დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც მარცვლეული კულტურა მოჰყავს, შესაძლოა მოსავლის გარეშე დარჩეს. კახეთის ამ მხარეში მომრავლდა მინდვრის თაგვი, რომელიც მარცვლეულ კულტურებს ანადგურებს. სპეციალისტები მღრღნელების მომრავლებას ზამთრისთვის უჩვეულო სითბოთი ხსნიან. მინდვრის თაგვი განსაკუთრებით მომრავლებულია შირაქისა და ტარიბანის ველებზე.
სახელმწიფოსგან ქიმიკატებით დახმარებას ითხოვენ ძირითადად ის გლეხები, რომლებსაც შედარებით მცირე ნაკვეთები აქვთ და მათი მეურნეობა დიდად მომგებიანი არ არის. ფერმერები ამბობენ, რომ მცირე შემოსავლის გამო ქიმიური პრეპარატების შეძენა გაუჭირდებათ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხები აღნიშნავენ, რომ მინდვრის თაგვი პრობლემებს ყოველ წელს უქმნით, თუმცა წელს განსაკუთრებით რთული ვითარებაა. გლეხების ინფორმაციით, 2015 წლამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ურიგებდა თუთიის ფოსფიდს, რომელსაც მიწის ნაკვეთებში შლიდნენ და თაგვი ვეღარ მრავლდებოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი გვეუბნება, რომ გასულ წლებში სახელმწიფო ფერმერებს თაგვის გამრავლების საწინააღმდეგო ქიმიკატს უფასოდ იმიტომ ურიგებდა, რომ მაშინ პრეპარატი საქართველოში არ იყიდებოდა და განსაკუთრებით 2015 წელს შექმნილი რთული ვითარების გამო, სახელმწიფომ თავად შეიძინა. მერის ინფორმაციით, დღეს მსგავსი დეფიციტი არ არსებობს და შესაბამისი ქიმიკატები არცთუ ძვირია, ამიტომ მოსახლეობას მათი შეძენისკენ მოუწოდებს.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა თეთვაძე, რომელიც ათეულობით წელია დედოფლისწყაროში მუშაობს, მინდვრის თაგვის მომრავლებას იმით ხსნის, რომ კახეთის რეგიონში თოვლი არ მოსულა, ჰაერის ტემპერატურა კი პლუს 7-10 გრადუსს აღწევს. ეს კი თაგვების მომრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. შალვა თეთვაძის განმარტებითვე, აუცილებელია მასობრივად შეწამვლა, რადგან თუ ქიმიურ პრეპარატებს გლეხების მხოლოდ ნაწილი გამოიყენებს, ეს შედეგს არ გამოიღებს და მღრღნელები ერთი ადგილიდან სხვაგან გადაინაცვლებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მინდვრები დროულად არ შეიწამლა, გაზაფხულზე მინდვრის თაგვების კიდევ ერთი თაობა გაჩნდება და კიდევ უფრო გამრავლდება.