ლარი, რაც საქმიანობის წამოწყებაში დაეხმარა. ახლა ის სამ შვილს ყველასგან დამოუკიდებლად, მარტო არჩენს.

“ახლა მამა უფრო მშვიდადაა, იმიტომ რომ ცალკე ვარ. იცის, რომ არაფერს დავაშავებ, ანუ არ მეყოლება კაცი და, ალბათ, ამიტომ არის მშვიდად. არ მეხმარება, ან სად შეუძლია?დედაც ვერ მეხმარება, ისიც მსხვერპლია, მამაა იქ ოჯახის თავი. სულ ამაზე ვფიქრობ, ქალი რომ არ იყოს, მამაჩემი რას გააკეთებდა? რომ არა დედაჩემი, ვერაფერსაც ვერ გააკეთებდა, მაგრამ ის ამას არ აღიარებს“, - ამბობს ნათია.

შინაგანაწესის თანახმად, ქალებს თავშესაფარში დარჩენა მხოლოდ 3 თვით შეუძლიათ. ამ ხნის განმავლობაში მათთან და ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, იურისტები, აცნობენ საკუთარ უფლებებს და იმ სერვისებს, რაც მუნიციპალიტეტს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის გააჩნია. თავშესაფარშივე ასწავლიან ჭრა-კერვას, თმის შეჭრას, მასაჟს, ბუღალტერიას - იმის მიხედვით, თუ ვის რა აინტერესებს.

თავშესაფრის ბოლო ბენეფიციარი უკან, სახლში, ნოემბრის დასაწყისში გააცილეს. ოჯახში დაბრუნება თავად ისურვა, თუმცა თავშესაფარი ბინადართა გარეშე დიდხანს არ დარჩება. ოჯახში ძალადობის ფაქტები ბევრია,მაქსიმუმ ორი კვირა და ისევ ვინმეს შევიფარებთ, - ამბობს „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა.

XS
SM
MD
LG