Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აფრიკული ხაფანგი“ - მალიში განადგურებული „ვაგნერის“ სამხედრო კოლონა და უკრაინის დაზვერვა


სამხედრო კომპანია "ვაგნერის" და მალის შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლონაზე თავდასხმის მონაწილე მეამბოხე
სამხედრო კომპანია "ვაგნერის" და მალის შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლონაზე თავდასხმის მონაწილე მეამბოხე

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ კავშირი აქვთ მალიში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“ მოწყობილ ტუარეგ მეამბოხეთა თავდასხმასთან, რასაც ათობით დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა.

„დეტალებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებთ. გაგრძელება იქნება“, - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა „ეროვნული ტელემარათონის“ ეთერში.

„ვაგნერის“ რაზმზე მომხდარ თავდასხმასთან კიევის და პარიზის შესაძლო კავშირზე მოსკოვში ეჭვი არ ეპარებათ.

„რაც იქ ხდება, რა თქმა უნდა, ყველაფერს ისინი (უკრაინელები) ხლართავენ ფრანგებთან ერთად. მტრები მტრები არიან, რაზეა ლაპარაკი. ეს საზიზღარი ხალხია. ისინი ტუარეგ აჯანყებულთა მხარეს არიან. ჩვენ ამაში გავერკვევით“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, თადარიგის გენერალმა ვიქტორ ზავარზინმა.

ჟურნალისტები, რომლებიც აფრიკაში და კონკრეტულად მალიში „ვაგნერელთა“ საქმიანობას სწავლობენ, ამბობენ, რომ ივლისის ბოლოს მომხდარი სისხლიანი თავდასხმა იმ სისასტიკის შედეგია, რასაც რუსი დაქირავებულები და მალის სამთავრობო ჯარის მებრძოლები ყველა მეტოქის მიმართ განუკითხავად ამჟღავნებენ.

"სამნი დავრჩით, ბრძოლას განვაგრძობთ!" - რა მოხდა?

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და მალის შეიარაღებული ძალების მებრძოლები ხუთი დღის განმავლობაში, 22-დან 27 ივლისამდე აწარმოებდნენ გააფთრებულ ბრძოლას ისლამისტების წინააღმდეგ.

ბრძოლაში მონაწილეობდნენ მალის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მე-13 რაზმის მებრძოლები, რომლებსაც სერგეი შევჩენკო, ფსევდონიმით „პრუდი“, მეთაურობდა.

ბრძოლა გაიმართა სოფელ ტინ-ზაუტინის მიმდებარე ტერიტორიაზე მალისა და ალჟირის საზღვარზე, სადაც „ვაგნერელები“ და მალის არმიის კოლონა ალყაში მოაქციეს „საკოორდინაციო ცენტრ აზავადისა“ და საჰელის ვრცელ გეოგრაფიულ ზონაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ყაიდის“ მებრძოლებმა.

ტუარეგები ბერბერთა (მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში) მოდგმის ხალხია ტრადიციული მომთაბარე ცხოვრების წესით. ძირითადად სახლობენ მალის, ლიბიის, ალჟირისა და ნიგერის ტერიტორიებზე. 2012 წელს ჩრდილოეთ მალიში ტუარეგებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო „აზავადი“ გამოაცხადეს. მოგვიანებით სამთავრობო ძალებმა ტუარეგებით დასახლებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, მაგრამ მეამბოხეები კვლავ აქტიურობენ ქვეყნის ჩრდილოეთით. ბევრ ქვეყანაში ტერორისტულად აღიარებულ „ალ-ყაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ისლამისტური ჯგუფები ასევე იბრძვიან როგორც მალის სამთავრობო ძალების, ისე „აზავადის“ მხარდამჭერების წინააღმდეგ.

კსკა "ვაგნერის" კოლონაზე მეამბოხეების ალყისა და თავდასხმის მიახლოებითი ლოკაცია
კსკა "ვაგნერის" კოლონაზე მეამბოხეების ალყისა და თავდასხმის მიახლოებითი ლოკაცია

როგორც ტელეგრამის არხი „რაზგრუზკა ვაგნერა“ წერს, მალი-ალჟირის საზღვრიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით, ქვიშის ქარიშხლის გამო „ვაგნერელებისა“ და მალის არმიის მებრძოლთა კოლონების მსვლელობა შეჩერდა. ადგილობრივმა ამბოხებულებმა, რომელთა რაოდენობა 1000 კაცზე მეტი იყო, ბუნებრივი პირობებით ისარგებლეს და ჩასაფრება მოაწყვეს.

