Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელასურის დიდი კედელი - 60-კილომეტრიანი ისტორიული სიმაგრე აფხაზეთში


კელასურის კედლის ფრაგმენტი
კელასურის კედლის ფრაგმენტი

კელასურის კედლის ნაშთები ინგრევა და მცენარეებით იფარება. ისტორიული კედელი, რომლის სიგრძე სულ მცირე 60 კილომეტრი იყო, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ერთ-ერთი ვერსიით, კედელი ბიზანტიელებმა სპარსელებისგან თავის დასაცავად ააშენეს.

„კელასურის კედლის ძირითადი იერსახე შენარჩუნებულია, მაგრამ ბევრგან ხე-მცენარეებითაა დაფარული, ინგრევა და კონსერვაცია სჭირდება“, - ამბობს ანა დუმბაძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“.

ციხე კლისურისა

სიმაგრეების ამ სისტემას რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: კელასურის კედელი, აფხაზეთის დიდი კედელი... ქართულ ისტორიულ წყაროებში ასეთი სახელწოდებაც გვხვდება - ციხე კლისურისა.

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ხორავა ამბობს, რომ კელასურის კედელი მეექვსე საუკუნეში ბერძნებმა ააშენეს, სპარსელების შესაჩერებლად.

კედელი იწყებოდა იმ ადგილას, სადაც მდინარე კელასური ზღვას უერთდება. იქ დღემდე დგას ციხის ნაშთები, რომელსაც კელასურის ციხეს უწოდებენ. კედელი მდინარის მარცხენა ნაპირს მდინარე მაჭარის ხეობამდე მიუყვებოდა, იქ კი ჩრდილო-დასავლეთით უხვევდა.

კედელი თითქმის ტყვარჩელამდე აღწევდა. მისი სიგრძე სულ მცირე 60 კილომეტრი იყო. კედელსა და კედელს შორის, ხეობებში ციხესიმაგრეები იყო ჩადგმული.

რუკა აღებულია წიგნიდან „საქართველოს ისტორიული ატლასი“, ავტორები: თ. ბერაძე, კ. თოფურია, მ. სანაძე, ბ. ხორავა. რუკაზე თეთრი ხაზით გამოსახულია კელასურის კედელი.
რუკა აღებულია წიგნიდან „საქართველოს ისტორიული ატლასი“, ავტორები: თ. ბერაძე, კ. თოფურია, მ. სანაძე, ბ. ხორავა. რუკაზე თეთრი ხაზით გამოსახულია კელასურის კედელი.

„640-662 წლებში ეგრისის სამეფო ხან სპარსელებს იწვევდა ბიზანტიელების წინააღმდეგ, ხან პირიქით. ეს კედელიც მაშინ ააშენეს ბერძნებმა სპარსელების შესაჩერებლად. კლისურა ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ვიწრობს ნიშნავს, სწორედ ასეთ ვიწრობებშია აგებული კედელი. მდინარესაც აქედან ეწოდა კელასური“, - ამბობს ბეჟან ხორავა.

მერვე საუკუნის მიწურულს ამ ტერიტორიაზე აფხაზთა სამეფო ყალიბდება. ბეჟან ხორავას თქმით, ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში კედელს ფუნქცია აღარ ჰქონდა და მოუვლელობის გამო დაინგრა.

ის გაახსენდათ მე-17 საუკუნეში, როდესაც ამ მიწების გამო ისევ ომი გაჩაღდა. კედელი ხელმეორედ ლევან მეორე დადიანმა ააშენა, ის 1611-1657 წლებში ოდიშის მთავარი იყო.

სწორედ აქ იყოფა ისტორიკოსების აზრი. ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს შემორჩენილი კედლის ნაშთები მხოლოდ მე-17 საუკუნისაა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ის დადიანმა კელასურის ძველი კედლის საძირკველს დააშენა და ბიზანტიური პერიოდის ნაშთებსაც მოიცავს.

ღამის ებგური

საუკუნეების განმავლობაში აფხაზეთისა და სამეგრელოს პირობითი საზღვარი რამდენჯერმე შეიცვალა. ბეჟან ხორავა ჰყვება, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისამდე ის გადიოდა ანაკოფიასთან (დღევანდელი ახალი ათონი), მდინარე ფსირცხასთან. მე-17 საუკუნის 30-იან წლებში - სოხუმის ტერიტორიაზე, მდინარე ბესლეთზე. მაგრამ ბესლეთის ზოლი ცუდად იყო გამაგრებული, ამიტომ ლევან დადიანი იძულებული გახდა კელასურამდე დაეხია და იქ კედელი ხელმეორედ აეგო. მაშინ ოდიშში სულ მცირე 15 სათავადო და 6 საეპისკოპოსო იყო. მათ ამ კედელზე სადარაჯოდ ჯარის გამოყვანა და ამ ჯარის სანოვაგით მომარაგება ევალებოდათ.

კელასურის კედელი არქანჯელო ლამბერტის რუკაზე
კელასურის კედელი არქანჯელო ლამბერტის რუკაზე

დადიანის ცოლი

ლევან დადიანს ცოლად შერვაშიძის ქალი ჰყავდა. ისტორიკოსი გია ანჩაბაძე ამბობს, რომ დადიანს აფხაზეთთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ცოლი ღალატში დაადანაშაულა, ცხვირი მოაჭრა და მამას დაუბრუნა. ლევან მეორე დადიანი საკუთარ ბიცოლაზე იყო შეყვარებული და ცოლის მოშორება ხელს აძლევდა. ცხვირმოჭრილი ქალის მშობლიურ სახლში დაბრუნების მერე სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

„ლევან დადიანი საკმაოდ აგრესიული მმართველი იყო, აფხაზეთსაც ეომებოდა, იმერეთსაც, გურიასაც, სვანეთთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. აფხაზეთიდან თავდასხმები რომ გაძლიერდა, იქ კედელი ააშენა“, - ამბობს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.

თუ ვის წინააღმდეგ არის აშენებული სიმაგრე, ამას ისტორიკოსები იმის მიხედვით არკვევენ, თუ რომელ მხარეს აქვს დატანებული სათოფურები. კელასურის კედლის ფრაგმენტებს სათოფურები ჩრდილოეთით, აფხაზეთის მხარეს აქვს.

„ვფიქრობ, დღეს რაც არის დარჩენილი, ეს სწორედ დადიანის აშენებული კედელია. თუმცა, არის ცნობები, რომ ამავე ადგილებში, უფრო ადრე იყო სხვა კედელიც, კლისურა, რომელიც, პირიქით, სამხრეთიდან მომავალი მტრისგან თავის დასაცავად ააშენეს. არ შეიძლება, ერთი და იგივე კედელი ხან ჩრდილოეთისგან გიცავდეს, ხან სამხრეთისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ დადიანის აშენებული სხვაა და უფრო ადრე კიდევ სხვა იყო“, - ამბობს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.

პოლიტიკური მიზეზების გამო კელასურის კედელი სრულყოფილად შესწავლილი არ არის. გარდა ამისა, ორგანიზაციამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გაარკვია, რომ მას დღემდე არა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

„ჩვენდა გასაოცრად აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზაში კელასურის კედელს (აფხაზეთის დიდი კედელი) VI-XVII-სს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ გააჩნია... გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ პროცედურები კელასურის კედლის გაძეგლებასთან დაკავშირებით“, - მიმართა ორგანიზაციამ კულტურის სამინისტროს.

ძეგლის სტატუსი საერთაშორისო ორგანიზაციებს მისი დაცვის შესაძლებლობის გამონახვას გაუადვილებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG