Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხსა და ახმეტაში საჯარო მოხელეთა ხელფასის გაზრდა იგეგმება


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

მომავალ წელს ახმეტისა და ლაგოდეხის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში დასაქმებულ პირებს შესაძლოა ხელფასი გაუზარდონ. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით,ლაგოდეხის მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი 300 ათას ლარზე მეტით იზრდება და 1 750 000 ლარი ხდება.

ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილეს საკრებულოს კომისიებში. როგორც აღმოჩნდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პროექტის მიმართ 15-მდე შენიშვნა აქვს, მათ შორისსახელფასო ფონდთან დაკავშირებით. კახა ჯამბურია გვეუბნება,რომ დოკუმენტში არ არის გაწერილი, ვის უნდა მოემატოს ხელფასი და რამდენით. საკრებულოს თავმჯდომარე ითხოვს, რომ ხელფასი გაეზარდოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებსაც და თანხა გამოიყოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალების, ასევე წარმატებული სტუდენტებისათვის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით, 120 ათასი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ამ მუნიციპალიტეტშიც და 1 747 000 ლარზე მეტი გახდება.

პროექტის მიხედვით, ლაგოდეხის 2019 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარამდეა და, დაახლოებით, ორი მილიონით აღემატება მიმდინარე წლისას. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გიორგი მანგოშვილი ამბობს, რომ მომავალ წელს პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც სამ-ნახევარი მილიონით დაფინანსდება. პრიორიტეტთა შორის სახელდება განათლება, სპორტი და ახალაზრდობა, ასევე სოციალური მიმართულება. რაც შეეხება სახელფასო ფონდის გაზრდას,მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ დღემდე ლაგოდეხში უფრო დაბალი ხელფასია, ვიდრე მაგალითად, ყვარელში, და ის სხვა მუნიციპალიტეტებს უნდა გაუთანაბრდეს. გიორგი მანგოშვილი იმასაც ამბობს, რომ საკრებულოს შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით, 120 ათასი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ამ მუნიციპალიტეტშიც და 1 747 000 ლარზე მეტი გახდება. მიზეზი ვკითხეთ ახმეტის მერის მოადგილეს, ზაზა მიგრიაულს, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერ მხოლოდ პროექტია შედგენილი და ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეუძლია.

2019 წელს სახელფასო ფონდი არ იზრდება თელავსა და სიღნაღში, თუმცა სიღნაღში გათვალისწინებული აქვთ დანამატი, რომელიც, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 47 ათასი ლარია. ამავე მიზნით სიღნაღის ბიუჯეტში წელს 28 ათას ლარამდე იყო გათვალისწინებული. კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. შესაბამისად, შესაძლოა პროექტმა ცვლილებები განიცადოს. მოსახლეობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა მათი დიდი ნაწილი მიმდინარე პროცესებს მხოლოდ შორიდან აკვირდება. მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტებისგან გაიგეს, რომ, მაგალითად, ახმეტასადა ლაგოდეხში საჯარო მოხელეების ნაწილს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს, უკმაყოფილონი დარჩნენ. არიან ისეთებიც, ვინც ხელფასის მომატებას მიესალმება. კახეთში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საკუთარ ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ რაში უნდა დაიხარჯოს გადასახადების გადახდით შედგენილიბიუჯეტი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG