20 მარტს საპარლამენტო მოსმენაზე ამ და სხვა ათობით კითხვაზე მოუწია პასუხების გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მისი ვრცელი მოსმენიდან გავიგეთ, რომ:
- ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა;
- საქართველოში მალე ჩამოვა ერთი შვეულმფრენი H-145, შემდეგი ორი კი უახლოეს პერიოდში - მაგრამ ვერც ისინი იფრენენ „ყველგან“;
- ბოლო სამ წელიწადში სამინისტროს 563 პოლიციელი დააკლდა.
- ქვეყანაში გზებს მაკონტროლებელ სისტემაში ჩართული 7419 ვიდეოკამერა აკვირდება.
- ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ პატრულირება გაძლიერებულია - ასევე, „რაღაცები დაამატეს“, თუმცა რა, ამაზე ღიად არ საუბრობს.
ამ სტატიაში ვაჯამებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მინისტრის მოხსენებასა და დეპუტატების კითხვებმა ყველაზე მეტად გამოკვეთა.
ნარკოდანაშაული - „მწვავე პრობლემა“
მინისტრის წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სამინისტროსთვის გამოწვევა იყო ნარკოტიკებით ვაჭრობა, - და რომ სამართალდამცავი უწყებებიც მეტი ძალისხმევით ებრძვიან ამ პრობლემას.
„ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა“, - განაცხადა მინისტრმა გომელაურმა.
წლიური ანგარიშის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის“ 2023 წელს „პასუხისგებაში მისცეს“ 284 ადამიანი.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, და ამ გეგმით გათვალისწინებულია „ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება“.
როგორ - ანგარიშში დაზუსტებული არ არის.
თუმცა ოპოზიციას არ აკმაყოფილებს სახელმწიფოს ნაბიჯები.
„ლელოს“ პარლამენტარმა, ანა ნაცვლიშვილმა ივარაუდა, რომ „ქვეყანაში ამ მასშტაბის ნარკოტიკების ბრუნვა ვერ მოხდება, თუკი ქვედა და საშუალო რგოლებს არ ეყოლებათ ზედა ეშელონებში მფარველები“.
„ამ მფარველების გამოვლენა თქვენი ვალდებულებაა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ“, - უთხრა მან მინისტრ გომელაურს.
გარდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლისა, არც მინისტრსა და არც დეპუტატებს არ უსაუბრიათ ამ პრობლემის მეორე მხარეზე, მომხმარებლებზე, - და ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებაზე.
მათ შორის არც ნარკოტიკების მოხმარებისას ზიანის შემცირებაზე, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ნაწილია.
ახალი ვერტმფრენები ძველი პრობლემით
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ.
მინისტრ გომელაურის ცნობით, ფრანგულ კომპანიასთან, Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა, გაფორმდა ხელშეკრულებაც.
ჯერ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადმოეცა H-145-ის პირველი ბორტი, - თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ „ერთი გადმოგვეცა, თუმცა ჯერ არ წამოსულა, ხვალ ან ზეგ დაიძვრება და რამდენიმე დღეში ჩამოვა პირველი საფრენი აპარატი“.
H-145-ს შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები.
გომელაურის ცნობითვე, კიდევ ორ შვეულმფრენსაც „უახლოეს პერიოდში“ გადასცემენ საქართველოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მოიწონა სიახლე, თუმცა თქვა, რომ „სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს მმართველობის მხოლოდ მე-12 წელიწადს მოახერხა.
„ეს რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ?“ - იკითხა მან.
მინისტრმა გომელაურმა დღესაც „სიცრუე“ უწოდა მოსაზრებას, რომ „ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, ყველას გადავარჩენდით“.
„ღამით ვერც ეს ვერტმფრენი იფრენს. [მათ] იგივე შეუძლიათ, რაც [ჩვენს კუთვნილებაში უკვე არსებულ] ვერტმფრენებს - აფრინდეს ბათუმის აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში… ეს ვერტმფრენი ღამე ხეობაში ვერ მიფრინდება, ვერ დაჯდება და ვიღაცას ვერ წაიყვანს“, - განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის ნათქვამი „ოცნების“ დეპუტატებმაც გაიმეორეს. კახა კახიშვილმა, - წყაროს მითითების გარეშე, - თქვა, რომ „7177 სამოქალაქო ვერტმფრენი ჰყავს ევროპას. კიდევ მეტი ამერიკას, და როცა კატაკლიზმები ხდება, კარგად ხედავთ, რომელი აფრინდება, რომელი შტორმის დროს დაიწყებს ევაკუაციას… რაღაცაზე რომ ვლაპარაკობთ, უნდა ვიყოთ ჩვენ თავთან მართლები“.
პარლამენტში წინა გამოსვლისას, 2023 წლის 22 სექტემბერს, მინისტრმა გომელაურმა შოვის ტრაგედიაზე საუბრისას თქვა, რომ „გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო“ სტიქიის დაწყების შემდეგ.
ამას მმართველი გუნდის წევრები ხშირად ამბობენ, როდესაც ცდილობენ დასაბუთებას, თუ რატომ არ იფრინეს სტიქიის ღამეს შოვში ვერტმფრენებმა.
სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მანქანები და გზები
მინისტრის ანგარიშის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საავტომობილო გზებზე სიჩქარის კონტროლი. ამ მიზნით კი, „აქტიურად ავითარებს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემას“.
ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 2023 წელს ამოქმედდა 883 ვიდეოკამერა, მათ შორის, 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 − ნომრის ამომცნობი.
ამ მატების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით 2024 წლისთვის სისტემაში ჯამში 7419 ვიდეოკამერაა ჩართული.
ითქვა ისიც, რომ შარშან ქვეყანაში ამოქმედდა სიჩქარის კონტროლის 168 სექცია, რომელიც 447 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს ფარავს.
ჯამში კი მოწყობილია 574 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რაც ჯამურად ფარავს 2024 კილომეტრს.
ეს ნიშნავს, რომ თუკი ამ 2024 კილომეტრზე ავტომობილი სიჩქარის ზღვარს გადააჭარბებს, დაჯარიმდება.
ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო, მაგრამ, ბოლო სამ თვეში სტატისტიკა გაუარესდა.
საბოლოოდ, სტატისტიკა ასეთია:
- 2022 წელს მოხდა 5469 ავტოსაგზაო შემთხვევა, 2023 წელს - 5594.
- ამ შემთხვევებისას დაშავებულთა რაოდენობა 2022 წელს 7517 იყო, 2023 წელს - 7310;
- 2022 წელს გზებზე 430 ადამიანი დაიღუპა, 2023 წელს კი მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა - 442-მდე.
პოლიციელთა გადინება
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა ყურადღება გაამახვილა საპოლიციო სისტემიდან თანამშრომლების გადინებაზე.
„თუ შეგისწავლიათ, რამდენ პოლიციელს, თანამშრომელს აქვს ბანკებში სესხი აღებული. რა პროცენტებით აქვს აღებული? იმიტომ, რომ ამ პროცენტების გადახდა პოლიციელებისა და თანამშრომლებისთვის სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სერიოზული პრობლემაა“, - ჰკითხა მას ლევან ბეჟაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
მისმა თანაგუნდელმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ყურადღება გაამახვილა მაღალ სამომხმარებლო ფასებზე და თქვა: „"ქართული ოცნების" 12- წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან“.
დაისვა კითხვა უშუალოდ პოლიციელთა გადინების შესახებაც, რაზეც მეორე წელია, მედია ბევრს საუბრობს.
2022 წლის ნოემბერში შსს-მ პოლიციაში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი მომზადების, პოლიციის აკადემიაში სწავლების ვადებიც კი შეამცირა და ასობით ვაკანსია გამოაცხადა.
მინისტრმა გომელაურმა დღეს გაასაჯაროვა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ 2021-22 წლები კრიტიკული იყო სამინისტროსთვის:
- 2021 წელს 700-მა ადამიანმა დაიწყო მუშაობა, თუმცა 1112-მა სამინისტრო დატოვა;
- 2022 წელს 1047-მა ადამიანმა დაიწყო მუშაობა, თუმცა 1500-მა დატოვა უწყება.
ამ ორ წელიწადში უარყოფითმა სალდომ 865 პოლიციელი შეადგინა.
მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ 2023 წელს ვითარება შეიცვალა: სამუშაო 875-მა დატოვა და 1177-მა დაიწყო მუშაობა. ანუ პოლიციელთა რაოდენობა 302-ით გაიზარდა.
შარშანდელი ზრდის მიუხედავად, გამოდის, 2021-23 წლებში პოლიციელების რაოდენობა, ყველა ჩამოთვლილი რიცხვის გათვალისწინებით, 563-ით შემცირდა.
გომელაურმა ბოლოდროინდელი მატება ნაწილობრივ ხელფასების ზრდას დაუკავშირა და განაცხადა: „მთლიანობაში 60 პროცენტამდე გაიზარდა ხელფასები, უკან დაბრუნება უფრო მეტად წამოვიდა. 2024 წლის თითქმის 2 თვეში მიღებულია 378 თანამშრომელი და 171 თანამშრომელია წასული, დღეის ჩათვლით“.
მინისტრის თქმითვე, შსს-ში 40 000-მდე ადამიანი მუშაობს.
სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
იყო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვახტანგ გომელაურს დეპუტატებმა გაამახვილებინეს ყურადღება.
ენმ-ის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მინისტრს ჰკითხა, რატომ აჩერებენ პოლიციელები ქუჩაში ახალგაზრდებს „უხეშად“, რაზეც მინისტრმა უპასუხა:
„არ ვამბობ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, ადამიანები ვართ და შეიძლება მოხდა, თუმცა გამოსწორებადია… არსებობს უწყებები, რომელსაც შეუძლია, რომ მოქალაქემ მიმართოს და თუ პოლიციელი არასწორად მოიქცევა, შესაბამის ზომებს მიიღებენ“.
„ნაციონალური მოძრობის“ კიდევ ერთმა წევრმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მინისტრ გომელაურს ჰკითხა, რატომ არ პატრულირებენ სამართალდამცავები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან. გომელაურმა უპასუხა:
„მიმდინარეობს პატრულირებაც და ბევრი რაღაც კეთდება. ღიად ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზია… მაგრამ დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით და მისი 100%-იანი „დაფარვა“ ფიზიკურად შეუძლებელია“.
თუმცა ბოლოს თქვა, რომ „იმ გარდაცვალების შემდეგ“, - და თამაზ გინტურის მკვლელობა იგულისხმა, - „კიდევ დავამატეთ [პატრულირება] და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენს ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის კითხვაზე პასუხად მინისტრმა თქვა, რომ სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ელექტრონული სამაჯურების გამოყენების გაზრდაზე ზრუნავს.
მისი თქმით, 2021-22 წლებში ელექტრონული სამაჯური 21 პირს დაუმაგრეს, 2023 წელს კი რაოდენობა „გახუთმაგდა“ - ასეთი 120 შემთხვევა დაფიქსირდა.
მაგრამ მინისტრი აღიარებს, რომ პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ქალთა მკვლელობების, ფემიციდის პრობლემა მწვავეა: „სამწუხაროდ, ეს შემთხვევები 5 ფაქტით არის მომატებული 2023 წელს“.