სოჭი აფხაზეთის გაყოლებაზე, ადლერის ზევით მდებარეობს და რუსეთს, კრასნოდარის ოლქს ეკუთვნის. კლიმატი აქ ისეთივეა, როგორიც აფხაზეთში - სუბტროპიკული. ზაფხულში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე თბება. ისევე, როგორც სოხუმსა და გაგრას, სოჭსაც ერთ მხარეს შავი ზღვა, მეორე მხარეს კი კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ამიტომ ამ ქალაქებიდან ერთდროულად ზღვაც ჩანს და მთებიც. სოჭი საკმაოდ დიდი ქალაქია, ნახევარ მილიონამდე მოსახლეობთ.
„ჩვენი სოჭი“
ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი ამბობს, რომ ძველი ქართული, საისტორიო ტრადიციით, რომელსაც ნაწილობრივ ძველი ბერძნული და ბიზანტიური წყაროებიც ადასტურებენ, კოლხეთის, ლაზიკისა და ეგრისის უკიდურესი საზღვარი იყო ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ტუაფსეს მიდამოებში. ტუაფსე ასევე რუსეთის ზღვისპირა ქალაქია, რომელიც სოჭიდან დაახლოებით 120 კილომეტრით ზევით მდებარეობს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ადლერისა და სოჭის მხარე სახელმწიფოებრივად კოლხეთის, ეგრისის შემადგენლობაში მოიაზრებოდა. იქ ვინ სახლობდა, ეს სხვა საკითხია, არ არის გამორიცხული, ქართველურ ტომებსაც ეცხოვრათ, რადგან იქ, ტუაფსეს მიდამოებში, დაფიქსირებულია ტოპონიმი „ძველი ლაზიკა“. „ძველ ლაზიკას“ ახსენებს მეორე საუკუნის ბიზანტიური წყარო და მეხუთე საუკუნის ანონიმი ავტორიც, - ამბობს ზურაბ პაპასქირი, - უკვე დავითის ეპოქიდან კი ჩვენ გვაქვს ფორმულა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, ნიკოფსია ტუაფსეს მიდამოებია“.
ჯიქები და ჯიქეთი
ჯიქეთი - ასე მოიხსენიებს ისტორიული წყაროები ადგილს, რომელიც დღევანდელი სოჭის ტერიტორიასაც მოიცავს. Მე-14 საუკუნეში სამეგრელოს სამთავროს ერთ-ერთი როლი სწორედ ჯიქების შეკავება იყო.
მეცნიერი მიხეილ რეხვიაშვილი წიგნში „იმერეთის სამეფო“ წერს, რომ 1533 წელს იმერეთის მეფის ბაგრატის ინიციატივით სამეგრელომ და გურიამ ჯიქეთში ილაშქრეს. პირველი ბრძოლა გაგრასთან ჯიქების დამარცხებით დასრულდა. მეორე დღეს, ღალატის შედეგად, სამეგრელო-გურიის გაერთიანებული მხედრობა დამარცხდა. ბრძოლაში დაიღუპა სამეგრელოს მთავარი მამია დადიანი, გურიის მთავარი მამია გურიელი კი, თავისი სამი ძმით, ეპისკოპოსით და ჯარით ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ საქართველომ ამ ტერიტორიაზე კონტროლი სამუდამოდ დაკარგა, თუ არ ჩავთვლით 1918 წლის ზაფხულს, როდესაც გენერალმა მაზნიაშვილმა სოჭი რამდენიმე თვით აიღო.
სოხუმი-სოჭი-ტუაფსე
„მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან სოჭში დასავლეთ საქართველოდანაც დასახლდა ხალხი. ბევრი მათგანი ქალაქის მმართველობაშიც იყო. მაზნიაშვილს სწორედ ამიტომ გაუადვილდა სოჭის აღება“, - ამბობს ზურაბ პაპასქირი.
1918 წელი - კავკასიის სამი ქვეყანა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ამიერკავკასიის სეიმს ექვემდებარება. საქართველომ დღე-დღეზე დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს. რუსეთში მეფე უკვე გადააგდეს, მაგრამ თეთრგვარდიელებსა და წითელგვარდიელებს შორის ჯერ კიდევ დაპირისპირებაა.
ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან ძალიან მყიფე მდგომარეობა იყო. იქიდან ხან ბოლშევიკური სამხედრო ნაწილები შემოდიოდნენ, ხან თეთრგვარდიელები - ალექსეევისა და დენიკინის ჯარის ნაწილები. სოჭი (და არამარტო სოჭი) ხელიდან ხელში გადადიოდა.
„1918 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ და ამიერკავკასიის სეიმმა საზღვარზე გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი და სამხედრო პირი ვალიკო ჯუღელი გაგზავნეს, თავიანთი წითელი გვარდიით... და სოხუმი რუსული არმიისგან გაათავისუფლეს, - ამბობს დიმიტრი შველიძე, - როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სიტუაცია ისევ აირია. 1918 წლის ივნისში სოჭში ძალიან დიდი მიტინგი შეიკრიბა. ქალაქის ხელმძღვანელობამ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დახმარება სთხოვა“.
1918 წლის ივლისში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სოჭში ჯარი გაგზავნა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით. მაზნიაშვილმა ზედიზედ აიღო ახალი ათონი, ხოსტა, ადლერი და 6 ივნისს - სოჭი. ერთი თვის მერე ქართული ჯარი კიდევ უფრო შორს წავიდა და ტუაფსეც დაიკავა.
„მაშინდელი ქართული გაზეთები წერდნენ, ქართულმა ჯარმა 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ ტუაფსე აიღოო“, - დიმიტრი შველიძე ჰყვება, რომ ამ პერიოდში საქართველოს დასავლეთ საზღვართან ბრიტანული მისია იდგა, რომელიც რუსეთში მონარქიის აღდგენას, შესაბამისად, დენიკინსა და თეთრგვარდიელებს უჭერდა მხარს. საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ ბრიტანული მისია წითელი გვარდიისგან დაიცავდა, ამიტომ დათმობაზე წავიდა და ჯარი ჯერ ტუაფსიდან, შემდეგ კი სოჭიდან გამოიყვანა. –„ტუაფსე ერთი თვის თავზე დათმეს. სოჭიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოვიდნენ“.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ მე-20 საუკუნეში სოჭში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი ქართული უბნები, ქართული სოფელიც კი, მაგრამ ამ ყოფნის კვალი, ახლა მხოლოდ ისტორიულ ჩანაწერებს შემორჩა.