Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდექსი ბავშვებისთვის


საქართველო იწყებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ქვეყანას გაეროს ბავშვთა კონვენციის ხელმოწერით დაეკისრა. ეს პროცესი შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც ბავშვთა უფლებებს მოაწესრიგებს - დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობის აღმოფხვრა, გამოხატვის თავისუფლება, უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, აღმსარებლობის თავისუფლება და სხვა.

კოდექსის ძლიერი და სუსტი მხარეები

პროექტის პრეზენტაციაზე თქვეს, რომ ეს „ამბიციური პროექტი“ „ბავშვების საუკეთესო ინტერესებზეა გათვლილი“, თუმცა არასამთავრობო სექტორის ნაწილი თვლის, რომ კოდექსის პრაქტიკული განხორციელება რთული იქნება და მას დახვეწა სჭირდება.

ბავშვის უფლებების კოდექსის პრეზენტაციის დასასრულს უფლებადამცველ ანა აბაშიძესა და კოდექსის ერთ-ერთ ავტორს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის შორის კამათიც მოხდა. საერთაშორისო ექსპერტების თანდასწრებით გამართული ეს კამათი “ტაბულას” ჟურნალისტმა გადაიღო.

ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს: „ხვალ რომ მივიღოთ კოდექსი, ის ხვალიდანვე ვერ მოახდენს პოზიტიურ გავლენას ბავშვთა მდგომარეობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ეს კანონი კონკრეტულ დავალებებს გასცემს ცალკეულ სამინისტროებზე. კანონი არის ძალიან დეკლარაციული. გარდა ამისა, აუცილებლად გამოიწვევს ეს კოდექსი ბიუჯეტურ საჭიროებებს, რაზეც განმარტებით ბარათში ბევრს ვერაფერს ვხედავთ და დიდი აქცენტი არც შეხვედრებზე ყოფილა“.

გაეროს გარდა კოდექსის პროექტი სახალხო დამცველის აპარატმაც შეაფასა. „კოდექსის ძირითადი ნაწილი პრინციპების დონეზეა, თუმცა თუ კოდექსს თან მოჰყვება შესაბამისი ცვლილებები აღსრულების ნაწილში, როგორიცაა იურიდიული დახმარება, სოციალური სამსახურის გაძლიერება, რა თქმა უნდა ამ კოდექსს ექნება პრაქტიკული მნიშვნელობაც“ - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე მსხილაძე.

ბავშვზე ძალადობა

ბავშვის უფლებების კოდექსის წარდგენამდე ერთი თვით ადრე, მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებამ გააჩინა საზოგადოებაში კითხვა, ხომ არ იყო მიზეზი შესაბამისი სტრუქტურების უყურადღებობა, მაშინ როცა 4 წლის გოგონა არაერთხელ გახდა მშობლისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

ეს თემა კოდექსის პროექტშიც მოხვდა. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად. კოდექსი იმ მშობლის, აღმზრდელისა და მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს, ვინც ბავშვს ფიზიკურად დასჯის, დაამცირებს ან არაადამიანურად მოეპყრობა. ეს იმის ფონზე, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის 60%, ბავშვის აღზრდისას ძალადობრივ მეთოდებს ამართლებს.

„ბავშვებზე ძალადობა სამწუხაროდ ხშირია ბევრ საზოგადოებასა და ქვეყანაში“, ამბობს აარონ გრინბერგი გაეროს ბავშვთა ფონდის მრჩეველი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. „ჩემი რჩევა იქნება რომ იფიქროთ პასუხისმგებლობების განაწილებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. თუ ისინი არ აიღებენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას, ეს ყოველთვის გაართულებს ძალადობის აღმოჩენას“, ამბობს UNICEF-ის რეგიონულმა წარმომდგენელი.

გამოხატვისა და რელიგიური თავისუფლებები

კოდექსში საუბარია ბავშვთა გამოხატვისა და რელიგიური თავისუფლების უფლებებზე. თუმცა ერთგვარად განსხვავდება გაეროს ბავშვთა კონვენციის ანალოგიური ჩანაწერებისგან. მაგალითად, ბავშვთა საერთაშორისო კონვენციაში წერია, რომ ბავშვს აქვს უფლება აირჩიოს აღმსარებლობა. კონვენცია პატივს სცემს მშობლების უფლებასა და მოვალეობას, რომ მათ რელიგიური და მორალური ხელმძღვანელობა გაუწიონ შვილებს. ამავდროულად კონვენცია აღიარებს, რომ მოწიფულობასთან ერთად, ბავშვებს შეუძლიათ ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შეხედულებები და ზოგმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს გარკვეული რელიგიური პრაქტიკა ან კულტურული ტრადიცია.

ქართული კოდექსის პროექტში კი წერია რომ მშობლებს აქვთ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ და არაფერია ნათქვამი თავად ბავშვის რელიგიურ შეხედულებებზე. მხოლოდ ზოგადადაა მითითებული, რომ მშობელი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა იცავდეს.

ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს რიგ შემთხვევაში პრობლემებს, ქმნის, მაგალითად მინდობით აღზრდის დროს. „შეიძლება მიმღებმა ოჯახმა მიიღოს ბავშვი განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობით, ექნება მას უფლება, რომ მაგალითად მისი ეთნიკური ღირებულებები უგულებელყოს. ეს არის ბავშვის თავისუფლების ნაწილი“, ამბობს ის.

ბავშვები ადმინისტრაციულ დავებში

ეს ერთ-ერთი მიმართულებაა კოდექსში, სადაც ბავშვების მიმართ კანონპროექტი საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს. თუკი აქამდე მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას იყო აუცილებელი მოთხოვნა, რომ ბავშვთან არასრულწლოვნებზე სპეციალიზებულ ადვოკატს ემუშავა, ახლა სამოქალაქო დავების დროსაც აუცილებელი ხდება იგივე კვალიფიკაციის იურისტის ჩართულობა. ბავშვებზე სპეციალიზებული პირი უნდა მუშაობდეს ძალადობის მსხვერპლ და სახელმწიფო უზრუნველყოფის ქვეშ მყოფ ბავშვებთანაც. სპეციალისტების აზრით ეს ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯია ამ პროექტში.

კანონი ჯერ სამუშაო სახით არსებობს. ბავშვის უფლებების დასაცავად შემუშავებული კოდექსს ყველაზე ადრე, 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ. მანამდე კი პროექტის ავტორები საჯარო განხილვების გაგრძელებას გეგმავენ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG