Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს დედაქალაქის თეირანიდან გადატანა უნდა


ირანის დედაქალაქი თეირანი
ირანის დედაქალაქი თეირანი

ირანი ისევ დედაქალაქის გადატანაზე ალაპარაკდა, ამჯერად ის თეირანიდან სამხრეთისკენ, მაკრანში გადააქვთ.

ირანის მთავრობის სპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანმა ტელეკომპანია Iran International-ის ეთერში თქვა, რომ დედაქალაქის მაკრანში გადატანისთვის ემზადებიან, მიზეზად ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორები დაასახელა. მაკრანის სანაპირო ზოლი ბელუჯისტანის პროვინციაში, ომანის ყურესთან ახლოს მდებარეობს.

თეირანი 200 წლის წინ აღა მაჰმად ხანმა დააარსა. ის ელბურსის ქედის ძირშია გაშენებული. ელბურსის თოვლიანი მყინვარები დიდი ხანია ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. თეირანის ჩრდილოეთი ნაწილი ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზეა, სამხრეთის - 1100 მეტრის. ამ განსხვავებამ დიდი მნიშვნელობა იქონია ქალაქის სოციალურ და ფიზიკურ მახასიათებლებზე.

ამ 200 წლის განმავლობაში თეირანი პატარა დასახლებიდან 9-მილიონიან მეგაპოლისამდე გაიზარდა, თუ შემოგარენის მოსახლეობასაც მივათვლით - 14 მილიონამდე. ქალაქის ფართობი 707 კვადრატული კილომეტრია. შენობების უმეტესობა - 1960 წლის შემდეგ აშენებული. მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ქალაქის გადატვირთვას იწვევს. არ ჰყოფნით წყალი, დენი... ჰაერიც კი. თეირანი იმ ქალაქების ათეულშია, რომელსაც ყველაზე დაბინძურებული ჰაერი აქვს. ის მთებითაა ჩაკეტილი, ხშირად არ წვიმს და კარგად არ ნიავდება, ქარს, პირიქით, მომწამვლელი აირები სხვა ინდუსტრიული ქალაქებიდან თეირანში მიაქვს.

დაბინძურებული ჰაერი თეირანში
დაბინძურებული ჰაერი თეირანში

თეირანი ირანის ეკონომიკური ცენტრია, ამ ეკონომიკის ძირითად ნაწილს კი ნავთობის ინდუსტრია წარმოადგენს.

Newsweek-ი წერს, რომ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დედაქალაქის გადატანაზე საუბრისას მიზეზად დაასახელა, რომ თეირანს რესურსზე მეტი ხარჯი აქვს.

„ახლა ნედლეული სამხრეთიდან ცენტრამდე მოგვაქვს, შემდეგ ვამუშავებთ და საექსპორტოდ ისევ სამხრეთში ვაბრუნებთ. ეს ჩვენს კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი სამხრეთით, ზღვასთან ახლოს უნდა გადავიტანოთ“, - თქვა მან.

დედაქალაქის გადატანის იდეას უკვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები. საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ ეს სწორია და ამასთან, მიღწევადიც. ამ პროექტის განხორციელებას, წლების გარდა, მილიარდობით დოლარი დასჭირდება და გაურკვეველია, საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა ქვეყანამ, რომელიც სანქციების ქვეშაა.

დედაქალაქის სხვაგან გადატანაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო, როდესაც 26 დეკემბერს ირანის ქალაქ ბამში მიწისძვრამ 40 ათასამდე ადამიანი შეიწირა, დაშავდა 30 ათასზე მეტი. მიწისძვრა რიხტერის სკალით 6.6 მაგნიტუდა იყო. მოსახლეობა ბამში ღარიბულ, თიხისგან აშენებულ სახლებში ცხოვრობდა, ამიტომ ქალაქი თითქმის მთლიანად დაინგრა და 45 000 ადამიანი დევნილად იქცა.

მიწისძვრა ბამში, 26.12.2003.
მიწისძვრა ბამში, 26.12.2003.

ბამი და თეირანი ირანის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობს და ერთმანეთისგან ასეულობით კილომეტრი აშორებთ. მაგრამ თეირანიც სეისმურ ზონაშია. ამიტომ ირანის მთავრობამ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, რომ დედაქალაქის უსაფრთხო ადგილას გადატანაზე იზრუნებდნენ. ბაჰრამ აკაშმა, პროფესორმა თეირანის გეოფიზიკის ინსტიტუტიდან, გამოთვალა და დაასკვნა, რომ იმავე სიმძლავრის მიწისძვრა თეირანში 700 000 ადამიანზე მეტს დახოცავდა და ყველა სახელმწიფო უწყებას დაანგრევდა.

თუ სად აპირებდნენ დედაქალაქის გადატანას, არ თქმულა. გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა ირანის ძველი დედაქალაქი ისპაანი. თუმცა, მაშინ საქმე იდეის იქით არ წასულა და თეირანი ისევ ირანის დედაქალაქად რჩება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG