ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ თანაშემწის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, რომ მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანი ამბობს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.
„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.
კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო, იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.
სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“.
ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.