კსკ „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლი, რომელიც დაჯგუფების შემადგენლობაში სირიასა და ლიბიაში ჯგუფის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობს, მიიჩნევს, რომ მალის არმიის შძ-ის მებრძოლები და რუსი დაქირავებულები მოექცნენ კლასიკური „ნაღმების ალყაში“, რომელსაც 1980-იან წლებში ფართოდ იყენებდნენ ავღანელი მოჯაჰედინები საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. მის მიერ აღდგენილი სიტუაციის მიხედვით, სავარაუდოდ, წინა სადაზვერვო ჯგუფის პირველი ჯავშანტექნიკა ნაღმზე აფეთქდა, მისმა მებრძოლებმა, უკან დახევის ნაცვლად, დახმარება მოითხოვეს. ხოლო მათ დასახმარებლად წასული მთავარი ძალების კოლონა, მოულოდნელად, ერთდროულად ორი მიმართულებიდან აღმოჩნდა ძლიერი თავდასხმის ქვეშ.

ტელეგრამის არხის „რაზგრუზკა ვაგნერას“ ცნობით, „პრუდის“ ჯგუფის სახელით შემდეგი შინაარსის ბოლო რადიოგრამა 27 ივლისს, 17 საათსა და 10 წუთზე გაიგზავნა: „დავრჩით სამნი. ბრძოლას ვაგრძელებთ“.
რაზმის მეთაური, სერგეი შევჩენკო, ფსევდონიმით „პრუდი“, ტელეგრამის არხის ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა.

„ვაგნერთან“ დაახლოებულმა რუსულმა არხებმა გამოაქვეყნეს მალიდან მიღებული ფოტოები. მათზე ჩანს დაღუპულთა ცხედრები და დამწვარი ტექნიკა. დატყვევებული რუსების ვიდეო კი არხმა „როსიჩმა“ გაავრცელა. ცნობებში ნათქვამია, რომ მეამბოხეებმა, სულ მცირე, ერთი შვეულმფრენი „მი-24“ და რამდენიმე ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.


კსკ „ვაგნერთან“ დაახლოებულმა ერთ-ერთმა ტელეგრამის არხმა გაავრცელა ალყის დროს სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი მეთაურის, ანტონ ელიზაროვის („ლისა“) დაღუპვის ცნობა. სხვა მილიტარისტული არხი კი უარყოფს ელიზაროვის დაღუპვას, მაგრამ ამტკიცებს, რომ იგი ტყვედ ჩავარდა და უკვე „გაცვალეს“.

ტინზაუტენთან ბრძოლაში დაიღუპა ცნობილი ბლოგერი, კსკ „ვაგნერთან“ დაახლოებული მსხვილი ტელეგრამის არხ Grey Zone-ის ადმინისტრატორი მეტსახელად „ბელი“ და „პიატისოტი“. არხს ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა. დაღუპულის ფოტოთი, რომელიც პირველად ტელეგრამის არხმა „დშრგ რუსიჩმა“ გამოაქვეყნა, შესაძლებელი გახდა დადგენა, რომ ცნობილი ბლოგერი ლიპეცკის მკვიდრი, 29 წლის ნიკიტა ფედიანინია.

ომის მომხრე რუსულმა ტელეგრამის არხებმა ადრე „ვაგნერის“ დაქირავებულთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა რიცხვი დაასახელეს. მათი ცნობებით, დაღუპული უნდა იყოს 20-დან 50-მდე „ბოევიკი“. ბიბისის რუსული სამსახურის წყარო, რომელიც ადრე „ვაგნერში“ მსახურობდა, ამტკიცებს, რომ მალიში, სულ მცირე, 82 დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა.

28 ივლისის მდგომარეობით, „ვაგნერის“ ერთი მებრძოლი რჩებოდა მეამბოხეთა ტყვეობაში.

29 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფი „ვაგნერის“ ყველა დაქირავებული ჯარისკაცი გაცვალეს.

"რუსეთის საქმიანობა მალიში ჰგავს ჩაფუშვას"

2022 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მალიში ხელისუფლებაში მოვიდა ხუნტა პოლკოვნიკ ასიმი გოიტას ხელმძღვანელობით. ხუნტა ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთთან. გოიტას ძალაუფლებას მხარს უმაგრებენ ასევე შეიარაღებული სტრუქტურები, რომლებიც რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ არიან დაკავშირებული.

აფრიკაში რუსი დაქირავებულების საქმიანობას თვალს ადევნებს ჟურნალისტი ფილიპ ობაჯი, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გაიხსენა,რომ „ვაგნერელები“, დაახლოებით 1000 კაცი, პირველად მალიში ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ცოცხალი იყო. ლუს ოსბორნი, საგამოძიებო პროექტიდან All Eyes On Wagner, რუსი დაქირავებულების რაოდენობას 1300-1500-ად აფასებდა.

„მალის ჩრდილოეთით არის სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი და ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ მათი მოპოვებიდან მიღებული ფული ბიუჯეტში შევიდეს. მაგრამ რუსეთმა არ იქნა და არ გააფორმა ამ საბადოების დამუშავების შესახებ არცერთი გარიგება მალის ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგები გამოაგზავნა. რაც უნდა იყოს, პირველ ადგილზე ისლამისტი ექსტრემისტების საკითხი დგას. რუსეთისგან ელოდნენ, რომ ის თავის თავზე აიღებდა მეტ რისკს „ალ-ყაიდისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე გაეროს მშვიდობის დამცველებს შეუძლიათ მისცენ საკუთარ თავს ამის უფლება. მაგრამ 2011 წლის დეკემბრიდან, როდესაც „ვაგნერელები“ პირველად გამოჩნდნენ მალიში, სიტუაცია უფრო გაუარესდა. ჯერჯერობით, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთის საქმიანობა მალიში ჰგავს ჩაფუშვას. ადრე მალის ხელისუფლება ახერხებდა ტაურეგებთან შეთანხმებას, რათა ჯიჰადისტებზე მოეხდინა ყურადღების კონცენტრირება. ახლა ეს ასე აღარ არის, ყველა შეთანხმება დარღვეულია; და ეს, პირველ ყოვლისა, განპირობებულია იმ სისასტიკით, რასაც მალის არმია და რუსი დაქირავებულები იჩენენ უკლებლივ ყველა მოწინააღმდეგის მიმართ. უამრავია ცნობა წამებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, თავად „ვაგნერელთა“ ბრუტალურობაზეა აქ საუბარი, თუ მათი მაგალითი გახდა გადამდები და ანალოგიური ქმედებებისკენ წააქეზა მალის სამთავრობო არმიის ჯარისკაცები, გასაქანი მისცა მათში ჩაბუდებულ ზიზღს ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით მათ მიმართ, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ერთი სახელის „ტაურეგების“ ქვეშ აერთიანებენ“, - ამბობს ფილიპ ობაჯი.

გაეროს მრავალპროფილიანი კომპლექსური მისიის (MINUSMA) მშვიდობის დამცველები მალიში. 2015 წელი
გაეროს მრავალპროფილიანი კომპლექსური მისიის (MINUSMA) მშვიდობის დამცველები მალიში. 2015 წელი

ფილიპ ობაჯის თქმით, მალი აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც „ვაგნერის“ დაქირავებული ძალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მნიშვნელოვან „ოპერატიულ ავტონომიას“ ინარჩუნებს.

„ამჟამად ისინი, მალის არმიის რაზმებთან ერთად, ცდილობენ თავიდან აიცილონ ტაურეგებისა და ჯიჰადისტური ტომების გავლენის გაფართოება ქვეყნის სამხრეთით. ამით კი იტანჯებიან მშვიდობიანი მალელები, რომლებიც მომწყვდეულნი არიან ბრძოლის ველებსა და ალჟირის საზღვარს შორის“, - ამბობს ობაჯი.

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ყაიდა“ და ტაუგერები, განსხვავებული მიზნების გამო ზოგჯერ ერთმანეთში ომობენ მალის ჩრდილოეთში. მაგრამ ამჯერად მათ შექმნეს ტაქტიკური კავშირი, რათა შებრძოლებოდნენ რუს დაქირავებულებსა და მალის არმიას. ფილიპ ობაჯის აზრით, შესაძლოა ასეთი ტაქტიკური კავშირის დაუფასებლობა ასევე იქცა „ვაგნერელთა“ კოლონის განადგურების ერთ-ერთ მიზეზად.

ლუ ოსბორნმა კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაიხსენა მალის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ტაურეგებმა „ვაგნერსა“ და მალის არმიას თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს სუსტები არიან და ისინი, მათი დისლოკაციის ადგილებიდან საკმაოდ შორს, ქვეყნის ჩრდილოეთში შეიტყუეს.

"გაგრძელება იქნება"

მაგრამ სრულიად მოულოდნელად ტაურეგებს კიდევ ერთი ფარული მოკავშირე გამოუჩნდათ უკრაინის სახით.

„მეამბოხეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომელმაც მათ შესაძლებლობა მისცა წარმატებული სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინათ რუსი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ. დეტალებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებთ. გაგრძელება იქნება“, - განაცხადა 29 ივლისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა „ეროვნული ტელემარათონის“ ეთერში.

ანდრეი იუსოვი, უკრაინის მთავარი სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი
ანდრეი იუსოვი, უკრაინის მთავარი სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა არც უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ცნობა, თითქოს მეამბოხეებს კიევისთვის დატყვევებული „ვაგნერელების“ გადაცემა შეეთავაზებინოთ. ეს „მგრძნობიარე ინფორმაციაა“, აღნიშნა ანდრეი იუსოვმა, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის ყველა ქმედება მოქცეულია „საერთაშორისო სამართლის“ ფარგლებში.

„შემიძლია მხოლოდ გენერალ ბუდანოვის ციტირება, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ რუსი სამხედრო დამნაშავეები, სადაც არ უნდა იყვნენ, სამართლიან სასჯელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიიღებენ. დეტალების გარეშე. ჩვენ ახლა ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებთ“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა.

  • რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დასაწყისიდანვე იყო ჩართული კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში და განსაკუთრებით აქტიურობდა დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
  • "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც 2023 წლის 23 აგვისტოს გაურკვეველ ვითარებაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა, პირადად მონაწილეობდა უკრაინაში საომრად პატიმრების გადაბირების პროცესში.
  • "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.
  • უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG