გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ კინორეჟისორი ლევან კიტია საუბრობს ქართველი კინორეჟისორების წერილზე, რომელიც მათ პარლამენტს გაუგზავნეს. რეჟისორები პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ და მაუწყებლობის შესახებ კანონის გადახედვას მოითხოვენ.
როგორც აღმოჩნდა ამ კანონით იკრძალება ადმინისტრაციული ორგანოს, თუ პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, რაც კინორეჟისორებს სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის; ლევან კიტიას თქმით, ამ რეგულაციიდან გამომდინარე შეუძლებელი ხდება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მაგალითად, ეროვნულ კინოცენტრთან.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების განცხადებით (წერილს 18 რეჟისორი აწერს ხელს, მათ შორის ელდარ შენგელაია, ნანა ჯანელიძე, გიორგი ოვაშვილი და სხვები), კინოცენტრს და საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთობლივად დააფინანსონ, პირველ რიგში, ახალგაზრდა რეჟისორების პროექტები. კანონი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.