Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები


ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება"

ეს სიტყვები მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში წარმოთქვა 23 წლის ილია ჭავჭავაძემ თავის პირველივე კრიტიკულ სტატიაში.

ამ ფორმულის პოეტიკა უთუოდ საფრანგეთის რევოლუციის ლოზუნგით - „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ - არის შთაგონებული, რომელსაც დამატებით სიმძაფრესა და აქტუალობას სძენდა ჯუზეპე გარიბალდის ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ („მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“), რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტი იტალიის ეროვნული გმირის მიერ პალერმოს შტურმი გახდა 1860 წლის 26 მაისს (26 მაისი... რა უცნაური დამთხვევაა).

ილიას ტრიადის ერთგვარი საპირწონეა პოეტ გრიგოლ ორბელიანის სიტყვები - „ენა, საყდარი, სარწმუნოება“, რომელიც თითქოსდა ახალგაზრდა მეტოქის საწინააღმდეგოდ არის თქმული.

გრიგოლ ორბელიანი, „პასუხი შვილთა“:
... მცველი ერისა,
ენა საყდარი, სარწმუნოება!..
...
ჰე, სასურველო
გმირთა მამულო,
ნუთუ შენ მართლად ესრედ დამცირდი,
რომ შენსა ბედსა,
შენსა იმედსა,
დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები?
ცრუ ლიბერალნი,
პატრიოტები...

ილია სიტყვა „მამულს“ (ორბელიანის ლექსში „საყდარი-სარწმუნოება“ აშკარა ტავტოლოგიაა) ამაღლებულ და დიად მნიშვნელობას უბრუნებს და მისთვის ჩვეული შეუბრალებლობით ამხელს ამ ცნების გამაუქმებლებსა და დამაკნინებლებს:

„მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე... მამულის სიმაღლე -ტყრუშული ღობეა... მამულის პატივი - ნეხვია...“

„...აგრე გაუპატიურებულმა სიტყვამ სამოციან წლების მოღვაწეთა მეოხებით და ღვაწლით კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი, ვითარცა მზემ, და თავისი სხივოსანი შუქი მოჰფინა მთელს სივრცეს ჩვენი ცხოვრებისას“.

მაგრამ წლების შემდეგ ის თავადვე ცვლის თავის პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ლოზუნგს და უკვე 1877 წელს წერილში „ოსმალოს საქართველო“ (სადაც ილიას მსჯელობის საგანი მუსლიმი ქართველობაა) ორ არსებულ სიტყვას კონტექსტურად ახალ ცნებას ამატებს.

ილიას კონცეფცია ამჯერად ასეთია: ენა, მამული, ისტორია, რომელსაც ასე განმარტავს:

“ყოველი ერი თავისის ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისის სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა...”

ამ შემთხვევაში მისთვის ეროვნული ერთიანობის მოდელი ისტორიული ერთობაა, საერთო ისტორიული მეხსიერება.

საბჭოთა დროს სტალინურმა იდეოლოგიამ ილიას მითვისება სცადა და როგორც სხვა ყველაფერი, მისი კრიტიკული და ღრმა კონცეფციები შინაარსგამოცლილ აფორიზმ-ლოზუნგებად აქცია, მათ შორის, ორიგინალური რედაქციის დარღვევით.

ილიას და, ზოგადად, დიდი ეროვნული ცნებების მითვისების პროცესი დღემდე გრძელდება. ამის მაგალითია არსებული ხელისუფლების მიერ პროპაგანდისტულად დეკლარირებული სიტყვები, რომელიც სპონტანურად დაბადებული „ერთობის“ წინააღმდეგ კონსტრუირდა (დაზუსტება: „“ეკლესია“ ბერძნულად „ერთობას“ ნიშნავს, რაც თავისთავად გულისხმობს სიტყვა „სარწმუნოების“ ასპექტს).

თუმცა ნათელია, რომ ეს ყალბი პროპაგანდისტული იონი უკვე შთანთქა ჩვენს თვალწინ აზვირთებულმა მძლავრმა სამოქალაქო სინერგიამ, რადგან ამ დღეებში ჩვენ დიადი ცნებების დაბრუნების პროცესის მოწმენიც გავხდით. ქართველი ერი ოკუპირებულ ცნებებსა და სიტყვებს იბრუნებს: მამულს, რომელიც ოლიგარქის მიერ არის შებოჭილი, ენას, რომელიც ფაშისტოიდურ-მანიპულაციური პროპაგანდისგან თავისუფლდება და სარწმუნოებას, რომელიც დიდწილად რუსეთის გავლენის აგენტებისა და უმაღლესი ქრისტიანული ღირებულებების გამყალბებლების მიერ იყო (და ჯერაც არის) დაკნინებული.

ილია ჭავჭავაძე კი დღეს იქ დგას, სადაც მის მიერ დროში გატყორცნილ სამებას ქართველების სანუკვარი სიტყვა მიამატეს ახალგაზრდებმა.

ამიტომ დღეს ჩვენც მათთან ერთად ვამბობთ:

მამული, ენა, ერთობა და სარწმუნოება.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG