Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოდაძის ადვოკატი პროკურატურას მოუწოდებს უპასუხოს ჯიშკარიანის ადვოკატის ბრალდებებს


თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა, პროკურატურას მოუწოდებს, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალებზე.

ამის შესახებ თამუნა ლუკავამ რადიო თავისუფლებას მას შემდეგ განუცხადა, რაც მედიაში გავრცელდა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ თამთა თოდაძის ჩვენებები და გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს კომენტარი მარიამ კუბლაშვილმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გააკეთა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ილია ჯიშკარიანი მეექვსე დღეა მკურნალობს.

თამარ ლუკავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარემ 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა გაუთქმელობის შესახებ ოქმს, ისინი მოკლებულნი არიან ილაპარაკონ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე და იმისათვის, რომ საზოგადოებას მხოლოდ ცალმხრივად არ მიეწოდოს ინფორმაცია, გამოძიებამ საქმეზე განმარტებები უნდა გააკეთოს:

„მივმართავ პროკურატურას, რომ გააკეთოს განცხადება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც ისმის თამთა თოდაძის წინააღმდეგ, რომ თითქოს საქმეში არ არის მტკიცებულებები ან ექსპერტიზის პასუხები არ ემთხვევა თამთა თოდაძის ჩვენებებს. საზოგადოებას აუხსნან, რა ხდება რეალურად, რა ჩვენება აქვს მიცემული თამთა თოდაძეს და რა წერია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში. იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული პირველი დღიდან ითხოვს, რომ პროცესი მიმდინარეობდეს საჯაროდ, არაფერი იყოს დამალული საზოგადოებისთვის, პროკურატურას აქვს ვალდებულება, ყველა იმ კითხვაზე, რაც ისმის საზოგადოების მხრიდან, ან ყველა იმ ცილისმწამებლურ განცხადებაზე, რაც ისმის ბრალდებულის მხრიდან, უპასუხოს საჯაროდ და გააგებინოს საზოგადოებას, რა ხდება ამ საქმის გარშემო“.

პროკურატურაში რადიო თავისუფლებას მოკლე პასუხი გასცეს: „კომენტარს არ ვაკეთებთ“.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, იქ განგვიმარტეს, რომ გამოძიების მსვლელობისას საქმის დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ.

თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის თანაშემწე, თამთა თოდაძე, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო 8 ოქტომბერს, 8-დღიანი ლოდინის შემდეგ. რვა დღის თავზე წარუდგინეს ბრალი ილია ჯიშკარიანსაც, რომელიც უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი შოკისმომგვრელი იყო.

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

XS
SM
MD
LG