Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იესო მოვიდა, რომ ეთქვა, რას ფიქრობს ღმერთი ჩვენზე“ - კათოლიკეები აღდგომას ზეიმობენ


საილუსტრაციო ფოტო. აღდგომის მესა წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში.
საილუსტრაციო ფოტო. აღდგომის მესა წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში.

„იესო იმისთვის მოვიდა, რომ ეხვეწო, მოგიტევოს? სისულელეა. ღმერთი შენზე არც გაბრაზებულა. ერთმანეთს უნდა მივუტევოთ. ასე შევძლებ დავდგე იმ ღმერთის წინაშე, რომელიც არასდროს არავისზე ბრაზობს“, - ამბობს მამა აკაკი ჭელიძე, კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის კანცლერი.

ქრისტეს აღდგომას ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 9 აპრილს აღნიშნავს.

მამა აკაკი (ჭილაძე)
მამა აკაკი (ჭილაძე)

- მამა აკაკი, ქრისტე რომ არ განკაცებულიყო, როგორც ამას სახარება მოგვითხრობს, როგორი იქნებოდა სამყარო დღეს?

- ეს ისტორიკოსებს უნდა ვკითხოთ. ისინი იტყვიან, რა კვალი დაატყო ქრისტემ კაცობრიობას. იესომ გამოგვიცხადა, რა არის ღმერთი და რა არის ადამიანი, რატომ არის ადამიანი უდიდესი ფასეულობა და რატომ არ გამოდგება მასთან ჯუნგლების კანონი.

- ანუ მან კაცობრიობას მოუტანა ჰუმანიზმი?

- ჰუმანიზმი, ოღონდ ამ სიტყვას კარგი გაგება სჭირდება. იესომ თქვა, ღმერთს არა აქვს სხვა სიკეთე, გარდა ადამიანის სიკეთისა. ის განგებ შაბათს კურნავდა ავადმყოფებს, რომ ეჩვენებინა - „შაბათია კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის“. მაშინ ებრაელებისთვის ეს ასე სულაც არ იყო, შაბათის დარღვევა სიკვდილით ისჯებოდა. სხვათა შორის, როდესაც მას სიკვდილი მიუსაჯეს, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შაბათის დარღვევა იყო.

- ორიოდე სიტყვა აღდგომის დღეებზე რომ ვთქვათ.

- ბზობის კვირიდან აღდგომის კვირადღემდე არის წმინდა კვირა, რა დროსაც ვითარდება ის მოვლენები, რომლის გარეშეც აღდგომა გაუგებარი იქნებოდა: საიდუმლო სერობა - ხუთშაბათს, ქრისტეს ჯვარცმა - პარასკევს. შაბათს დუმილის დღეა, მაგრამ ეს არის არა სასოწარკვეთილი დუმილი, არამედ იმ მარცვლის მდუმარება, რომელიც ღვივდება.

- დუმილი მოსალოდნელი აღდგომის წინ?

- მოსალოდნელი... სიკვდილს ვინმე გადარჩენილა? იმ შავ კარში შესვლა არავის უნდა. სიკვდილი ყოველთვის ზაფრავდა ადამიანს. მაგრამ იესო განსაკუთრებულია. თუ სხვა რელიგიებში უკვე მხცოვანი მოძღვარი მოწაფეებს შორის პატივით აღესრულება, იესოს აღსასრული უკანასკნელი ავაზაკის აღსასრულია. იესო კვდება ისეთი სიკვდილით, რომელითაც [საზოგადოების თვალში] მესია არ უნდა მოკვდეს.

- მაგრამ ამით ხომ არ დამთავრებულა?

- სიკვდილი არის წერტილი, რომელიც ადამიანს დაესმის, იესოს სიკვდილიც წერტილია, ოღონდ მეორე წერტილი, ორწერტილი მთავარი სათქმელის დასაწყებად.

