Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული ფილმის ტრიუმფი


”ნადერისა და სიმინის განქორწინება” ( 2011, ირანი, აშღარ ფარჰადი)

2020 წლის ათეულში ირანული ფილმის საუკეთესოდ დასახელებამ ამ ბლოგის ბევრი მკითხველი გააკვირვა. გასაგებიცაა რატომ - მოდა ირანულ კინოხელოვნებაზე წარსულს ჩაბარდა. ისეთ შედევრებს ვეღარ იღებენ, როგორც ადრე. ამიტომაც არ სჯერა ბევრს, რომ “ბოროტება არ არსებობს” შეიძლება 2020 წლის საუკეთესო ფილმი იყოს.

ასე არ სჯეროდათ 2011 წელს, როცა აშღარ ფარჰადის შედევრი “ნადერისა და სიმინის განქორწინება” ჯერ “ბერლინალეს” გამარჯვებული გახდა, შემდეგ ამერიკული “ოსკარის” ლაურეატი. ამ დონის სურათი ფარჰადის არც მანამდე და არც ამის შემდეგ არ გადაუღია, მიუხედავად იმისა, რომ პრემიებმა ბერლინსა და კანში, ”ოსკარმა” და ”ოქროს გლობუსმა” დასავლეთში მუშაობის საშუალება მისცა. აღმოჩნდა, რომ დასავლეთი და თავისუფლება არ ყოფილა საკმარისი შედევრების გადასაღებად. ”ნადერისა და სიმინის განქორწინების” დონეს ფარჰადიმ მაინც ვერ მიაღწია.

იზაბელა როსელინი არის ადამიანი, რომელსაც ფარჰადი განსაკუთრებით უნდა უმადლოდეს. სწორედ იზაბელა იყო ჟიურის თავმჯდომარე 2011 წლის ბერლინის კინოფესტივალისა, სადაც შედგა ”განქორწინების” ტრიუმფი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟიურის წევრების ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა როსელინისგან გამარჯვებულად გამოეცხადებინა სულ სხვა ფილმი, უნგრელი რეჟისორის ბელა ტარის ”ტურინის ცხენი”, ის სურათი, რომელიც ახლახან რამდენიმე კინოგამოცემამ ათწლეულის საუკეთესო ფილმების ხუთეულშიც კი ჩართო. მაგრამ მინიმალიზმი და სურათოვნება დამარცხდა... სიცოცხლესთან ბრძოლაში.

”როსელინი ირჩევს სიცოცხლეს!” - ასე დაარქვა თავის დროზე ფრანსუა ტრიუფომ თავის სტატია-მარგალიტს რობერტო როსელინიზე - სამგვერდიან წერილს, რომელიც დღესაც რჩება ჩემთვის კინოკრიტიკის ეტალონად. ფარჰადის ფილმში ბერლინის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე უთუოდ ამოიკითხავდა თავის ბავშვობას (ინგრიდ ბერგმანისა და რობერტო როსელინის ქალიშვილის, იზაბელას, თვალწინ გრძელდებოდა განქორწინებული მშობლების გაუთავებელი დავა შვილებზე, ქონებაზე, ფილმების საავტორო უფლებებზე) - განქორწინების ამბავი ხომ ამ ფილმის კონსტრუქციაა, თავისებური ჩარჩოა, ეპილოგისა და ფინალის ”სასწორი”. აქაც 15 წლის გოგონამ უნდა გადაწყვიტოს ვისთან რჩება, დედასთან თუ მამასთან. და იღებს კიდეც გადაწყვეტილებას.

არა, არ შეგეშინდეთ. სპოილერებს, ხომ იცით, მაქსიმალურად ვერიდები. ამ მხრივ ირანულ ფილმთან დაკავშირებით პრობლემა არა მაქვს. ”კი, მივიღე გადაწყვეტილება!” - გოგონას ნათქვამი აქ დიდად არც არაფერს ნიშნავს ფილმისთვის. ფარჰადის ფილმს ყველაფერი ღია აქვს - პროლოგიც და ეპილოგიც (და კადრიც, რომელიც მასთან არასდროს არაა სურათი). ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ მაყურებელი თავად უნდა მიხვდეს, თავად დაასრულოს მოქმედება წარმოდგენაში. ამიტომაა ”განქორწინება” შესანიშნავი ფილმი.

პროლოგსა და ეპილოგს შორის კი ფილმში უამრავი რამე ხდება. ოჯახურ დრამაში, ფაქტობრივად, მთელი ირანული საზოგადოება იხატება. ირანული კინოსთვის დამახასიათებელ სტილისტურ სიძუნწესა და რეპორტაჟულობას, პორტრეტების სიყვარულს (ადამიანის სიყვარულს!) ემატება რელიგიური ცრურწმენების, ირანული მართლმსაჯულების მძაფრი კრიტიკაც. თუმცა აქ - და ესეც ირანული კინოსთვისაა დამახასიათებელი - ყველას თავისი სიმართლე აქვს. დასავლური პუბლიცისტური კინოსგან განსხვავებით, მამხილებელი ტონი სრულიად უცხოა ირანული კინოსთვის. იქნებ ამიტომაც აკრიტიკებენ ხშირად ირანში მოღვაწე თანამედროვე რეჟისორებს, აკრიტიკებენ ირანული კინოს ”ეზოპეს ენას”, რომელიც, თავის მხრივ, განსაკუთრებულ პოეტურობას, სიღრმეს, გამჭვირვალობას და ღიაობას ანიჭებს კინოს, მათ შორის ფარჰადის ფილმებს... მაგრამ, ამავე დროს, თანდათან ქმნის კონფორმიზმის შთაბეჭდილებას - ”ეზოპეს ენა” არაჩვეულებრივი საშუალებაა როგორმე გააპარო შენი ფილმი ცენზურას და დასავლეთში სახელის მოპოვების შემდეგ დამკვიდრდე ევროპულ კინოინდუსტრიაში - სხვანაირად რომ ვთქვათ, გამოექცე რეჟიმს.

ამ კონფორმიზმის შესახებ დაიწყო სწორედ საუბარი 2011 წელს იმ ფესტივალზე, რომლის კონკურსშიც იყო წარმოდგენილი ფარჰადის ფილმი. ბევრი ამბობდა, რომ ”განქორწინება” ცუდ დროს მოხვდა ბერლინის ფესტივალზე. ირანულ კინოს ”მიუხვდნენ” და მის მიმართ მიდგომა გაამკაცრეს. გარდა ამისა, 2011 წლის ”ბერლინალე” დაიწყო აქციებით ირანში დაპატიმრებული რეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის, დასაცავად. ფესტივალის გახსნაზე სცენაზე, ეკრანის წინ, ცარიელი სკამიც კი დადგეს წარწერით ”ფანაჰი” იმის აღსანიშნავად, რომ ჟიურის წევრი (!) ფანაჰი აქ იყო, ბერლინის კინოფესტივალზე. და თუკი ფანაჰი ციხეშია, თუკი უამრავ ირანელ რეჟისორს კინოში მუშაობას უკრძალავენ, რატომ უნდა დაეჭირა მხარე ”ბერლინალეს” რეჟისორისთვის, რომელმაც მაინც მოახერხა კინოს გადაღება, თანაც კინოსი, რომელიც პირდაპირ არ ადანაშაულებს ირანის ხელისუფლებას, რომელიც ”არც მწვადს წვავს და არც შამფურს”?!

მაგრამ ”განქორწინება,” მოულოდნელად, ბერლინის ფესტივალის ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა. ”ბერლინალეს” ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ფილმი თითქმის ყველა ”დათვით” აღენიშნათ. ამით იზაბელა როსელინიმ პირდაპირ აღიარა, რომ ბერლინის ფესტივალს სერიოზული კრიზისი აქვს, რომ ქვეყანაში, სადაც ცენზურამ ლამის ხელოვანის სუნთქვა გააკონტროლოს, უფრო თამამ და საინტერესო ფილმებს იღებენ, ვიდრე თავისუფალ ქვეყნებში. იქ, სადაც ხელოვანს მარწუხები დაადეს, ფილმებს იღებენ სიცოცხლეზე, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფლება მოპოვებულია, მოახლოებული აპოკალიფსი აწუხებთ ან ”ნელი რიტმით” გამოხატული ნარცისი-ავტორები მედიტაციებში იძირებიან.

ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ ეს კრიზისი შეეხო არა მარტო ”ბერლინალეს”, არამედ მთელ დასავლურ კინოს. 2011 წელი უაღესად წარმატებული აღმოჩნდა ირანული კინოს ახალი თაობისთვის. ”განქორწინება” ამ წლის ტრიუმფატორი გახდა.

ფარჰადი პირველი ირანელი რეჟისორია, რომლის ფილმი ამერიკული ”ოსკარით” დაჯილდოვდა. 2017 წელს მან უკვე მეორედ მოიპოვა "ოსკარი". ალბათ, ვერასდროს იფიქრებდა ვინმე, რომ ეს შესაძლებელი გახდებოდა. იმხანად ბევრი ამბობდა, რომ ”ოსკარი” პრობლემებს შეუქმნის რეჟისორს თავის ქვეყანაში, რომ ფარჰადის ამერიკაში არ გაუშვებს ირანის ხელისუფლება და ა.შ. აშღარ ფარჰადი, მართლაც, არ დასწრებია ”ოსკარებით” დაჯილდოების ცერემონიას, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ გაუშვეს ამერიკაში. რეჟისორმა ბოიკოტი გამოუცხადა ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობის გამო დროებით აეკრძალა შვიდი მუსლიმური ქვეყნის - მათ შორის ირანის - მოქალაქეების შეერთებულ შტატებში ჩასვლა. თუმცა ”ოსკარზე” უარი არ თქვა. ან როგორ იტყოდა! ამ პრემიის შემდეგ მას გაეხსნა გზა დასავლეთში. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ”განქორწინების” მსგავსი წარმატება მის არც ერთ ფილმს აღარ ჰქონია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG