Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თხრილში ჩავარდნილი კაცი გაუფრთხილებლობისთვის დააჯარიმეს


თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სადაც გზის საფრის სარემონტო სამუშაოები, უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, 16 ოქტომბერს მოქალაქე საკუთარი ავტომობილით თხრილში ჩავარდა. მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაზარალებულმა პატრულის ეკიპაჟი გამოიძახა და აუხსნა, რომ ინციდენტი ცუდად განათებულ, ნახევრად დაგებულ, თხრილებიან გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობამ გამოიწვია. პატრულმა დაშავებული მოქალაქე უყურადღებობის გამო 250 ლარით დააჯარიმა.

„შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს გზის სამშენებლო მოწყობის სამუშაოები, თუმცა კონკრეტულ ადგილას არ იყო დამონტაჟებული არცერთი ნიშანი, რომელიც აღნიშნავდა და გამაფრთხილებდა იქ მიმდინარე გზის სარემონტო სამუშაოების შესახებ (ეს დასტურდება წარმოდგენილი ფოტოებითაც). გამომდინარე იქიდან, რომ იყო ღამე, დატვირთული საავტომობილო მოძრაობა და ძლიერი მტვერი, ვმოძრაობდი ძალიან ნელა, რასაც ადასტურებენ მოწმეები. მოძრაობისას ჩემი მანქანით შევეჯახე დასასრულებელი გზის მონაკვეთს, რომელიც უერთდებოდა უკვე დაგებულ ასფალტს. მათ შორის სხვაობა, დაახლოებით, 30 სმ იყო, რისი დანახვაც შეუძლებელი იყო სიბნელისა და გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო. ყოველივე ამან გამოიწვია ჩემი მანქანის მწყობრიდან გამოსვლა, აირბეგების გახსნა და იქვე დატოვებულ ღრმულში მანქანის გადავარდნა“.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

„იმ დროს, როცა პატრულ-ინსპექტორი ჩემს შემთხვევას სწავლობდა, რამდენიმე ავტომობილი დადგა იმავე საფრთხის წინაშე, რაშიც მე აღმოვჩნდი. პატრულ-ინსპექტორი შეესწრო ამ ფაქტებს, არ იღონა არაფერი მომავალში მათ აღმოსაფხვრელად, შემოიფარგლა მხოლოდ ჯარიმის გამოწერით და დატოვა ადგილი ციტატით: “მე და შენ ამას ვერ შევცვლით”.

ეს არის ნაწყვეტები განცხადებიდან, რომლითაც დაზარალებულმა მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და რომლითაც გააპროტესტა მისთვის გამოწერილი ჯარიმა და მოითხოვა ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორის კომპეტენციის საკითხის განხილვა.

დაზარალებულის განცხადება ჯარიმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით
დაზარალებულის განცხადება ჯარიმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით

„მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საპატრულო ეკიპაჟმა იზრუნოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, შეაფასოს სიტუაცია სამართლიანად და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ჯარიმების გამოწერით და ადგილის სწრაფად დატოვებით“, - ეს კიდევ ერთი ნაწყვეტია დაზარალებული მოქალაქის წერილიდან, რომლის არგუმენტებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა, ჯარიმა ძალაში დატოვა და პატრულ-ინსპექტორის პასუხისმგებლობაზე მსჯელობა საჭიროდ არ მიიჩნია.

დადგენილებაში, რომლითაც ჯარიმა ძალაში დარჩა, წერია, რომ მოქალაქე ავტომობილით დაეჯახა ადგილზე დამონტაჟებულ მიმთითებელი ჯგუფის საგზაო ნიშანს.

4.2.3.- საგზაო ნიშანი, რომელიც იყო შემთხვევის ადგილას
4.2.3.- საგზაო ნიშანი, რომელიც იყო შემთხვევის ადგილას


„დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან“. სწორედ ამ მიმთითებელი საგზაო ნიშნის არსებობის გამო ჩაითვალა, რომ მძღოლი გაუფრთხილებლობის გამო ჩავარდა თხრილში.

შსს მომსახურების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ საგზაო ნიშნებში საგზაო სამუშაოების მანიშნებლად სხვა, 1.23, გამაფრთხილებელი ნიშანია დასახელებული, რომლის გამოყენების ინსტრუქციაც ასეთია: ფრთხილებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების წარმოების შესახებ“.

საგზაო ნიშანი, რომელიც უნდა იდგას იქ, სადაც საგზაო სამუშაოები ტარდება
საგზაო ნიშანი, რომელიც უნდა იდგას იქ, სადაც საგზაო სამუშაოები ტარდება

დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში - 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო უბნის დაწყებამდე არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოების ჩატარებისას საგზაო ნიშანი 1.23 „საგზაო სამუშაოები“ შეიძლება დაიდგას სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშანი 1.23 შეიძლება დაიდგას სხვა მანძილზეც, 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად“.

კახეთის გზატკეცილზე გზის სარემონტო სამუშაოებს კომპანია “ჯეუ გრუპი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 40 მილიონს აღემატება და წერილობითი დავალების მიცემიდან 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულება ქალაქის მერიამ ამ კომპანიასთან 2019 წლის 15 მარტს გააფორმა. „ჯეუ გრუპი“ ეწევა თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასაც. კომპანიის ორივე მფლობელი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. გიორგი მარკოიშვილმა და ნინო კიკაბიძემ 2017 წელს პარტიას, ჯამში, 50 000 ლარი შესწირეს.

XS
SM
MD
LG