Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოთხ წელიწადში ერთხელ სუსში მიბარებენ, ჩემპიონატივით“ - ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა და გამომძიებლები, რომლებიც ბოლო დღეებია უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იბარებენ, სწორედ ამ საქმეზე მუშაობენ.

დღეს, 24 ივლისს ჩააბარეს უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ლაშა რუხაიას. ის ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. 2022 წლიდან კი იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. მიღებული აქვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ჯილდო.

ლაშა რუხაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე, სავარაუდოდ, ხვალ, 25 ივლისს დაიკითხება.

ლაშა რუხაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია გამოკითხვაზე დაბარებული
ლაშა რუხაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია გამოკითხვაზე დაბარებული

რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არ არის ე.წ. ამბოხებისა და ქვეყნის გადატრიალების მცდელობის პირველი საქმე, რომელზეც მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს.

„მსოფლიო ჩემპიონატები ხომ ტარდება ხოლმე 4 წელიწადში ერთხელ, ისე მიბარებენ მეც სუსში, ოთხ წელიწადში ერთხელ, თუმცა ამ საქმეებს შემდეგ ობი ედება. მაგალითად, 2014 წელს დაბარებული ვიყავი ე.წ. საბურავების საქმეზე, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის, „თავისუფალი ზონის“ წევრი ვიყავი. აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

„თავისუფალი ზონის“ დაახლოებით 15 წევრი დაიბარეს გამოკითხვაზე. თუმცა, ეს საქმეც თაროზე შემოდეს, კაციშვილს აღარ დაურეკავს. მერე კიდევ იყო ერთი რაღაც მსგავსი საქმე, წინასაარჩევნოდ და ისიც ასე დასრულდა. ახლაც იმავე სცენარს ვუყურებთ“, - ეუბნება ლაშა რუხაია რადიო თავისუფლებას.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჭიღლაძე, გელა კახაბრიშვილი, ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცეცაძე.

„არც ვიცი, რა უნდა გითხრათ. სრული აბსურდია ეს ყველაფერი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვაჟა ცეცაძე, ყოფილი მებრძოლი უკრაინაში და პარტია „ახლის“ წევრი.

ვაჟა ცეცაძე, ყოფილი მებრძოლი უკრაინაში და პარტია „ახლის“ წევრი.
ვაჟა ცეცაძე, ყოფილი მებრძოლი უკრაინაში და პარტია „ახლის“ წევრი.

მისი დაკითხვა სასამართლოში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის დოკუმენტზე და გამოუშვეს:

„კარგად ვიცით, რომ ყველა საარჩევნო კამპანიის წინ რაღაც მსგავს ამბებს თხზავენ. მართლა ვერ გავიგე, რა უნდა ვილაპარაკო, რა არ უნდა ვილაპარაკო. ან მე რატომ დამიბარეს გამოკითხვაზე. ჩემთვის პირადად სრული სისულელეა ეს ყველაფერი. დაკითხვა რომ დასრულდა, დამემშვიდობნენ და აღარავის აღარაფერი უთქვამს, კიდევ დამიბარებენ, არ დამიბარებენ“...

24 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერაქტისა და ამბოხი-შეთქმულების საქმეზე გამოიკითხა ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილიც.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” პორტალის companyinfo-ს ინფორმაციით, ელიზბარ რაქვიაშვილი შპს. რეალ ავტოსა და შპს. ახალი სტილის ერთ-ერთი მეწილეა.

სუსის შენობის დატოვების შემდეგ მან უარყო, რომ სწორედ ამ საქმეზე იყო მისული გამოკითხვაზე.

თუმცა, რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ, რომ ბიზნესმენი ტერაქტისა და ამბოხი-შეთქმულების საქმეზე გამოკითხეს გამომძიებლებმა.

რას ამბობდა 22 ივლისს სუსი?

„საქმეს „გრიფი“ ადევს, შესაბამისად, ვინაიდან საქმე გრიფირებულია, ვერანაირ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით გამოძიების შესახებ“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას 22 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების პრესსამსახურმა იმ დღეს მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ტერორიზმისა (28-323-ე მუხლი) და შეთქმულება-ამბოხის (315-ე) მუხლებით.

ანუ, სწორედ ამ მუხლებით დაწყებული გამოძიების გამო იბარებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლებს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე.

დანარჩენ დეტალებზე - როდის დაიწყო გამოძიება, ან კონკრეტულად რა პერიოდს, მოვლენასა და ვის ეხებოდა, 22 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაფერი უთქვამს.

რა ამცნო ხალხს 23 ივლისს პროსახელისუფლებო მედიამ

ტერორიზმისა და ამბოხი-შეთქმულების მუხლით დაწყებულ გამოძიებას 23 ივლისს, დილიდან „მოჰფინეს ნათელი“ პროსახელისუფლებო ტელეარხებმა - „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოს ტვ“ ირწმუნებოდნენ, რომ გაირკვა, რა აინტერესებდა სუსს გამოკითხვაზე დაბარებულებისგან.

„მზადდება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ“, - ასე გახსნა 23 ივლისს, 11-საათიანი საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანია „იმედმა“.

გამოშვების წამყვანი იტყობინება, რომ ეს გამოკითხვაზე დაბარებული უკრაინაში მებრძოლი გელა კახაბრიშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინტერვიუდან ირკვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხულ გელა კახაბრიშვილსა და მის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სასამართლოს ფოიეში მხოლოდ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიკროფონები დახვდათ.

შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ, კონკრეტულად რა კითხვები უნდა დაესვათ რესპონდენტებისთვის, ანუ იცოდნენ, რა საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.

ტელეკომპანია „იმედი“: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზეა ლაპარაკი? ერთ პირზე თუ რამდენიმეზე?

გელა კახაბრიშვილი: რავი, ჩამოთვალეს რამდენიმე, მაგრამ ერთზე უფრო არის.

„იმედი“: აი, ვიზე?

გელა კახაბრიშვილი: ბიძინაზე.

„იმედი“: ბატონო გელა, ბიძინა ივანიშვილზე?

გელა კახაბრიშვილი: კი.

„იმედი“: რა ფორმით იგეგმება მასზე ტერორისტული აქტი?

გელა კახაბრიშვილი: არ ვიცი.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ეკითხება: „მისი [ბიძინა ივანიშვილის] აფეთქება იგეგმება? ტერორისტული აქტი მის წინააღმდეგ?“

რაზეც მიხეილ რამიშვილი პასუხობს:

„აფეთქება, ღმერთმა დაიფაროს... ყოველ შემთხვევაში, არის საუბარი, რომ თურმე საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება“.

23 ივლისს პროსახელისუფლებო მედიამ მაყურებელსა და მკითხველს, სუსში დაწყებული გამოძიების შესახებ დეტალები ისე მიაწოდა, თითქოს ეს ინფორმაცია მათ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შეატყობინა.

თუმცა, ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სუსის გამომძიებლებს მისთვის ფაქტად არ უთქვამთ, რომ საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მიმართ.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

„უბრალოდ კითხვები ისმებოდა ყველა მიმართულებით - როგორც პირად ცხოვრებაზე, კომუნიკაციაზეც. ფაქტად არ ყოფილა ნათქვამი, რომ იგეგმება ტერორისტული აქტი... ვნახე, ჩემზე დაყრდნობით როგორ გაშუქდა, თითქოს იგეგმება ტერორისტული აქტი და უნდა მოხდეს... აბსურდია, არ შეიძლება, ეს ინფორმაცია [რომ იგეგმება ტერორისტული აქტი] იყოს ჩემზე დაყრდნობით“, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

23 ივლისს, ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების ინტერპრეტაციით გავრცელებული ინფორმაცია დღის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა მმართველი გუნდისთვის.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ ოპოზიციური მედია, გამოკითხვაზე დაბარებულები და მათი ადვოკატები განგებ მალავდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ.

„პირველ დღეებში რატომ დამალეს მაინცდამაინც ტერორიზმი? ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს გაუთქმელობის ხელწერილზე არ აქვთ ხელი მოწერილი, გუშინ და გუშინწინ ჰქონდათ? - იძულებული გახდნენ ამაზე ელაპარაკათ... თურმე, გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას...“, - თქვა მამუკა ნადირაძემ.

სუსის დასტური პროსახელისუფლებო მედიას

მიუხედავად საქმეზე დადებული გრიფისა, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება "მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს" ატარებს და რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, უწყებამ სწორედ ამ მოტივით, 24 ივლისს, დილით ადრე (09:47 საათზე), განცხადება გაავრცელა და დაადასტურა წინა დღეს, ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმე გამოძიების აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მოწმეების გამოკითხვა.

„ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე“ დასმულ შეკითხვას 24 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ამ ინფორმაციას „შემაშფოთებელი“ უწოდა.

თქვა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების ფონზე, - და მან იგულისხმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა (13 ივლისი) და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე (15 მაისი) თავდასხმები, - საფრთხე რეალურია და „ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს“:

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა თავისი საუბარი ევროკომისართანაც, რომელიც, მისი თქმით, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა.

თუმცა კობახიძემ ამჯერად ევროკომისართან სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილსაც დაუკავშირა და თქვა, რომ თავდასხმის შესახებ ევროკომისრის გაფრთხილება, შესაძლოა, ივანიშვილსაც ეხებოდა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ, როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი... რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდებოდა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მოსალოდნელ შედეგებს.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მაშინ ირაკლი კობახიძის ბრალდებას ასე უპასუხა: „ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი კონტექსტიდან ამოიგლიჯა“;

„ეს არ არის სიმართლე“, - უთხრა მანამდე ამერიკულ გამოცემა Politico-ს ევროკომისიის სპიკერმა „მუქარასთან“ დაკავშირებით.

მიუხედავად სუსის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციისა, კვლავაც არ არსებობს პასუხები კითხვებზე, მაგალითად:

  • როდის დაიწყო ტერორიზმისა და ამბოხების საქმეზე გამოძიება?
  • ეს არის სრულიად ახალი საქმე, უახლოეს წარსულში დაწყებული თუ ნაწილია გასული წლის შემოდგომაზე დაწყებული გამოძიებისა, რომლის ფარგლებშიც სწორედ უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების სავარაუდო დანაშაულებზე იყო საუბარი.


მაშინ სუსი აცხადებდა, რომ იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ ადამიანებს ასახელებდა, მათ შორის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე), ასევე უკრაინაში მოქმედ "ქართული ლეგიონის" მეთაურს მამუკა მამულაშვილს:

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი“, - აცხადებდა გასული წლის შემოდგომაზე სუსი.

„სუსის უცვლელი სცენარი“ - შიშის ფაქტორი

თეონა აქუბარდია, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, წლებია ადევნებს თვალს ხელისუფლებების მიერ პოლიტიკურად აქტიურ პერიოდებში წარმოებულ პროპაგანდას, რომელიც ძირითადად შიშს ნერგავს.

ამბობს, რომ ის, რაც დღეს მმართველ გუნდს ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება, სწორედ შიშის ფაქტორის ამოქმედებაა.

ასე იყო 2014 წელსაც, - ამბობს თეონა აქუბარდია, როდესაც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და რომელსაც შემდგომ „საბურავების საქმე“ ეწოდა.

თეონა აქუბარდია, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.
თეონა აქუბარდია, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

„არავის ახსენდება, რომ ეს გამოძიებები დასრულებულიყოს. სუსის მიერ ახალი გადატრიალების ანონსი, სადაც, მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ ეს უწყება გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ, როდესაც დასავლეთს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.

ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები დაიწყო ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.

გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG