Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აქციების დარბევა შეშფოთებას იწვევს - რა პოზიცია აქვს საქართველოს?


დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, OVD-Info-ს ცნობით, 3 აგვისტოს მონაცემებით 600-მდე ავიდა მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმის მიერ დაკავებულ პირთა რაოდენობა. სხვა მონაცემებით დაკავებულთა რიცხვი 800-ს აღწევს.

რუსეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 8 სექტემბერს გასამართ დუმის არჩევნებს უკავშირდება. მოსკოვის ქუჩებში ხალხმრავალი აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა ოპოზიციონერი კანდიდატების მნიშვნელოვან ნაწილს.

პროტესტის მონაწილეების დარბევისა და დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და განცხადებებს ავრცელებენ სხვადასხვა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

“დაკავებები არაპროპორციულია იმ პროტესტის, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეები გამოხატავდნენ”- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, საფრანგეთის საგარეო უწყებამ კი რუსეთს დაკავებულების გათავისუფლება მოსთხოვა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ევროსაბჭოსა და ეუთოში წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

3 აგვისტოს ლიეტუას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიშუსმა Twitter-ზე გულისამრევი უწოდა მოსკოვში დემონსტრანტების დარბევას.

“გულისამრევია იმის ყურება, როგორ იყენებს მოსკოვი ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვენ. ასე იქცა რუსეთი პოლიციურ სახელმწიფოდ. კრემლმა უნდა შეწყვიტოს, ძალის გამოყენება და ადამიანის უფლებების დარღვევა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები.”

​ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეშფოთებულია დემონსტრანტების განმეორებითი მასობრივი დაპატიმრებით და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაიცვან ძირითადი უფლებები და შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც რუსეთს ეუთოში წევრობის შედეგად აქვს დაკისრებული.

ეუთოს წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა მოსკოვს ესტონეთის საგარეო მინისტრმა, ურმას რეინსალუმ 28 ივლისს.

“ღრმად ვარ შეშფოთებული რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებით, რომლებიც ითხოვდნენ დემოკრატიულ არჩევნებს”- დაწერა მან Twitter-ზე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგო ვალსტორმი 28 ივლისს და 4 აგვისტოს ორჯერ გამოეხმაურა მოსკოვის პროტესტს.

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია ასეთ პირობებში. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს დაკავებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც დაცულია კონსტიტუციით და მისცეს ოპოზიციის კანდიდატებს თავისუფალი მოქმედების საშუალება.

"შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. ევროკავშირი ელოდება 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა 4 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო მიმართულების დეპარტამენტის პრესსპიკერმა მაია კოსიანჩიჩმა.

რა პოზიცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით, თვლის თუ არა აქციის დარბევას ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევად და თუ აპირებს განცხადების გაკეთებას მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით? - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამინისტროს პრესის დეპარტამენტის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: "მოგეხსენებათ, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა სოლიდარულია ყველა იმ განცხადებების რაც კეთდება ევროკავშირის მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენ გავიზიარებთ ევროკავშირის განცხადებას მომხდართან დაკავშირებით."

ჩვენს კითხვაზე, თუკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფობის საგარეო უწყებები და მათი ხელმძღვანელები თავს ვალდებულად თვლიან, გამოეხმაურონ მოსკოვის საპროტესტო აქციებს, რატომ აფარებს თავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასოცირების ხელშეკრულებას - დამატებითი განმარტებები არ მიგვიღია. მათ შორის არც იმ კითხვაზე, ევროკავშირის პოზიციის გაზიარება გამორიცხავს თუ არა განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას საქართველოს საგარეო უწყების მიერ ამ თემაზე უახლოეს მომავალში .

მოსკოვის საპროტესტო გამოსვლებს წინ უსწრებდა 20-21 ივნისის მოვლენები თბილისში. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებამ ანტისაოკუპაციო აქციო გამოიწვია. ღამით აქციის დარბევისას დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. საპროტესტო აქციები რუსთაველზე, პარლამენტის წინ მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. პოლიცია დღემდე აკავებს აქციის მონაწილეებს.

XS
SM
MD
LG