Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუპრავას სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდაჭერა დასჭირდა


ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ზვიად კუპრავას პოლიტიკური ნიშნით დევნის და ამით მიზნად ისახავს ხალხში არსებული საპროტესტო მუხტი ჩაახშოს. ლაპარაკია შს სამინისტროს მიერ დაწყებულ საგამოძიებო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 11 ივნისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, და ამ საქმესთან დაკავშირებით 29 ივნისს გამოძიებამ ზაზა სარალიძეც გამოკითხა.

პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს თავად ზვიად კუპრავაც, რუსთაველის გამზირზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც ერთხელ უკვე მოიხადა ადმინისტრაციული პატიმრობის 14-დღიანი ვადა. შვილმოკლული მამების მხარდაჭერა კუპრავას კიდევ ერთხელ დასჭირდა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ზაზა სარალიძის გამოკითხვის პროცესი 29 ივნისს სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ამჯერად იქ ზვიად კუპრავას გამო დაიბარეს. ზაზა სარალიძე თვლის, რომ შს სამინისტროს მხრიდან აზრს მოკლებულია გამოძიების დაწყება ზვიად კუპრავას წინააღმდეგ, რადგანაც ბრალდება სრულიად აბსურდულია.

სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლი შეეხება სასამართლოს უპატივცემულობას სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში ინციდენტი 11 ივნისს, სწორედ იმ დღეს მოხდა, როდესაც იქ რუსთაველის გამზირზე დაკავებული ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი იმართებოდა. სასამართლოს სასადილოში იმყოფებოდა ზაზა სარალიძეც. ის ამტკიცებდა, რომ სამართალდამცველები უსამართლოდ მოიქცნენ, ზეწოლა განახორციელეს და უხეში ძალა გამოიყენეს. მეორე დღეს ზაზა სარალიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა და ამას გარკვეული შედეგიც მოჰყვა.

განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოძიება დაწყებულია ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ 28 ივნისს გამოაქვეყნა. 29 ივნისს, ვიდრე ზაზა სარალიძე პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გამოცხადდებოდა, მან, ზვიად კუპრავამ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. კუპრავამ თქვა, რომ ციხის საფრთხის მიუხედავად, მაინც გაგრძელდება ბრძოლა სისტემის დასანგრევად და ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

ხელისუფლების მიზნად ხალხში არსებული საპროტესტო მუხტის ჩახშობა დაასახელა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი თქმით, ზვიად კუპრავას დაკავება უსამართლობა იქნება, მაგრამ თუკი მას მაინც დააკავებენ, „გარეთ დარჩებიან ადამიანები, რომლებიც ციხეში მყოფ ზვიადსაც მიხედავენ და გარეთაც მიხედავენ ადამიანებს და სიმართლეს დადებენ საქართველოს მოქალაქეების წინაშე“.

შს სამინისტრო არ ავრცელებს დამატებით ინფორმაციას ზვიად კუპრავას წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით, პროკურატურაში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG