Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამაო, ავიცრა? ექიმო, ვილოცო?  


ღმერთი იმდენად ბოროტი როდია, რომ ყველაფერი ასე გაართულოსო, თქვა ასი წლის წინ ალბერტ აინშტაინმა, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე.

ღმერთმა, როგორც ჩანს, გადაუჭრელი სირთულის პრობლემა არც ვირუსებით შეგვიქმნა. მეცნიერებმა მალევე გამოიგონეს ვაქცინა, რომლის დახმარებითაც კაცობრიობამ თავი უნდა დააღწიოს პანდემიას, მაგრამ, იმავე მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, ვაქცინის დამზადება პანდემიის დამარცხების მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ვაქცინამ რომ ეფექტიანად იმოქმედოს, ის ორგანიზმში უნდა შეიყვანოს კაცობრიობის დიდმა ნაწილმა, დაახლოებით 70%-მა მაინც.

2021 წლის 25 იანვარს NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 41% აპირებდა კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას. რამდენიმე თვით ადრე გამოკითხული რესპონდენტების 53% კი საერთოდაც დარწმუნებული იყო, რომ მისი რელიგიის მიმდევრებს, covid-19-ით დაინფიცირებისგან, რწმენა იცავდა.

არადა, თითქოს, ცხადი უნდა იყოს, როდის მიდიხარ ეკლესიაში და როდის - კლინიკაში; რისთვის მიმართავ მოძღვარს და რისთვის - ექიმს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად არის, როცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, ექიმის ავტორიტეტი და მეცნიერული ცოდნის დონე დაბალია, ეკლესიის გავლენა კი - მაღალი. ასეთ პირობებში, ქვეყნის „მთავარი ექიმი“ („ქართველი ფაუჩი“, „სამიდან ერთი მუშკეტერი“ და ა.შ.) იძულებულია მიმართოს დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე არაკომპეტენტურ ინსტიტუციას - ეკლესიას.

„გთხოვთ, გვერდით დაგვიდგეთ. ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა“, - ასე მიმართა საქართველოს საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - ასეთი იყო ეკლესიის პასუხი, რომელიც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაახმოვანა.

პროპაგანდა, ცხადია, შემთხვევით არ უხსენებიათ, პროპაგანდა ხომ ხშირად იყენებს როგორც რეალურ, ასევე განგებ ცრუ ფაქტებს. ამ განცხადებიდანაც კარგად ჩანს, რომ ეკლესიას და მისი მრევლის წევრებს, არ სჯერათ „მთავარი ექიმისა“. მეტიც „მთავარ ექიმს“, რომელიც ხშირ შემთხვევაში ანგარიშს უწევს პარტიულ კონიუნქტურას, ალბათ, ასევე არ ენდობა ბევრი არარელიგიური მოქალაქეც, რომლებიც ვერ იღებენ არგუმენტირებულ პასუხებს თუნდაც ასეთ კითხვებზე:

რა რაციონალური ახსნა აქვს კომენდანტის საათის შენარჩუნებას მაშინ, როცა ყველა სახის აქტივობა ნებადართულია დღე-ღამის სხვა საათებში? ხომ არ ემსახურება კომენდანტის საათის შენარჩუნება საზოგადოების პოლიტიკური აქტივობის დათრგუნვას? და თუ არა, მაშინ რატომ არ შეიძლება კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის მიბმა თუნდაც ვაქცინაციასთან, უკვე აცრილებთან?

ეს, რაც შეეხება კონკრეტული ინსტიტუციისა და მისი ხელმძღვანელის ნდობის საკითხს. ცალკე ამბავია ის, რომ საქართველოში სამედიცინო სახის პრობლემების შემთხვევაშიც კი უფრო მეტი ადამიანი ენდობა მღვდელს და მოლას, ვიდრე ექიმს, რაც უდაოდ მეტყველებს ქვეყანაში ფუნდამენტური მეცნიერების - ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და ა.შ. სწავლებისა და განვითარების კრიზისზე. ცხადია, ეს საგნები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახლაც ისწავლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისწავლება ღრმა შემეცნების გარეშე, მექანიკური დამახსოვრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ანტივაქსერის თუ ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი მედიკოსის არსებობა. მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ 15 მარტისთვის ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მხოლოდ 3,5 ათასი სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირდა მაშინ, როცა საქართველოში მათი რაოდენობა 71 ათასია.

...ასი წლის წინ აინშტაინის მიერ ღმერთზე ნათქვამი სიტყვები გავიხსენეთ. დაახლოებით იმავე წლებში, კერძოდ 1926 წელს, დოცენტმა მირზაშვილმა სვანეთში სამი თვე გაატარა. როგორც თვითონ სწავლული ამბობს, „ჩიჩერონედ“ [გიდად] ახლდა სტუდენტი სვანი, რომლის საშუალებითაც ეცნობოდა ადგილობრივ მოსახლეობას, მათ ჩვევებსა და ადათებს, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ მოპარეს „სამუშაო ხელსაწყოები, კარანდაშები, ქაღალდი“. სასოწარკვეთილმა მეცნიერმა დახმარებისთვის აღმასკომს მიმართა. აღმასკომში უთხრეს, ნუ გეშინიათ, თქვენი ხელსაწყოები სამ დღეში დაგიბრუნდებათო.

როგორ ფიქრობთ, ვის მიმართა დახმარებისათვის აღმასკომმა - გამომძიებელს? მილიციელს? პროკურორს? კერძო დეტექტივს?

მღვდელს, რომელმაც დაიბარა ადგილობრივები, გამოიტანა ჯვარი, სახარება და თქვა: ამ ჯვარის, სახარების მადლი ძირიან-ფესვიანად აღმოფხვრის მათ, ვინც იქურდაო და სახარების ქვეშ გაატარა ყველა დამსწრე. ქურდები შეშინდნენ და არ გაიარეს ჯვარქვეშ. მოპარული ნივთები კი მეორე დღეს უკვე ეწყო იმ ადგილას, საიდანაც წაიღეს.

ამ უმნიშვნელო ამბიდან თითქმის ასი წელი გავიდა, მაგრამ თითქოს არც არაფერი შეცვლილა. პანდემიას შეჭიდებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მედიკოსების აცრის ეტაპზეც კი, სამღვდელოებას თხოვს დახმარებას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG