Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ მურმან წულაძესთან


მურმან წულაძე შავსა და კასპიის ზღვებს შორის დაიბადა ქვეყანაში, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს. მარტოხელა არტისტი და მომხიბვლელი პოეტი ამავდროულად მფრინავი ხალიჩების გამყიდველი, ასტრონავტი, მაშველი და ქალების გამტაცებელია აბრეშუმის გზაზე. ბოლოს და ბოლოს მან გადაწყვიტა, ეთქვა მსოფლიოსთვის, როგორ უნდა გიყვარდეს - ასეთია ერთ-ერთი დახასიათება მუსიკოსის, რომელმაც ორ სხვა მუსიკოსთან ერთად ბენდი შექმნა, ჯგუფს ბაბუამისის სახელი და გვარი დაარქვა და მოგვიწოდა, ვიცეკვოთ.

სინამდვილეში მურმან წულაძე ახალგაზრდა კაცია, რომელიც ბევრი წლის წინ სამშობლოდან ემიგრაციაში წავიდა. წასვლამდე “რუსთავის აზოტში” თამაშობდა და კალათბურთელობაზე ოცნებობდა. არსებობდა კიდევ ერთი მურმან წულაძე, ამ ახალგაზრდა კაცის ბაბუა, რომელიც ნამდვილად ვაჭრობდა ხალიჩებით, შვილიშვილთან ერთად გურიიდან მანდარინები ჩამოქონდა ყუთებით და მაშინ მოკვდა, როცა ახალგაზრდა მურმან წულაძე 5 წლის იყო. ამბები მის შესახებ უფრო გამოგონილია, ვიდრე ნამდვილი.

მუსიკალური პროექტი Murman Tsuladze 2016 წელს ბრიუსელში შეიქმნა და მას მალევე შეუერთდა ფრანგული ჯგუფის, La Femme-ს წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი, ფსევდონიმით ზაური და პარიზული ტექნო დუეტის, Mundopal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ვიქტორ გასკონი, სასცენო სახელით კრიკორი. 14 იანვარს ჯგუფმა პარიზის დემონსტაციების ფონზე ჩაწერილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. წლის განმავლობაში იგეგმება EP-ს გამოშვება და სხვა ვიდეოს გადაღებაც.

რადიო თავისუფლება მურმან წულაძეს პარიზში ელაპარა.

როგორ შეიქმნა პროექტი მურმან წულაძე?

თავიდან მარტო ვუკრავდი, მერე სხვა ბენდი მყავდა, იმათთან ის არ გამოვიდა, რისი კეთებაც მინდოდა. Მერე Ჩემმა ძმამ გამაცნო ზაური, იმან კრიკორი. Ზაურს უკვე აღარ უნდოდა La Femme-ში… სტამბულში წავედით, ინსტრუმენტების ყიდვა გვინდოდა, თან მუსიკაზე მუშაობა და კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

ბევრს დავდივართ. დედამიწა ისეთი დიდიც არ აღმოჩნდა. ერთს რომ გაიცნობ, მერე ყველას იცნობ. ივენთებსაც თვითონ ვაორგანიზებთ, ვწერთ ხოლმე იმათ, სადაც გვინდა დაკვრა. ბევრს ვიცნობთ. დასავლეთ ევროპისთვის ახლა ბუქერიც ავიყვანეთ. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებით, მუსიკისთვისაც კარგია, რაც უფრო ბევრს დადიხარ.

Სანამ წავიდოდი, რუსთავში ბავშვებს ინგლისურს ვასწავლიდი იაფადო, ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, მართალია?

კი, მართალია. ხალიჩებსაც ვყიდდით თავის დროზე, მაგრამ ეგ სხვა ისტორიაა. ნამდვილი, ორიგინალი მურმანა, ბაბუაჩემი მფრინავ ხალიჩებს ყიდდა და მუზიკანტიც იყო. Სადაც მიდიოდა, თავის მუსიკას უკრავდა, ყველას იცნობდა, ყველასთვის მღეროდა. არც საზღვარს ცნობდა, არც სნობი იყო - ყველა და ყველაფერი უყვარდა. არ იყო ჩაკეტილი ერთ ჟანრში და ერთ სივრცეში. ჩვენი მუსიკაც იმიტოა ასეთი არაერთგვაროვანი, გარეული.

მურმან წულაძის ინტერვიუებით და მუსიკით თუ ვიმსჯელებთ, მუსიკით მშვენივრად ერთობით.

კი, ეგრეა. Ჩემი ცხოვრებაა, ჩემი საქმეა. სხვა რამის გაკეთება არ შემიძლია. არ მახსოვს, როდის მივხვდი, რომ მუსიკოსი ვარ, ალბათ წლების წინ. ბოლო სამი წელია ნამდვილად ვიცი, რომ ამის კეთება მინდა, მომწონს. მინდა, რომ ბევრი ვიარო, ბევრგან დავუკრა. მოხეტიალე ხალხი შევიკრიბეთ, სამივე ერთნაირად ვართ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებით და მუსიკა გვაძლევს მაგის საშუალებას - თან სხვებს ვუსმინოთ, თან ჩვენ დავუკრათ, თან გავერთოთ, თან შოუ დავდგათ. გვინდა რომ სხვებიც ისე გაერთონ ჩვენი მუსიკით, როგორც ჩვენ ვერთობით.

ის, რასაც თქვენ აკეთებთ, საკმაოდ ეგზოტიკური უნდა იყოს ევროპისთვის.

გათვლილი არ გვქონდა რომ ისეთი მუსიკა გვეკეთებინა, რაც აქაურობისთვის მოულოდნელი იქნებოდა, უფრო გარტყმა გამოგვივიდა. ეს მუსიკა ჩემ ცხოვრებას ჰყავს - ნახევრად აღმოსავლურია, ნახევრად დასავლური, ცოტა თანამედროვე, ცოტა ძველებური ჟღერადობის მქონე. ბავშვობიდან მახსოვს ჩვენ სახლში ჩართული გრძელი, ჩახუჭუჭებული სიმღერები, რომლის მსგავსსაც ახლა აღარავინ უსმენს და აღარც აღარავის ახსოვს.

ვიდეოზე, რომელიც გუშინ გამოქვეყნეთ, ფონად პარიზის პროტესტი გაქვთ. ვისი იდეა იყო?

ვაჩვენებთ იმას, რომ ასეა ახლა პარიზში. მურმანა ჩამოვიდა პარიზში და უნდა ხალხს აჩვენოს, რა ხდება. ეიფელის კოშკს ხომ არ აჩვენებს და აჩვენებს დემონსტრაციას.

სინამდვილეში სხვა კლიპის გადაღება გვინდოდა, მაგრამ იმის რეჟისორმა გადაგვაგდო. ესენი ჩვენი მეგობრები არიან, ჯგუფია, სპეციალურად დადიან და იღებენ ისეთ აქციებს და დემონსტრაციებს, სადაც პოლიციელები სცემენ ხალხს და არბევენ აქციებს. Მაგის პროფესიონალები არიან. Პოლიტიკური ბლოგი აქვთ. ერთ-ერთი მათი წევრი ჩვენი პერკუსიონისტია - ჩემი მეგობარი. ამ დემონსტრაციის გადაღებისას გავყევით და ჩვენი კლიპიც გადავიღეთ.

რა არის შენი გეგმა, სურვილი? Რას გინდა მიაღწიო მუსიკით?

ბევრ რამეს. გააჩნია სად. საქართველოში მინდა ხალხი უფრო თავისუფალი იყოს, მეტი იცეკვოს, უფრო გაბედულად აკეთონ ექსპერიმენტები. აქ რასიზმი მაწუხებს - ყველა ადამიანები ვართ, ყველა ერთი ქვეყნიდან ვართ ლამის და არასწორია, როცა ერთი მეორეს ეუბნება, აქ რატომ ხარ, აქ რა გინდა. რთულია აქ რომ მიგიღონ. მუსიკაც გზაა იმისთვის, რომ მიგიღონ.

XS
SM
MD
LG