Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარისკო თამაში სტრატეგიული კაპიტალით


თედო ჯაფარიძე
თედო ჯაფარიძე

თითქმის ერთი თვეა, თბილისსა და საქართველოს არაერთ დიდ ქალაქში ათეულათასობით ადამიანი (უმეტესწილად ახალგაზრდები) „რუსულ კანონად“ წოდებულ ინიციატივას აპროტესტებს. გაფიცულია მრავალი უნივერსიტეტი და უმაღლესი სასწავლებელი.

ქუჩაში დგას Gen Z-დ წოდებული თაობა, რომელმაც მალე უნდა გადაიბაროს ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები და არ დაუშვას ავტოკრატიისაკენ გადახრა, ძალაუფლების სიხელე, ცივილიზებული სამყაროსაგან გარიყვა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო, ხშირად ხელის ცეცებითა და ბორძიკით, მაგრამ მაინც დაჟინებით მიიწევდა ევროპისაკენ. დღეს ამ სამყაროს წევრობის პერსპექტივა რეალობად იქცა. ნაბიჯის აჩქარებისა და ძალისხმევის გაათმაგების ნაცვლად, ჩვენ გზაზე შევჩერდით და უკან მიბრუნება გადავწყვიტეთ. ამასობაში, ეს სამყარო ფეხზე წამოდგა და გვირჩევს, რომ „უცხოური გავლენის“ კანონის მიღება ქვეყანაში დემოკრატიას მოსპობს და საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ჩვენ კი ისევ ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ ყველა ცდება და მხოლოდ ჩვენ — კანონის მიმღებნი — ვართ მართლები. ტრაგიკომიკურია, ამ კანონს იღებდე და თან გაიძახოდე, მაინც ევროპისკენ მივდივართო, როცა ევროპა საწინააღმდეგოს გეუბნება, ხოლო მოსკოვი ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ხვდება.

ამ კანონის ინიციირების მოტივი ბუნდოვანია, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. სამაგიეროდ ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის დეკლარირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და უსაფრთხოებას ის არამც და არამც არ წაადგება. 30 წელზე მეტია დასავლეთისაკენ ვისწრაფოდით, ახლა კი აღმოჩნდა, რომ გეზი უნდა შევიცვალოთ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის, ღირებულებებზე დაფუძნებულ, ცივილიზაციურ არჩევანსა და კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს.

ამ დღეებში თბილისში, სხვა უცხოელ ოფიციალურ პირებთან ერთად, იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი. როგორც ჩანს, ქართულ მხარესთან მას საკმაოდ რთული საუბარი ჰქონდა. საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა შეხვედრის შემდეგ მოსმენილმა ორივე მხარის კომენტარებმა გამიჩინა სურვილი, მკითხველს, განსაკუთრებით სწორედ იმ Gen Z-სა (და იქნებ უკვე Gen Alpha-ს) თაობის წარმომადგენლებს ვესაუბრო დასავლეთთან, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს ურთიერთობებზე, მათ მნიშვნელობაზე საქართველოსათვის.

ისე გამოვიდა, რომ ამ ურთიერთობებში სამ ათწლეულზე მეტია ჩართული ვარ და მასზე მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა მაქვს. ამ ურთიერთობებს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში, როცა თბილისის ქუჩებში ჯერ კიდევ დენთის სუნი ტრიალებდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ურთიერთობებმა გადაარჩინა და პოსტსაბჭოური ქაოსიდან დაიხსნა საქართველო. თანამედროვე ქართული სახელმწიფო სწორედ აშშ-ის მხარდაჭერითა და მრავალმილიარდიანი დახმარებით შედგა და აშენდა როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო. ამერიკის ამ ისტორიულ „ვალს“ ვერასოდეს გადავიხდით. მას უფრო ზნეობრივი განზომილება აქვს. დღეს ნათლად ვხედავთ, რომ ამერიკელთა ინვესტიციამ ნაყოფი გამოიღო: მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს დღეს ჰყავს ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე აღზრდილი, ნიჭიერი, განათლებული და მებრძოლი ახალი თაობა, რომელიც ამ ზნეობრივ „ვალსაც“ გადაიხდის და არც ქვეყანას მისცემს საჯიჯგნად გარე თუ შიდა მტრებს.

განუზომელია აშშ-ის წვლილი ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებაში: საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანა და მესაზღვრეების გაყვანა, „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, რომელმაც თანამედროვე ქართული ჯარი შექმნა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელმაც თავიდან აგვაცილა რუსეთის მიერ საქართველოს კიდევ ერთი რეგიონის ოკუპაცია - ეს ამ დახმარების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. სწორედ აშშ დაგვეხმარა იმაში, რომ კასპიის ენერგორესურსები დასავლურ ბაზრებზე სწორედ საქართველოს გავლით გადის, რამაც საბჭოთა იმპერიიდან თავდაღწეულ, ომებგამოვლილ, გაჩანაგებულ და ჩაბნელებულ ქვეყანას მსოფლიო რუკაზე სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია შესძინა.

ცალკე უნდა გამოვყო პროექტები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ანუ მათ სიცოცხლეს უკავშირდება. ბატონმა ამირან გამყრელიძემ, გლობალური და ევროპული ჯანდაცვის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, უნიკალური ფაქტები გამიზიარა:

  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით შეიქმნა და დაფინანსდა პროგრამები, რომლებმაც გარდატეხა მოახდინეს გარდამავალი პერიოდის ჯანდაცვის რეფორმაში.
  • აშშ-მა დააფინანსა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც საქართველო სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია და მსოფლიოს 12 მოწინავე ქვეყანას შორის დაუმკვიდრა ადგილი.
  • ამ დახმარების მაგალითია რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნა. ლუგარის ცენტრი საქართველოში ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც უნიკალურია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
  • ხაზგასასმელია COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ამერიკის დახმარება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სათავო ოფისი უწყვეტ რეჟიმში უზიარებდა ინფორმაციას ქართველ კოლეგებს, ამარაგებდა მათ დიაგნოსტიკისათვის საჭირო მასალით, უზრუნველყოფდა პერსონალის გადამზადებასა და ოპერაციული ცენტრის მუშაობას.

მახსოვს ბევრი ძნელი, რთული, ხისტი, ზოგჯერ უკიდურესად მძიმე საუბრები ამერიკულ მხარესთან. ერთ რამეს მინდა განსაკუთრებულად ხაზი გავუსვა. არასდროს - ხაზსუსვამ, არასდროს (!) - ამერიკული დახმარება საქართველოსათვის არ ყოფილა გარიგების ან, იძულებითი, „ცალ ფეხზე ხტუნაობის“ საგანი. პირიქით, ამერიკის დახმარება ყოველთვის მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველო მყარად მდგარიყო ორივე ფეხზე და დამოუკიდებლად მიეღო საკუთარი სუვერენული, მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

დემოკრატია მძიმე ჯვარია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარი მხრებით უნდა ზიდონ იმ რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, რომელსაც დემოკრატიის კონსოლიდაცია ჰქვია. მოქალაქეებს არ უნდა შევთავაზოთ არჩევანი „ეფექტურსა“ და „წარმომადგენლობით“ დემოკრატიას შორის. ხელისუფლება ოპოზიციას მომავალ ხელისუფლებად უნდა აღიქვამდეს და ოპოზიციაც ისე უნდა იქცეოდეს, როგორც მომავალი ხელისუფლება. ეს გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიისა და, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობასაც, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი ატრიბუტია. ის პოლიტიკურ პროცესს უნდა ეხმარებოდეს და არ ჰქონდეს პოლიტიკის კეთების პრეტენზია. ერთმანეთს უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ და სტანდარტები ავამაღლოთ. ამასთან, სტრატეგიულად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და ვინ ვართ.

საქართველოს საგარეო პოლიტიკას ჩვენი გეოგრაფია განსაზღვრავს, რასაც თან შეზღუდვებიც ახლავს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ უდიდესი ძალისხმევის ფასად მოახერხა სამხრეთ კავკასიის რეგიონის საბჭოური მანკიერ-მოჯადოებული წრის გარღვევა. პატარა ქვეყანამ დაანგრია ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის დომინირებით შექმნილი ასიმეტრია, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარა. ჩვენ შევძელით ქვეყნის მიმართ აშშ-ის ინტერესისა და რეგიონის ცხოვრებაში მისი ჩართულობის შენარჩუნება, რაც იოლი არ იყო.

ქართველი ხალხის დასავლეთისაკენ სწრაფვა მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას არ მოიცავს. ჩვენს ურთიერთობებში, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების, პრინციპების და პრაქტიკის გაზიარება, მათი ცხოვრებაში დამკვიდრება. დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დაუხმარებლად და ამ ღირებულებების უგულებელყოფით შეუძლებელია დასავლურ სამყაროში „დაბრუნება“. ჩვენს პოლიტიკოსებს უყვართ ხაზგასმა, რომ ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. შეიძლება ეს პარტნიორი ზოგჯერ ზედმეტად მომთხოვნიც გვეჩვენოს, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ, როგორც ნამდვილ მეგობარს, მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო, მუდმივი პროგრესი და განვითარება სურს ჩვენთვის. ჩვენი თანმიმდევრული განვითარება, სტაბილურობა და აღიარებული წარმატებები დემოკრატიის, კანონიერებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საკითხში, ჩვენი ქვეყნის რეფორმირებისა და მოდერნიზების გზაზე, მჭიდროდ უკავშირდება სწორედ ამერიკას და მის მხარდაჭერას.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის, განსაკუთრებით შეერთებული შტატების, ჩართულობა ბუნებრივი მოცემულობა არ გახლავთ. მათი მხრიდან ეს გაცნობიერებული პოლიტიკური ვალდებულებაა. პარტნიორების მიმართ უმადურობა და აგრესია, მათი აბუჩად აგდება, „სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობაში“ დადანაშაულება, საბოლოოდ აუცილებლად გამოიწვევს, მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის დაკარგვას. ქვეყნის შიგნით ძალაუფლების შენარჩუნებისათვის გაშმაგებულ ბრძოლაში ჩართულებს, ეს ხშირად გვავიწყდება. თუ ქვეყნის საგარეო კურსი ყოველი არჩევნების წინ სასწორზე შევაგდეთ, დასავლელ პარტნიორებს დავკარგავთ. ეს გამოწვევა გონივრულად უნდა გავიაროთ და სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტები არ ჩამოვშალოთ. რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ „კარგ ახალ ამბად“ უნდა გვხედავდნენ, და არა მუდმივ „თავის ტკივილად“.

ზოგს თავი „გეოპოლიტიკის კორიფედ“ მოაქვს და სჯერა, რომ მსოფლიო მოწყობის „საიდუმლო“ ამოხსნა. იმის ძახილი, რომ ყველაფრისა და ყველას დამაკავშირებელი ხიდი ვართ და განსაკუთრებული „გეოპოლიტიკური ღირებულება“ გვაქვს, ღიმილის მომგვრელია. შეთქმულების თეორიების ქადაგება და „გლობალური ომის პარტიითა“ და მსგავსი ფანტასმაგორიებით საზოგადოების გაუთვითცნობიერებელი ნაწილის დაშინება, გასაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირთა მხრიდან, ნაცრითა და ჯოხით „მსოფლიო პოლიტიკაზე“ მჩხიბაობას ჰგავს და არაფერი აქვს საერთო სერიოზულობასთან, პასუხისმგებლობასთან, საერთაშორისო პოლიტიკის ცოდნასა და რეალობასთან.

დღევანდელ რეალობაში მსოფლიო ძალის ცენტრებს შორის დიდ გეოპოლიტიკურ „თამაშში“ ჩართვა ურთულესი განტოლებაა და მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და მოქნილობას. სინამდვილეში ამგვარი დაუბალანსებული პოლიტიკა რეგიონიდან დასავლეთის გასვლას გამოიწვევს და რუსეთის პირისპირ დაგვტოვებს. ყველამ კარგად უწყის, როგორ ექცევა სუსტებს კრემლი. პირშერცხვენილები ვეღარ მივირბენთ დასავლეთთან მხარდაჭერის სათხოვნელად და ქვეყანა კრემლის ხახაში აღმოჩნდება. მერწმუნეთ, რუსეთის გავლენის სფეროში ჩარევით არც ჩინეთი შეიწუხებს თავს.

თუმცა, ისევ ამერიკას დავუბრუნდეთ. იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამერიკელებს კარგად ემახსოვრებათ, როგორ ვექცეოდით მათ ელჩს და, აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. დიდ და განვითარებულ ქვეყნებს ხანგრძლივი ინსტიტუციური მეხსიერება აქვთ. ელჩები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. მათ უკან სახელმწიფო დგას. ელჩის შეურაცხყოფა და ათასგვარ შეთქმულებაში დადანაშაულება ამერიკის შეურაცხყოფის ტოლფასია. ეს არის დიპლომატიის ანა-ბანა, რომელიც ხელისუფლებაში მყოფებს, წესითა და რიგით, კარგად უნდა ესმოდეთ. წინასაარჩევნო ციებ-ცხელების მიუხედავად, აშკარაა, რომ ვაშინგტონი ძველებურად უჭერს მხარს საქართველოსა და ქართველ ხალხს. ამ პირობებში ჩვენთვისვე უკეთესი იქნება, თუ თავს დავანებებთ სარისკო თამაშებს ჩვენი ერთადერთი სტრატეგიული კაპიტალით.

არ მინდა, ვინმემ ეს ტექსტი ამერიკის აპოლოგიად აღიქვას. ამერიკას ჩემი დაცვა და გამოქომაგება არ სჭირდება. ამერიკის შეერთებული შტატები ძლევამოსილი სახელმწიფოა - გლობალური მოთამაშე, რომელსაც პრაგმატულობა და, ზოგჯერ, სიხისტეც ახასიათებს. ბევრს იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეული ძალების გამარჯვება, აშშ-ს შიდა ქაოსში ჩაძირავს და მის საერთაშორისო ავტორიტეტს შეასუსტებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში თვითაღდგენის მძლავრი რესურსია ჩადებული და შიდა თუ გარე გამოწვევებს ეს ქვეყანა სწრაფად და წარმატებით გაუმკლავდება.

საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ ურთულეს, უაღრესად მტკივნეულ პერიოდში უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჯანსაღი, პრაგმატული პარტნიორობა და მეგობრობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ მწვავე გლობალურ დაპირისპირებაში, რომლის ფრონტის ხაზიც ღირებულებებზე გადის, ამერიკასაც სჭირდება ჩვენი მორალური თანადგომა, რადგან მწვავე ცივილიზაციურ კონფლიქტში, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის მოშლასა და იმგვარი ქაოსის დაბრუნებას, სადაც ძლიერს სუსტის დაჩაგვრა შეეძლება, ამერიკა სწორედ მცირე ქვეყნების სუვერენულ მომავალსა და ინტერესებსაც იცავს.

თედო ჯაფარიძე,

საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

თბილისი, 16 მაისი, 2024

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG