Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმე პაციენტი მარნეულიდან - რა ვიცით მის შესახებ?


22 მარტს მარნეულიდან თბილისში 62 წლის ქალი გადმოიყვანეს კორონავირუსის დიაგნოზით და მძიმე მდგომარეობაში. ექიმების თქმით, 23 მარტის საღამოსთვის, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

მანამ, სანამ ქალი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ მოხვდებოდა, მუშაობდა მაღაზიაში, სადაც ყველაფერი 1 ლარად იყიდება და ბევრი ხალხი ვაჭრობს. საავადმყოფოში მოხვედრას წინ უსწრებდა წლისთავზე დასწრებაც, სადაც ასევე მრავალი ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.

22 მარტს, გვიან ღამით, მარნეული და ბოლნისი ერთი თვით მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აკრძალულია მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, გამონაკლისების გარდა. ამ გადაწყვეტილებით კარანტინის დახურულ ზონაში მოექცა 160 000-მდე ადამიანი. მოქალაქეების გადაადგილებას სახელმწიფო პოლიციის 12 საკონტროლო გამშვები პუნქტით ზღუდავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივები სხვადასხვა შემოვლითი გზით ცდილობენ საკარანტინო ზონიდან გამოსვლას ან შესვლას. შსს ამბობს, რომ ვითარებას აკონტროლებს.

მთავრობის განკარგულებით, 10 ადამიანზე მეტის შეკრება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა. აკრძალვა ქორწილის და დაკრძალვის სარიტუალო სუფრებსაც ეხება.

ხელისუფლების ბოლო გამკაცრებული ზომები კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად უკავშირდება მარნეულში ვირუსის გავრცელების შემთხვევას, რაც საქართველოში პირველი შიდა გადაცემის ფაქტია, რომლის წყაროც დადგენილი არ არის. ამას ემატება ისიც, რომ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, თქვა, დაავადებულის ყველა კონტაქტი გამოკვლეული არ არის. რაც გამოკვლეულია, 90-მდეა. 90 კონტაქტის კონტაქტები კი იმ რიცხვს გვაძლევს, რის გამოც საგანგებო მდგომარეობაში კიდევ უფრო საგანგებო ზომების შემოღება გახდა საჭირო.

  • რა ვიცით 62 წლის პაციენტის შესახებ?
  • რამ გამოიწვია ვითარების დამძიმება - თანმდევმა დაავადებებმა თუ დაგვიანებულმა ვიზიტმა საავადმყოფოში?
  • რა საფრთხის წინაშე დგას 62 წლის პაციენტთან უშუალო კონტაქტში ნამყოფი ათობით ადამიანი?


62 წლის პაციენტის შესახებ ძირითადად საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის მიერ გასული 24 საათის განმავლობაში მედიასთან გაკეთებული განცხადებებიდან ვიცით.

მან თქვა, რომ:

  • კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ეს დაგვიანებული რეაგირებითა და სხვა თანმდევი დაავადებებით აიხსნება.
  • პაციენტმა ექიმებს დახმარებისთვის 18 მარტს მიმართა. მარნეულის „ჯეო ჰოსპიტლის“ კლინიკაში მას ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და საჭირო გახდა პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.
  • ექიმის თქმით, პაციენტის „ფორმა ასიდან“ ირკვევა, რომ სუნთქვის გაძნელება და ცხელება მას უფრო ადრე დაეწყო, ვიდრე კლინიკაში მივიდოდა - დაახლოებით, 2 კვირის წინ.
  • პაციენტის თანმდევი დაავადებებია გულის უკმარისობა, დიაბეტი, ჭარბი წონა და სისხლძარღვების პრობლემების გამო გაკეთებული შუნტირების ოპერაცია ახლო წარსულში.
  • 62 წლის ქალი ჟანგბადის მკვეთრი დეფიციტის გამო მართვით სუნთქვაზეა და ექიმები ამბობენ, რომ, მიუხედავად ძალისხმევისა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.
  • წყარო, კონტაქტი, ვისგანაც პაციენტი დაინფიცირდა, ამ დრომდე მიკვლეული არ არის.

პაციენტის შესახებ, გარდა სამედიცინო ცნობებისა, ვიცით ის, რომ:

  • ის მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა და დაინფიცირებიდან კლინიკაში მისვლამდე ათობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.
  • ჯანმრთელობის გაუარესებამდე ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა მისი და, რომელიც ასევე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და რომელსაც ამ დროისთვის კოვიდ-19 არ უფიქსირდება.
  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანში ყოფნის ფაქტს მალავდა. ავადმყოფობის გამო კლინიკა „ავერსს“ მან 13 მარტს მიმართა.
  • ადგილობრივები ამბობენ, რომ დები იმყოფებოდნენ წლისთავზე, სადაც 200 ადამიანი იყო მიწვეული.
  • ადგილობრივების თქმით, 62 წლის პაციენტის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

მარნეულის საავადმყოფოდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის სიმპტომებით გადმოიყვანეს მარნეულის საავადმყოფოს თანამშრომელი 18 წლის გოგო, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 62 წლის ქალთან. აღმოაჩნდებათ თუ არა კორონავირუსი ამ და მასთან კონტაქტში ნამყოფ სხვა ადამიანებს, ამას ტესტების შედეგი აჩვენებს.

23 მარტს პაატა იმნაძემ თქვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ ქალთან კონტაქტების უმეტესობა დადგენილია და მათი გამოკვლევა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG