Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის ფესტივალის დღიურები: ინდიანა ჯონსი და ოთხსაათიანი “საავტორო კინო”


ჰარისონ ფორდი კანის კინოფესტივალზე. 19 მაისი, 2023 წ.
ჰარისონ ფორდი კანის კინოფესტივალზე. 19 მაისი, 2023 წ.

კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა „ოქროს პალმის“ ლაურეატის ფილმით გაიხსნა. იაპონელი რეჟისორი ჰიროკაძუ კორეედა აქ განსაკუთრებით უყვართ, ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ „მაღაზიის ქურდების“ რეჟისორის ახალი ფილმი „ურჩხული“ შემრჩევმა კომისიამ უნახავად ჩართო პროგრამაში. ყველა პრობლემა, რომელიც ამ ავტორს თავის ძველ ფილმებშიც ჰქონდა, მაგრამ ოსტატურად მალავდა ხოლმე, ერთდროულად თავს იჩენს „ურჩხულში“ - პათეტიკურობა, ზედმეტი პედალირება, ყალბი ჰუმანიზმი. კორეედა გვიამბობს სკოლის მოსწავლე ბიჭის და მისი ახალგაზრდა მასწავლებლის კონფლიქტზე, რომელიც სამი კუთხიდანაა დანახული - ბავშვის დედის, მასწავლებლის და თავად მოსწავლის თვალით. მაყურებელს აუცილებლად გაახსენდება აკირა კუროსავას „რასემონი“, მით უმეტეს, რომ „ურჩხულში“ პირდაპირი ციტატებია გამოყენებული კუროსავას კიდევ ერთი შედევრიდან „ტრამვაის ბორბლების ხმაური“. თუმცა ხედვის კუთხის განსხვავებულობის წარმოჩენა (რის საშუალებასაც თავად კინოს ენა იძლევა) მხატვრული ნაწარმოებისთვის, ალბათ, საკმარისი არაა. ცალკეული უნდა გამთლიანდეს. რასაც კორეედა, - არ ვიცი, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, - არ აკეთებს. საბოლოოდ კი, „ურჩხულიდან“ რჩება ლამაზი კადრები, გრძელი პანორამებით მორბენალ ბავშვებზე და მართლაც ძალიან კარგი მუსიკა, რომლის ავტორისთვის, რიუიჩი საკამოტოსთვის „ურჩხული“ უკანასკნელი ნამუშევარია კინოში.

კორეედასგან განსხვავებით, დიდი ჩინელი დოკუმენტალისტი ვან ბინი გადაღებულ მასალას მართლაც შეგნებულად არ კრავს. მისი ახალი ფილმი „ახალგაზრდობა“ თითქმის 4 საათი გრძელდება. სხვანაირად წარმოუდგენელია - ვან ბინი 6 წელი იღებდა ლაიმინის დასახლებას, მუშათა რაიონს შანხაისთან ახლოს, სადაც სახლდებიან ჩინეთის ღარიბი პროვინციებიდან ჩამოსული ახალგაზრდები. ისინი სამკერვალო ფაბრიკაში, არაადამიანურ პირობებში მუშაობენ და ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში ფილმის ქრონომეტრაჟი (ვან ბინის პირველი ფილმი მთლად 9 საათი გრძელდებოდა) საშუალებას აძლევს ავტორს, მიაღწიოს მაყურებლის კონცენტრაციას ყველაზე უმნიშვნელო დეტალებზე, ყოველგვარი ზედმეტი ემპათიისა და მანიპულაციის გარეშე. „უწყვეტი მზერის“ ეფექტი ჩინელი რეჟისორის თავისებური ავტოგრაფია - ძნელია, მისი სტილი რომელიმე სხვა ავტორში აგერიოს. თუმცა ჩემში პირადად ეს ესთეტიკა „რეალითი შოუს“ შთაბეჭდილებას უფრო ქმნის. მერე რა, რომ ავტორი ჩინეთისთვის და, საერთოდ, ჩვენი დროისთვის ესოდენ მტკივნეულ თემას, თანამედროვე მონობის პრობლემას ეხება.