სააღდგომო კვერცხები
სააღდგომო კვერცხები

იესო ამქვეყნად არ მოსულა იმისთვის, ჩვენთვის ღმერთის არსებობა ეუწყებინა, ჩვენ ეს ისედაც კარგად ვიცოდით. არც იმისთვის, ესწავლებინა, როგორ მოვიქცეთ და როგორ - არა. ესეც ვიცით. იესო მოვიდა, რომ ეთქვა რას ფიქრობს ღმერთი ჩვენზე და ჩვენ მასზე რა უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი არის მამა, რომელსაც ჩემი სიხარული ახარებს და ჩემი დარდი ადარდებს და რომ ის ჩემზე გაცილებით ძლიერია.

ამ უპირობო სიყვარულს ერთადერთი „პირობა“ აქვს. ადამიანი სხვა ადამიანს რომ შეხედავს, ფიქრობს, ღმერთო, შენ მისთვისაც ასეთი ღმერთი ხარ? მაშინ არ მინდიხარ. ერთ დღეს, როდესაც მივადგებით სამოთხის კარს და აღმოვაჩენთ, რომ ღიაა, და ის მართლაც ღიაა, დავინახავთ ჩვენს ადგილს, რომელსაც სხვა ვერავინ დაიკავებს. ვინ იჯდება ჩემ გვერდით? ჩემი აშარი მეზობელი, ის, ვისი ნახვაც იქ ყველაზე ნაკლებად მინდა. შევალ? ადამიანმა შეიძლება თქვას: „ღმერთო, ესეც აქ შემოგიშვია“ და არ შევიდეს. ქრისტიანული გაგებით, სწორედ ეს არის ჯოჯოხეთი. ღმერთი არ ეუბნება უარს ადამიანს, მაგრამ ადამიანს შეუძლია ღმერთს უარი უთხრას. ერთადერთი პირობა, რომ ღვთის ეს უპირობო სიყვარული მიიღო, არის ის, რომ სხვებთანაც ამ სიყვარულით იცხოვრო, ყველაზე ავთანაც კი. იესო ამის საუწყებლად მოვიდა და იმის სათქმელადაც, რომ ღმერთი თურმე ჩემი ფეხის მბანელია. როგორ იძიებს ღმერთი შურს ცოდვილ კაცობრიობაზე? ღმერთს მხოლოდ ღვთიური პასუხი აქვს. მოდის და ფეხს ბანს.

- კათოლიციზმი ძალიან კარგად აისახა ევროპულ კულტურაში. თქვენი აზრით, ხელოვანებიდან, იქნება ეს მუსიკოსი, ფერმწერი თუ სხვა, ქრისტე ყველაზე კარგად ვინ დაინახა?

- ეს ხელოვნების დახვეწილობაზე არ არის დამოკიდებული. მგონია, რომ ადამიანი ნებისმიერ, დახვეწილ თუ ნაკლებად დახვეწილ ხატსა თუ ქანდაკებაში იმას დაინახავს, რაც მასთან ახლოა. ქრისტე ყველაზე უკეთ ჩანს მის სიტყვაში. რატომ იყო ხატების წერა ადრე აკრძალული? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ღმერთი უხილავია. მაგრამ ქრისტიანებს გვწამს, რომ უხილავი ხილული გახდა ქრისტეში, ამიტომ შეგვიძლია და აუცილებელიცაა მისი გამოსახვა. მაგრამ კიდევ ერთი რამეც არის, უკვე არსებობს ღვთის ხატი - ადამიანი. თუ მინდა ღმერთი დავინახო, მეორე ადამიანს უნდა შევხედო.

- არსად წერია პირდაპირ, რა ქმნის ადამიანს ღვთის ხატად, რით ჰგავს?

- ღმერთი არის ის, ვინც ურთიერთობს. ქრისტიანები არა ვართ მონოთეისტები. მონოთეიზმი კინკილა ღმერთის არსებობას ნიშნავს, უზენაეს მარტოობას. ქრისტიანებს კი სწამთ სამების, სამთა ერთობის. სამება ღმერთის შინაგანი ცხოვრების გამოვლინებაა. ამით ვგავართ ღმერთს, რომ ურთიერთობაში ვპოულობთ საკუთარ თავს.

- შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ცხოველსაც აქვს ურთიერთობა.

- ცხოველს ეს ინსტინქტურად აქვს, ის არც არაფერს აშავებს და არც არაფერს აკეთებს. ჩვენ არა მხოლოდ ვიცით რაღაც, არამედ ისიც ვიცით, რომ ვიცით. ცხოველმა კი მხოლოდ იცის რაღაც ინსტინქტურად, მაგრამ რომ იცის, ამას უკვე ვეღარ აღიქვამს.

- და უკვდავი სული, ესეც ხომ განსხვავებაა?

- უკვდავი სულიც ისაა, რომ ჩვენ ღმერთთან სასაუბროდ ვართ მოხმობილნი. ცხოველები, მართალია, ადიდებენ ღმერთს თავიანთი არსებობით, მაგრამ არ არიან იმ დიალოგში, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. მე შემიძლია ღმერთს უარი ვუთხრა და ამავე მიზეზით შემიძლია ვუთხრა ჰოც.

კათოლიკური ეკლესია ბათუმში
კათოლიკური ეკლესია ბათუმში

- როდის წარმოიქმნება დიალოგი ადამიანსა და ღმერთს შორის?

- ეს დიალოგი ყოველთვისაა. ადამიანი გაფანტულია ცხოვრებაში, განსაკუთრებით დღეს, როცა რთულია მარტო დარჩე. როდესაც ადამიანი ღმერთის ძიებას იწყებს და სვამს კითხვას ღმერთის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა ის უკვე იპოვა.

- მაგრამ ადამიანს შეუძლია ღმერთი ბოლომდე შეიცნოს?

- ღმერთმა ნუ ქნას, ისე მწყუროდეს, მთელი წყარო დავლიო. ღმერთი ყოველთვის მოუხელთებელია, ღმერთს შეიძლება შეხვდე, მაგრამ მას გალიაში ვერ გამოკეტავ და ვერ იმსახურებ.

- ანუ ის არ იქნება ჩვენი სურვილების აღმსრულებელი?

- ის არ არის კეთილი ჯადოქარი ან თოვლის ბაბუა. ჩვენ გწამს ღმერთის, რომლის თითიც კი ვერ შემოეტევა ამ სამყაროში, აი, ამ უზარმაზარ კოსმოსში. ღმერთი არის ყველაფერი, რაც სამყაროშია და, ამავე დროს, ამ ყველაფრის მიღმაა.

- როგორ გესმით, როდესაც ვკითხულობთ, რომ არარაობისგან სამყარო იქმნება. ამის მაგალითები ახლაც გვაქვს, მაგალითად, როდესაც ვაყალიბებთ აზრს. მას არანაირი მატერია არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აზრი მაინც არსებობს. რას ნიშნავს თქვენთვის არაფრისგან რამის შექმნა?

- ეს ის კითხვაა, რომელიც ათეისტებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს, რადგან დიახ, გაცილებით იოლი და ლოგიკურია არაფერი არსებობდეს, ვიდრე არსებობდეს.

- თუმცა ესეც არ არის იოლი, არაფერი რომც არ არსებობდეს, დრო ხომ მაინც იქნებოდა?

- დრო დაკავშირებულია სივრცესთან.

დრო ვახსენეთ და უნდა ვთქვათ, რომ მარადისობა არ არის დროის უსასრულო დინება. როდესაც დროისა და სივრცის კატეგორიებიდან გავდივართ, ამ ცნებების გამოყენება საფრთხილოა. სიკვდილის შემდეგ არაფერი ხდება, რადგან შემდეგ არ არსებობს. მარადისობა მუდმივი აწმყოა. მარადისობას ყველაზე მეტად ისევ აწმყო ჰგავს. ჩემი აწმყო მთელ მარადისობას იტევს, ამიტომ ერთადერთი დრო, როდესაც მე შემიძლია შევხვდე ღმერთს, ეს არის ის წუთი, რომელიც ახლა მიდგას.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG