გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრი ლილე ლიპარტელიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ფლობენ ფოტოებიან საარჩევნო სიებს.
„კარგად რომ გაარჩიონ, რომელი ამომრჩეველი მივიდა და რომელი - არა, უდევთ ცესკოს სამაგიდო სიები პერსონალური მონაცემებით. ასეთი რამ ხდება მესამე, მეოთხე, მეჩვიდმეტე და ოცდამეერთე საარჩევნო უბნებზე“, - უთხრა ლილე ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს.
თუმცა „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი კოორდინატორები არ ფლობენ ამომრჩევლების პირადობის მონაცემებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი განმარტავენ, რომ, თუ კოორდინატორებს აქვთ ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, ეს კანონმდებლობის დარღვევად არ ითვლება.
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, კანონთან შეუსაბამოა ისეთ სიებზე წვდომა, რომლებშიც მოქალაქეთა პირადი ნომრებია შეტანილი.
„არსებობს სიის სამაგიდო ვერსია, რომელიც აქვთ მხოლოდ რეგისტრატორებს და არსებობს სიის საჯარო ვერსია, რომელიც არის გაკრული. ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, დამუშავებისთვის და ინფორმაციისთვის ასევე მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, თუკი გარეთ, რომელიმე კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით დარღვევა არ არის”, – განაცხადა ანა მიქელაძე, რომლის თქმითაც, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიას ახლავს ფოტოები, თუმცა პირადობის მოწმობის ნომერი მასში დატანილი არ არის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაციაც ფლობს ცესკოდან გამოთხოვილ ფოტოებიან სიას, რომელშიც არ არის შეტანილი ამომრჩეველთა პირადი ნომრები.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ფოტოსურათებს, არამედ პირად ნომრებს. თუ სია შეიცავს ამომრჩეველთა პირად ნომრებს, მაშინ შეიძლება საუბარი კანონის დარღვევაზე“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განმარტებით, ამომრჩეველთა სია და მასში არსებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და მათი დამუშავებისთვის საჭიროა კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობა და პრინციპების დაცვა.
„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, საყურადღებოა და დამატებით შესწავლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა ტიპის სიებს ეხება საქმე, როგორ მოხდა მათი მოპოვება და როგორ ხდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამოყენება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სთხოვს დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და დამატებითი ინფორმაცია“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიუთითეს საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლი (მუხლი 31. პუნქტები 4 და 7), რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. საარჩევნო კოდექსის განმარტებითვე, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულია ამომრჩევლის გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.