Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტებს ტესტირება არ უტარდებათ"


საველე ჰოსპიტალი მარნეულში
საველე ჰოსპიტალი მარნეულში

ემილია ბაირამოვა მარნეულიდან, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის მეზობლად ცხოვრობს, ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაავადებულის ყველა კონტაქტს ტესტირება არ უტარდება და მისი ოჯახის წევრები, ტესტებზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, საავადმყოფოში დაგვიანებით გადაიყვანეს.

ბაირამოვას თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ქალის ოჯახის 4 წევრის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მედიაში ინფორმაცია მანამ გავრცელდა, სანამ მათ გადაიყვანდნენ და იმ დროს, როცა საინფორმაციო სააგენტოები მათ შესახებ წერდნენ, თითქოს ისინი საავადმყოფოში იყვნენ, სახლში მყოფებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ დადებითი პასუხი აჩვენა ტესტმა და კლინიკაში გადაჰყავდათ. ამ სახლში ათამდე ადამიანი ცხოვრობს. ტესტირება ყველას ჩაუტარდა. პირველადი ტესტირებით 4 დადებითი პასუხია მიღებული, დანარჩენებს ტესტირება კიდევ ერთხელ უტარდებათ, გადამოწმების მიზნით.

ემილია ბაირამოვა რადიო თავისუფლებას უყვება იმასაც, რომ ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრებისგან განსხვავებით ანალიზი არ ჩატარებია იმ წლისთავში მყოფ 200-მდე ადამიანს, სადაც 62 წლის ქალიც იმყოფებოდა და რომელიც 11 მარტს, მარნეულში ჩატარდა. მათ მხოლოდ სიცხე გაუზომეს და გააფრთხილეს, დაეცვათ კარანტინის რეჟიმი. ბაირამოვას თქმით, სიცხის გასაზომად მარნეულში არა ექიმები, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგებლები დადიოდნენ და გაფრთხილებასაც ისინი იძლეოდნენ. დადასტურებული კორონავირუსის მქონე პაციენტის მეზობლად მცხოვრებ ქალს, რომლებსაც წინა დღეებში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ხანდაზმულია, რაც გართულების რისკ-ფაქტორია, ასევე არ ჩატარებია ტესტირება.

62 წლის პაციენტი მარნეულიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 მარტს გადმოიყვანეს. მას 80-ზე მეტი დადგენილი კონტაქტი ჰყავს: ჯანმრთელობის გაუარესებამდე მუშაობდა მაღაზიაში და იმოფებოდა ხალხმრავალ წლისთავში. მისთვის გადაცემის წყარო დადგენილი არ არის. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამ შემთხვევის გამოვლენის შემდეგ სახელმწიფომ ერთი თვით კარანტინი გამოაცხადა.

რადიო თავისუფლებამ მარნეულში ინფიცირებულის ოჯახის წევრების და კონტაქტების კვლევის საკითხებზე კომენტარის მიღება სცადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ მარნეულში “ყველაფერი კეთდება”, თუმცა რა არის “ყველაფერი” არ დაგვიკონკრეტეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტესტირება მხოლოდ ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრებს და იმ ექიმებს ჩაუტარდათ, რომლებსაც მარნეულის კლინიკაში ჰქონდათ მასთან უშუალო კონტაქტი. დანარჩენ კონტაქტებს, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, სადაც წერია, როგორ უნდა მოიქცნენ, თუკი სიმპტომები აღმოაჩნდებათ.

ამავე უწყების მიერ შემუშავებული პროტოკოლი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისგან ნიმუშის აღების შესახებ ასეთია. პროტოკოლი შედგენილია 16 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. შეიცვალა თუ არა მას შემდეგ ეს წესები, ამ კითხვაზე პასუხი ცენტრიდან ვერ მივიღეთ.

XS
SM
MD
LG