სრულიად სხვა სტილია არჩეული ბრიტანელი რეჟისორის სტივ მაკუინის ასევე ოთხსაათიან დოკუმენტურ ფილმში „ოკუპირებული ქალაქი“, რომელიც კანში კონკურსგარეშე პროგრამაში უჩვენეს. მაკუინის კამერა აღბეჭდავს თანამედროვე ამსტერდამის სურათებს - გვიჩვენებს, როგორ ერთობიან ახალგაზრდები, როგორ თამაშობენ ბავშვები, ისვენებენ მოხუცები, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ ტურისტები. კადრსმიღმა ხმა კი გვიამბობს თითოეული ამ ქუჩისა და სახლის ისტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპაციის წლებში. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იქმნება ომის და მშვიდობის კონტრაპუნქტი, რომელიც თავის მხრივ აძლიერებს მაყურებლის აქტიურობას, ეხმარება მას გაამთლიანოს ისტორია და თანამედროვეობა, განვლილი და დღევანდელი.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სწორედ დღევანდელობამ მიანიჭა უჩვეულო აქტუალურობა კანში, ასევე კონკურსგარეშე ჩართულ ახალ „ინდიანა ჯონსს“, რომელზეც მუშაობა სტივენ სპილბერგმა დაიწყო, თუმცა პროექტი ჯეიმს მენგოლდმა დაასრულა. ახალ „ინდიანაში“ უჩვეულოდ გაახალგაზრდავებული ჰარისონ ფორდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში დამკვიდრებულ ნაცისტ-რევანშისტს (მადს მიკელსენი) უპირისპირდება. კეთილი და ბოროტი ერთმანეთს ებრძვის არქიმედეს მიერ გამოგონილი „დროის ბორბლის“ მოსაპოვებლად. მიკელსენის მიზანია, კაცობრიობას 1939 წელი და ნაციზმის ტრიუმფის ეპოქა დაუბრუნოს. მაგრამ „ბორბალი“ აურევს; ფილმის პერსონაჟები, არც მეტი და არც ნაკლები, ანტიკურ სიცილიაზე ხვდებიან ერთმანეთს. იქ, სადაც იბრძვის ინდიანა ჯონსი, ბოროტების აღდგენა შეუძლებელი ხდება. პირადად ჩემთვის სახალისო იყო დაკვირვება, როგორ რეაგირებდა კანში ძმები ლიუმიერების სახელობის უზარმაზარი დარბაზი ჰარისონ ფორდის პერსონაჟის მორიგ ატრაქციონებზე - სეანსის დროს სრულიად სერიოზული ხალხი ტაშს უკრავდა, ბავშვივით გულშემატკივრობდა მარად ახალგაზრდა ამერიკელ არქეოლოგს. ეს იყო არა მარტო ბუნებრივი რეაქცია უაღრესად აქტუალურ ჰოლივუდის ბლოკბასტერზე, არამედ პაუზაც წლევანდელი კანის საკონკურსო პროგრამის საკმაოდ მძიმე ფილმებს შორის.

ცხადია, აქტუალურობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ფილმი მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდეს. ნიჭისა და სიახლის გარდა კანში ყოველთვის აფასებდნენ პროვოკაციას და რადიკალურ კინოენას. შესაძლებელია ამიტომაც მოხვდა დაგვიანებით კანის კონკურსში ფრანგი რეჟისორის კატარინა კორსინის „დაბრუნება“ - შავკანიან ფრანგ ქალზე, რომელიც თავის ორ ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება კორსიკაზე, სადაც მდიდარი ოჯახის ბავშვების მომვლელად უნდა იმუშაოს. კორსინიმ ფილმში ჩართო არასრულწლოვნის მასტურბაციის სცენა, რომელიც არ იყო განსაზღვრული სცენარით, რისთვისაც საფრანგეთის ეროვნულმა კინოცენტრმა ნახევარი მილიონი ევრო დააბრუნებინა პროდიუსერებს. ამის გარდა, საფრანგეთის პროკურატურა იძიებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელიც აღიძრა არასრულწლოვანთა უფლებების დამცველთა ორგანიზაციების მოთხოვნით. ეს ხალხი აქციებითაც იმუქრებოდა „დაბრუნების“ პრემიერის წინ. თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრეს - ხმაური სწორედაც სარგებელს მოუტანდა კორსინის მხატვრულად უსუსურ, პოლიტკორექტულ დრამას, რომელსაც კანის ფესტივალზე კრიტიკოსთა გამოკითხვებში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს.

რაც შეეხება თანამედროვე კინოს ცოცხალ კლასიკოსებს. კანის საკონკურსო პროგრამაში ჩართულ აკი კაურისმიაკის, ნანი მორეტის, კენ ლოუჩის, მარტინ სკორსეზეს, ვიქტორ ერისეს ფილმებს ასეთი რეკლამა არ სჭირდებათ. მათი რეკლამა მათი ავტორების სახელებია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG