კულტურის მინისტრი, როგორც პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირი, ცხადია, შეიძლება პოლიტიზებული იყოს, შეიძლება პარტიულ დავალებასაც ასრულებდეს, შეიძლება სრულ მორჩილებაშიც კი იყოს პარტიულ ლიდერთან ან ბელადთან, მაგრამ რაღაც კვალიფიკაციას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს; მისი პოლიტიზება, მისი პარტიულობა თუ მორჩილება, გინდა თუ არ გინდა, რაღაც კულტურულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს და ეს უნდა ჩანდეს მაშინაც, როცა კულტურის მინისტრი პარტიის მტრებს ებრძვის და მაშინაც, როცა პარტიას ან მის არაფორმალურ ლიდერს ასხამს ხოტბას.
შორს რომ არ წავიდეთ, სამაგალითოდ გამოდგება თეა წულუკიანის წინამორბედი, მათემატიკის დოქტორი, მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც, ალბათ, გახსოვთ, არც მეტი და არც ნაკლები, ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა ბიძინა ივანიშვილი.
„ყოველი ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია... ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას“, - აი, ასეთი კულტურული პირმოთნეობის მაღალი სტანდარტი „დადო“ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანს კი კლასი არ ეყო, როცა ჟურნალისტისათვის წართმეული მიკროფონით, აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე მდგომმა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ „ბიძინას გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს!“ ეყვირა. ამას შეძლებდა სუფრასთან მჯდომი მმართველი პარტიის ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური აქტივისტი, კულტურის მინისტრს კი, ცხადია, მეტი მოეთხოვება.
კულტურის კულტურულ მინისტრს შეეძლო ბატონი ბიძინა აკაკი ხორავას რეპერტუარის ანდა აკაკი ხორავას სტალინისადმი დამოკიდებულების კონტექსტის გათვალისწინებით ექო და ედიდებინა, თუნდაც როგორც თამადას, ოღონდ არა გაფოლკლორებულ თამადას („ჯოს! ჯოს!“ მთქმელს), არამედ აკადემიურს, როგორი თამადაც აკაკი ხორავა იყო და როგორადაც იგი გამოხატავდა ბელადისადმი მოწიწებას თუნდაც სადღეგრძელოებში, თუნდაც ლექსების თქმისას:
შენგან, შენ მიერ, ვით შევარდენი,
შენს გმირულ მკერდზე დავიზარდენით
და რაც დამაგრდა შენი მარჯვენით,
გახდა სიმაგრე გაუტეხელი!
მაგრამ თეა წულუკიანი არ არის "კულტურული მინისტრი". თეა წულუკიანს, ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე, არც ოტელო გაახსენდა და არც - ყარაჩოღელი გიჟუა. თეა წულუკიანი მოიქცა როგორც თავზეხელაღებული კინტო, როცა ჟურნალისტს ხელიდან მიკროფონი გამოსტაცა და, როცა მოითხოვა, „ბიძინას გაუმარჯოს“ გაიმეორეთ, ამყევითო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სპონტანურად, წინასწარი განზრახულების გარეშე გააკეთა, თავისი შინაგანი კულტურის შესაბამისად, მაგრამ ისიც ნიშანდობლივია, რომ არც თანაპარტიელებმა და არც სახელმწიფო ინსტიტუტებმა არაფერი გააკეთეს დროში განგრძობილი დანაშაულის აღსაკვეთად.
ცხადია, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში წულუკიანი გამონაკლისი არ არის. თუკი რამე აერთიანებთ მმართველი პარტიის დღევანდელ ლიდერებს, სწორედ ამგვარი შინაგანი კულტურაა - მორჩილების, ძველბიჭობის, ფსევდორელიგიურობისა და ფსევდოეროვნულობის ერთგვარი მიქსი, რომელიც მიზანშეწონილებას კანონის უზენაესობაზე მაღლა აყენებს, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას ამართლებს.
...მაგრამ დავუბრუნდეთ კულტურის მინისტრს. ცხადია, კულტურის მინისტრობა გულისხმობს კავშირს კულტურასთან, კულტურის ერთ ან რამდენიმე დარგთან. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში - ამგვარი კავშირის სწორხაზოვანი დემონსტრირება იყო და ის ძალიან ჰგავდა საქართველოში ბოლო დროს ფეხმოკიდებულ ეთნოგრაფიულ სანახაობას მაისურებზე დახატული ჩოხებითა და ტალავარებით, რომელთა მაგივრობას საქართველოს მთავრობას სამუზეუმო ექსპონატები - ოდა-სახლები და ხის დაწნული ღობეები უწევდა, თუმცა, ღობეებს, როგორც აღმოჩნდა, კულტურის სამინისტრომ, სხვა, მეტად პრაქტიკული დანიშნულებაც მოუძებნა: სწორედ ამ ტყრუშულით გამიჯნა ერთმანეთისგან ხელისუფლება და მედია.
ტყრუშულით ანუ მსხვილი წნელის ღობით მედიისგან იზოლირება ზუსტად ასახავს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დღევანდელ მდგომარეობას, მის შეუსაბამობას დროსთან და სივრცესთან, მომავალზე კი სამინისტროში დაწერილი ათწლიანი გეგმის მიხედვით შეიძლებოდა გვემსჯელა, მაგრამ თეა წულუკიანის ნაქები ლაბორატორიის დანიშნულებამ, უფრო ზუსტად, მინისტრის ხედვამ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, მინისტრის სპორტთან კავშირის შემთხვევითობაც წარმოაჩინა.
„ასეთ ლაბორატორიაში შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი წარმატებული კარიერა და მაგალითისთვის ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელსაც შეიძლება დავუფასოთ თვითირონიის იშვიათი მცდელობა, მაგრამ ვერაფრით მოუწონებთ ვერც კალათბურთის ისტორიის არ ცოდნას და ვერც დისკრიმინაციულ მიდგომის გამართლებას.
სიმაღლე რომ განაჩენი არ არის, ეს დიდი ხანია, დაამტკიცეს NBA-ის ვარსკვლავებმა: 170 სმ-ის სპად ვებმა, 175-175 სმ-ის აიზეა ტომასმა და ნეით რობინსონმა, რომ არაფერი ვთქვათ ტაირონ კერტისზე («Muggsy» Bogues), რომელიც სულ რაღაც 160 სმ სიმაღლისაა, მაგრამ 14 სეზონი ითამაშა კალათბურთის ეროვნულ ასოციაციაში, თუმცა ასე რომც არ იყოს, განა მინისტრს უნდა ესწავლებოდეს, რომ სპორტი პირველ რიგში ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის არის კარგი და მთავრობისთვისაც ეს უნდა იყოს პრიორიტეტი? ლაბორატორიის იმგვარად გამოყენება, როგორც მინისტრმა აღწერა, განა არ დააზიანებს ბავშვებს? არ შელახავს მათ საუკუთესო ინტერესებს?
ალბათ, მინისტრი ისეთი ლაბორატორიების შექმნასაც მიესალმება, რომლებიც ე.წ. გენეტიკური ანალიზის, ტვინის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევებით, ბავშვების არა მარტო სპორტულ კარიერას, არამედ მთელ ცხოვრებას დაგეგმავენ. განა, ღირს გავიხაროთ მხოლოდ იმ პერსპექტივით, რომ კულტურის სამინისტროს შორეულ მომავალში მაინც შესაბამისი ღირებულებებისა და კომპეტენციის ადამიანი გაუძღვება?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.