6 თებერვალს, თბილისში, ისნის რაიონში მოკლული 33 წლის ინდოეთის მოქალაქის ცოლი, რიფატ აჰმადი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმრის მკვლელობა რასობრივ ნიადაგზეა ჩადენილი.
რიფათ აჰმადის თქმით, ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, სად არის მისი ქმრის გვამი. ამბობს, რომ მის ინტერესებს არავინ იცავს:
„გუშინ სასწრაფომ რომ წაიყვანა ჩემი ქმარი, მას შემდეგ აღარ მინახავს. არაფერი ვიცი სად არის, არავის არაფერი უთქვამს. თქვენ ხომ არ იცით რამე? პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო. ამის მეტი არაფერი ვიცით“.
მოკლული კაცის გვამი ამ დრომდე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რჩება. როგორც ექსპერტიზის ბიუროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გარდაცვლილის ახლობლები ბიუროში არ გამოჩენილან.
შსს-ს ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქე, რომელიც 6 თებერვალს, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მეზობელმა, ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მკვლელობის მომენტი აღბეჭდილია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოზე, რომელსაც თავად ინდოეთის მოქალაქე იღებდა. კადრში ჩანს, როგორ იღებს ჯიბიდან ცეცხლსასროლ იარაღს კაცი და ესვრის მას. ვიდეო-კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
ინდოეთის მოქალაქე ოჯახთან ერთად საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა. შეიძინა მიწის ნაკვეთი და ისანში, სოლომონ დოდაშვილის 15 ნომერში სახლის შენება დაიწყო. სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. წინასწარი ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის სწორედ საცხოვრებელი სახლის ღობის გამო დაიწყო.
„თითქმის ერთი წელია სახლს ვაშენებთ. ამ პერიოდში გამუდმებული დავა გვქონდა მეზობელთან. არაერთხელ გამოვიძახეთ პოლიცია, მივმართეთ მერიასაც, თუმცა, საბოლოოდ, ჩემი ქმარი მაინც მოკვდა. ახლა უსაფრთხოდ ვერც საქართველოში ვეღარ ვგრძნობ თავს. გუშინ, ინცინდენტის შემდეგ, პოლიციის შენობასთან, მკვლელის შვილი დამიპირისპირდა, მეგონა, მომკლავდა. მეშინია. მე არაფერი მინდა. მხოლოდ ის მინდა, რომ სამართალი აღსრულდეს. მინდა, რომ მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს. ვცდილობდით აქ აგვეწყო ცხოვრება, რადგან იცით, რა მდგომარეობაა ინდოეთსა და პაკისტანში. გვინდოდა მოქალაქეობის მიღება, მაგრამ სამინისტრომ უარი გვითხრა“, - ამბობს მოკლული კაცის ცოლი.
შსს-ს ინფორმაციით, მოკლული კაცის ცოლის მიერ ნახსენები დაპირისპირება პოლიციის შენობასთან, არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
რიფატ აჰმადის თქმით, დამატებით ინფორმაციას ჟურნალისტებს ის მას შემდეგ მიაწვდის, რაც მოაგვარებს ქმრის ინდოეთში გადასვენების საკითხს: "იმედი მაქვს, ინდოეთის საელჩო დამეხმარება, რომ დროულად გადავასვენოთ ჩემი ქმარი ინდოეთში".
გარდაცვლილს 12 და 5 წლის შვილები დარჩა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გულისხმობს და რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.