”ერთხელ ჰოლივუდში”( Once Upon a Time in Hollywood, რეჟისორი კვენტინ ტარანტინო 2019)
მართალია, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ფილმების ჩვენება ორიგინალში დავიწყეთ, ჩვენი გაქირავება ჯერ ისევ რუსულ კინობაზარს არის მიბმული, ამიტომ, სავარაუდოდ, კვენტინ ტარანტინოს ახალი ნამუშევრის პრემიერა საქართველოში 8 აგვისტოს მოეწყობა. სწორედ ამ დღესაა გამოცხადებული ფილმის პირველი კინოსეანსი რუსეთში და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. შეერთებულ შტატებში პრემიერა ივლისის ბოლოს გაიმართა. მაისში „ერთხელ ჰოლივუდში“ კანის კინოფესტივალზე ვნახეთ, თუმცა ფესტივალზე აკრედიტებულმა ყველა კრიტიკოსმა ეს კანშიც ვერ მოახერხა: ფილმის ჩვენებისთვის განსაზღვრული სეანსების რაოდენობა ტარანტინომ და მისმა პროდიუსერებმა მინიმუმდე შეამცირეს. ხალხი სეანსის დაწყებამდე ორი საათით ადრე ჩადგა რიგში, მაგრამ უამრავმა კრიტიკოსმა დარბაზამდე მაინც ვერ მიაღწია. ოფიციალურ პრემიერაზე კრუაზეტის სანაპიროს გასწვრივ იმსიგრძე რიგი დადგა, იფიქრებდით, რომ მთელი საფრანგეთი ჩავიდა კანში ტარანტინოს სანახავად. არაფერია ამაში უცნაური: პლანეტის ყველაზე „აჟიოტაჟურმა“ რეჟისორმა და თანამედროვეობის ორმა, ალბათ, მაინც ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა, ლეონარდო დი კაპრიომ და ბრედ პიტმა, მსოფლიოს ნომერ კინოფესტივალზე ჩამოიტანეს ფილმი, რომელსაც კინოს სამყარო დიდი ხანია ელოდა. 25 წლის წინ იმხანად თითქმის ყველასთვის უცნობმა ტარანტინომ თავისი „მაკულატურით“ კანში ყველა გააკვირვა, დაჯილდოვდა რა „ოქროს პალმის რტოთი“. მაშინ „მაკულატურამ“ თვით გენიალური კლასიკოსის, ქშიშტოფ კიშლოვსკის, ”წითელსაც” მოუგო. კრიტიკოსებმა კვენტინ ტარანტინო „21-ე საუკუნის რეჟისორად“ მონათლეს. კვენტინს დღესაც მთელ მსოფლიოში ჰყავს ფანატები. ბევრი მათგანი კანშიც ჩავიდა და, როგორც ამბობენ, 1500 ევროდ შეიძინა მოსაწვევი თავისი კერპის ახალი ფილმის პრემიერაზე მოსახვედრად.
მანამდე კვენტინ ტარანტინომ წერილობით, კანის ფესტივალის დირექციამ კი პრემიერის წინ სცენაზე ასვლით, გაგვაფრთხლეს, რომ არ მოვყვეთ ფილმის შინაარსი. მე პირადად მგონია, რომ სპოილერების ფობიები ისტერიკად იქცა უკვე, რადგან კარგი კინო ყველაზე ნაკლებადაა ის, რასაც ჩვენ „შინაარსს“ ვუწოდებთ. აი, ბავშვობაში ოპერაში ხომ დაჰყავდით მშობლებს? საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენის წინ პროგრამის ყიდვა და ლიბრეტოების კითხვა არ გიყვარდათ? მე პირადად მაგრად მსიამოვნებდა ეს პროცესი. შინაარსის გასაგებად აღარ ვიძაბებოდი და უფრო კარგად ვუსმენდი მუსიკას. კარგი კინოც ასე არაა? მით უმეტეს, ტარანტინო-სინეფილის კინოც ასე არაა? ყველაზე ნაკლებად საინტერესო აქ შინაარსია. სპოილერი ტარანტინოს კინოს არ გააფუჭებს. მაგრამ გვთხოვა კაცმა და, ჯანდაბას მისი თავი, დავემორჩილები მეც.
ისე, სპოილერების ფობიები, თუ არ ვცდები, ტელესერიალების პოპულარობამ გააძლიერა. სერიალი ხომ, პირველ რიგში, ამბავია, თავისი პერსონაჟებითა და პერსონაჟების კონფლიქტებით. ამ თვალსაზრისით, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში ერთ ძალიან საინტერესო დამთხვევას შენიშნავთ: სურათის მთავარი გმირი, რომლის როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს, ტელესერიალების მსახიობია, მაგრამ ოცნებობს „დიდ კინოში“ მოხვედრაზე, „ნამდვილ კინოში“ მოხვედრაზე, ფილმის მეორე გმირთან, თავის კასკადიორთან ერთად, რომელსაც ბრედ პიტი განასახიერებს.
ამას რომ მიხვდები, ეგრევე გაიაზრებ, რომ კვენტინ ტარანტინომ თავისი ახალი ფილმი მიუძღვნა „დიდ კინოს“, რომელიც აღარ არსებობს, რომელიც შეიცვალა მასობრივი მოხმარების „საქონლით“, რომელსაც, თავის მხრივ, შეგიძლია ფასი დაუგდო, მდარე გახადო, თუკი მავნებელი მაიმუნივით მოიქცევი და შინაარსს წინასწარ უამბობ მაყურებელს. კვენტინ ტარანტინო თავად წერდა, რომ ფილმი იმ “ეპიკური ჰოლივუდის” აღდგენის სურვილია, რომელიც დასრულდა. 1969 წელს (სწორედ 1969 წელს ხდება ფილმის მოქმედება) ეს “ეპიკურობა”, ეს ძვირფასი მანქანების, მდიდრული ვილებისა და გლამურის სამყარო, შეზავებული ტარანტინოსთვის, როგორც კლასიკური სინეფილისთვის, დამახასიათებელი ფეტიშიზმით („ფეტიში“აქ მხოლოდ ქალის ტერფების სიყვარულს არ გულისხმობს, ვნებას, რომელიც ტარანტინოს თავის საყვარელ რეჟისორთან, ერიკ რომერთან აახლოებს), დაინგრა შარონ ტეიტის მკვლელობით. ამ ისტორიას კვენტინი, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიდა.
ჰოდა, რა სპოილერის შიშმა მოიცვა ახლა ეს კარგი კაცი? ტარანტინოზე ხომ შეუძლებელია მოიწყინო? ისე ამონტაჟებს, ისე აწყობს ქორეოგრაფიულად (ფილმის ფინალი უკვე მართლა ბალეტს ჰგავს), ისე ირჩევს მუსიკას დაძაბულობის ზრდისთვის, რომ მოქმედების თანამონაწილე ხდები, ბავშვივით გიხარია. კვენტინ ტარანტინო მართლა ბავშვად გვაქცევს ყველას, ისეთივე თავქარიანს გვხდის, როგორებიც არიან მისი გმირები, როგორიც მისი ფილმია - თავქარიანი, ქარაფშუტა ფილმი.
ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ ტარანტინოს ფილმების ყველა ატრიბუტს იხილავთ. სისხლი და ძალადობა აქ კვლავ წარმოდგენილია როგორც “ატრაქციონი”, როგორც ჟონგლიორობა. თუკი მისი სტილი მოგწონთ,
„ერთხელ ჰოლივუდში“ მაგრად გასიამოვნებთ. თუკი ქარაფშუტული, „ნამეტანი კეთილი“ კინო გაღიზიანებთ, შეგიძლიათ არ მოიკლათ თავი მის სანახავად. მაგრამ თუკი საერთოდ გიყვართ ის, რასაც „დიდი კინო“ ჰქვია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადოთ ფილმის ნახვა. რამდენიმე სცენა აქ, უბრალოდ, ფანტასტიკურია: ტარანტინოს კამერა იმდენად მგრძნობიარეა, რომ 60-იანი წლების ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს, მერვინ შვარცს რომ უყურებ ალ პაჩინოს შესრულებით, მისი სიგარის სუნსაც კი გრძნობ. სრულიად გენიალურია დი კაპრიოს გმირის დიალოგი 8 წლის გოგონასთან, რომელიც უკვე კინოვარსკვლავია.. აქ ჩნდება ასოციაცია ტარანტინოს კიდევ ერთ საყვარელ რეჟისორთან, ჟაკ დემისთან (მის ფილმთან „ლოლა“).
კანის კინოფესტივალზე გამართულ პრემიერამდე კვენტინ ტარანტინომ მაყურებელს ურჩია ნახონ ფილმები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს „ერთხელ ჰოლივუდის“ სტრუქტურაზე. მან აღიარა, რომ ფილმზე მუშაობის დაწყებამდე უჩვენა ეს სურათები თავის გადამღებ ჯგუფს და განსაკუთრებით გამოყო ჟაკ დემის აბსოლუტურად გენიალური, მაგრამ ნაკლებად დაფასებული ფილმი „მოდელების ატელიე“... ტარანტინოს თქმით, არავის გამოუხატავს ლოს-ანჯელესი ისეთი, როგორიც გამოხატა ჟაკ დემიმ. „ქალაქი აქ ცალკე პერსონაჟია, თანაც ყველაზე დასამახსოვრებელიო“.. ხვდებით, ალბათ, რამხელა სიამოვნება გელით იმათ, ვისაც კინოში გარემოს „დათვალიერება“ გიყვართ - ქუჩების, მანქანების, იმის, თუ როგორ აცვიათ ფილმის გმირებს, როგორი თმის ვარცხნილობა აქვთ, როგორ დადიან... „ერთხელ ჰოლივუდში“ ასეთი კინოს ფოიერვერკია. მიუხედავად ძალიან მახვილგონივრული დიალოგებისა, შეგიძლიათ საერთოდ არ უსმინოთ ტარანტინოს პერსონაჟებს, არ იკითხოთ ქართული სუბტიტრები, სიამოვნებას მაინც მიიღებთ!
თავისუფალ არტისტთან, თავისუფალი არტისტის პერსონაჟებთან, მის მიერ დანახულ სამყაროსთან, მის მიერ აღდგენილ ისტორიასთან კონტაქტი ხომ ისედაცაა სიამოვნება, ნეტარება. გახსოვთ, როგორ იყო „უსახელო ნაბიჭვრებში“? - თავისუფალი სუპერგმირი , მოვლენილი კინოხელოვნებიდან, აუცილებლად “გამოასწორებს” ისტორიას და იხსნის მას უსამართლობისგან..
ხომ კითხულობენ ხოლმე ადამიანები: "თუკი ღმერთი ასეთი კეთილია, რატომ დაუშვა მან ამდენი სისასტიკე და უსამართლობა?”... ტარანტინო თითქოს გვიპასუხებს: „იმიტომ რომ მაშინ კინო არ არსებობდა. უფრო სწორად, არ არსებობდა ისეთი კინო, როგორსაც მე, კვენტინ ტარანტინო, ვქმნი. მე, უბრალოდ, ვეხმარები ღმერთს დაამარცხოს ბოროტება".